გაიცანით და იამაყეთ: ეკატერინე გორგოძე - ქართველი ჩოგბურთელი ქალი, რომელიც არასდროს ნებდება - Marao

გაიცანით და იამაყეთ: ეკატერინე გორგოძე - ქართველი ჩოგბურთელი ქალი, რომელიც არასდროს ნებდება

2026-07-07 11:33:58+04:00

თანამედროვე პროფესიონალური ჩოგბურთი ხშირად ასოცირდება თინეიჯერ ვარსკვლავებთან, რომლებიც სპორტის მწვერვალებს იპყრობენ. თუმცა, არსებობს სრულიად განსხვავებული და დრამატული ისტორიები. სწორედ ასეთი, განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფიგურაა ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე. 

ekaterine-gorgodze

ეკატერინე გორგოძის ბიოგრაფია

ეკატერინე გორგოძე 1991 წლის 3 დეკემბერს დაიბადა. მისი სიყვარული ჩოგბურთისადმი ადრეულ ასაკშივე გამოიკვეთა. თუმცა, საქართველოში პროფესიონალ ჩოგბურთელად ჩამოყალიბება უამრავ ფინანსურ თუ ინფრასტრუქტურულ სირთულესთან იყო დაკავშირებული. 

მისი პირველი სერიოზული აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე 2007 წელს დაიწყო, როდესაც სულ რაღაც 15 წლის ასაკში პირველად მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური "ფედის თასზე“, ამჟამად ბილი ჯინ კინგის თასი. ნაკრებში გატარებული წლები ეკასთვის მხოლოდ სტატისტიკა არ ყოფილა, ის გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. წლების განმავლობაში გამართულ შეხვედრებში მან საქართველოს ნაკრებს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

ekaterine-gorgodze

ეკა გორგოძის კარიერა

სპორტსმენთა დიდ ნაწილს WTA-ს ძირითად ტურში დებიუტი ადრეულ ასაკში აქვს, თუმცა ეკას შემთხვევაში ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი გამოდგა. მისი დებიუტი 2012 წელს ბაქოს ტურნირზე შედგა, სადაც ორგანიზატორებმა wildcard გადასცეს. ამის შემდეგ დაიწყო გრძელი, დამღლელი, მაგრამ აუცილებელი ეტაპი ITF-ის რანგის ტურნირებზე, სადაც ეკა რეიტინგულ ქულებსა და გამოცდილებას აგროვებდა. მან ამ დონეზე სარეკორდო რაოდენობის, 19 ერთეულთა და 38 წყვილთა ტიტული მოიპოვა, რაც მის უპრეცედენტო სტაბილურობაზე მეტყველებს.

29 წლის ასაკში, როდესაც ბევრი სპორტსმენი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, გორგოძემ კარიერის პიკს მიაღწია. მან გაიარა ურთულესი საკვალიფიკაციო ეტაპები და დებიუტი ჰქონდა WTA 1000-ის და WTA 500-ის პრესტიჟულ ტურნირებზე. იმავე წელს მან აისრულა ნებისმიერი ჩოგბურთელის ოცნება და კარიერაში პირველად ითამაშა დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში, საფრანგეთის ღია პირველობაზე.

მისი WTA დებიუტიდან ზუსტად 9 წლის თავზე, პოლონეთის ღია პირველობაზე, ეკამ უმაღლეს ტურში თავისი პირველი მატჩი მოიგო, რასაც მალევე მოჰყვა მეორე გამარჯვებაც და კარიერაში პირველი WTA მეოთხედფინალი.

მსოფლიო ელიტაში შესვლა

2021 წლის წარმატებებმა საფუძველი ჩაუყარა ეკას კარიერის საუკეთესო სეზონს. 2022 წლის მაისში მან ერთეულთა რეიტინგში თავის მაქსიმუმს მიაღწია და მსოფლიოს 108-ე ჩოგანი გახდა, რაც მას საშუალებას აძლევდა ტურნირებზე პირდაპირი საგზურით მოხვედრილიყო. ასე ითამაშა მან ლეგენდარულ უიმბლდონის ჩემპიონატზეც.

ekaterine-gorgodze

პარალელურად, გორგოძემ ნამდვილი ფურორი მოახდინა წყვილთა თანრიგში. მისი და რუმინელი ირინა ბარას ტანდემი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ძალად იქცა ტურში. ეკამ მოიგო ორი WTA ტიტული და ექვსი WTA 125  ტურნირი. ამ ბრწყინვალე სერიამ იგი მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ორმოცდაათეულში შეიყვანა. 2022 წლის აგვისტოში ეკატერინემ წყვილებში 43-ე პოზიცია დაიკავა.

დაბრუნება ბუქარესტში

ჩოგბურთში ფორმის მწვერვალზე ყოფნას ხშირად მოსდევს ვარდნა, ტრავმები თუ ფსიქოლოგიური გადაღლა. 2022 წლის პიკის შემდეგ, გორგოძის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია.

2024 წლის სექტემბერში, როდესაც ის რეიტინგში უკვე 426-ე ადგილზე იმყოფებოდა, ბუქარესტის ტურნირზე, მან საკვალიფიკაციო ბადე ბრწყინვალედ დაძლია, ძირითად ეტაპზე კი ზედიზედ დაამარცხა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიც არიან სიმონა ვალტერტი, ალიონა ბოლსოვა და მარი ბენუა. ამ ერთმა ტურნირმა იგი რეიტინგში თითქმის 100 პოზიციით დააწინაურა.

ეკატერინე გორგოძის დიდი სლემის ერთეულთა შედეგები:

  • ავსტრალიის ღია პირველობა -1 ეტაპი
  • საფრანგეთის ღია პირველობა -2 ეტაპი
  • უიმბლდონი2 ეტაპი
  • აშშ-ის ღია პირველობა -2 ეტაპი