პარიზის მაღალი მოდის კვირეული ტრადიციულად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერების, მოდელებისა და ვარსკვლავების თავშეყრის ადგილია, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება დევა კასელმა მიიპყრო. მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი Dior Haute Couture Fall/Winter 2026–2027-ის ჩვენებას დაესწრო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე მოდის სამყაროში საკუთარი ადგილი უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა.
შოუ, რომელიც პარიზის როდენის მუზეუმის ბაღებში გაიმართა, Dior-ისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მოდის სახლმა წარმოადგინა ჯონათან ანდერსონის მორიგი მაღალი მოდის კოლექცია, სადაც სკულპტურული ფორმები და ბუნებით შთაგონებული დეტალები დომინირებდა. სწორედ ამ დახვეწილ გარემოში გამოჩნდა დევა კასელიც, რომელმაც ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.


დევამ ამ დღისთვის კლასიკური, თუმცა თანამედროვე სტილი აირჩია. თეთრი, იდეალურად მორგებული პერანგი შავ მაღალწელიან ატლასის ქვედაბოლოს შეუხამა, რომელსაც მოცულობითი თეთრი დეკორი ამშვენებდა. ერთი შეხედვით მინიმალისტური კომბინაცია სინამდვილეში Dior-ის ხელწერას სრულად ასახავდა - მკაფიო ხაზები, დახვეწილი სილუეტი და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება.
სტილის მთავარი ხიბლი სწორედ ბალანსში იყო. თეთრი პერანგი კლასიკურ ელეგანტურობას ქმნიდა, ხოლო ატლასის ტექსტურა და დეტალები ლუქს თანამედროვე მოდის ელფერს სძენდა.


21 წლის დევა კასელი უკვე აღარ არის მხოლოდ ცნობილი მშობლების ქალიშვილი. იგი Dior-ის ელჩია, წარმატებული მოდელი და მსახიობი, რომელიც რეგულარულად ჩნდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის ღონისძიებებზე. ბოლო წლებში მისი კარიერა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, ხოლო ყოველი საჯარო გამოჩენა მოდის კრიტიკოსებისა და სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
პარიზში გამართულ Dior Haute Couture 2026–2027-ის ჩვენებაზე დევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ზედმეტი ეფექტები საჭირო არ არის. დახვეწილი სილუეტი, იდეალურად შერჩეული დეტალები და თავდაჯერებული მანერა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის შოუს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ სტუმრად დასახელებულიყო.