ქართული თეატრის ისტორიას ბევრი ისეთი ხელოვანი ახსოვს, რომელთა ცხოვრებაც თავიდანვე სცენასთან, კულისებსა და შემოქმედებით ძიებებთან იყო დაკავშირებული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ელენე სიბილა.

ელენა სიბილას ბავშვობა
ელენე თბილისში, ძველი თეატრის მსახიობის, ივანე მჭედლიშვილის ოჯახში დაიბადა. მამის სახლი თეატრის მოყვარულთა თავშეყრის ერთგვარ კერას წარმოადგენდა, სადაც ხელოვნებაზე საუბრები და შემოქმედებითი ატმოსფერო მუდმივად ტრიალებდა. სწორედ ამ გარემომ ჩაუსახა ახალგაზრდა ელენეს მსახიობობის დაუძლეველი სურვილი, რასაც ხელს უწყობდა მისი გამორჩეული, სცენური გარეგნობაც.
1922 წელს, თბილისის მე-13 ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრებისთანავე, მან ნაბიჯი თეატრალური სამყაროსკენ გადადგა. მისი დებიუტი 1922 წელს სპექტაკლ „ხანუმაში“ შედგა. იმავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრის დასში, რითაც ოფიციალურად დაიწყო მისი პროფესიული კარიერა.

მარჯანიშვილის თეატრამდე
სანამ დედაქალაქის წამყვან სცენას დაუბრუნდებოდა, ელენე სიბილამ რთული, მაგრამ უზომოდ პროდუქტიული შემოქმედებითი გზა გაიარა. მთელი 10 წლის განმავლობაში ის ე.წ. მოსიარულე თეატრის მსახიობი იყო, რაც მუდმივ გადაადგილებასა და სხვადასხვა რეგიონში სპექტაკლების გამართვას გულისხმობდა.
ამ პერიოდში იგი ქუთაისის თეატრში, სოხუმის თეატრში, ფოთის თეატრში, ჭიათურის თეატრში დადიოდა.
ამ მდიდარმა გამოცდილებამ მისი სამსახიობო ოსტატობა დახვეწა და ელენე სიბილა უკვე კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხდება, სადაც მისი ნიჭი სრულიად ახალი მასშტაბით აელვარდა.

გამორჩეული როლები და შემოქედება
თავისი კარიერის განმავლობაში ელენემ მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი სახეები შექმნა: "აღლუმი", „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „გიორგი სააკაძე“, „ქვის სტუმარი“, „მგლის ბილიკი“, „ოტელო“ და სხვა.
ელენე სიბილას შემოქმედება მხოლოდ დრამატული თეატრის სცენით არ შემოიფარგლებოდა. 1928-1937 წლებში იგი შეთავსებით მუშაობდა თოჯინების თეატრში, რითაც პატარა მაყურებლის გულების მოგებასაც ახერხებდა.
გარდა ამისა, მისი ხავერდოვანი და გამომსახველი ხმა ხშირად ისმოდა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ გადაცემებში, ხოლო კინოსტუდიაში იგი აქტიურად მონაწილეობდა ფილმების გაჟღერებასა და გახმოვანებაში.