ზაფხულის სეზონზე პიკნიკები, ექსკურსიები და ბუნებაში დასვენება განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა მაღალი ტემპერატურა საკვებით მოწამვლისა და სხვადასხვა ინფექციის განვითარების რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოტე მათითაშვილის პოდკასტში, "კოტკასტი" საუბრობს იმ ძირითად წესებზე, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
მაიას თქმით, ბუნებაში გასვლისას საკვების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი კვება ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, პიკნიკისა და ექსკურსიის დროს მთავარი პრიორიტეტი საკვების უსაფრთხოება უნდა იყოს.
"პიკნიკზე, როცა მივდივართ, ძალიან კარგია მშრალი საკვები, ინდივიდუალურად დაფასოებული სნეკები. ზოგადად, ახლა ყველგან ჯანსაღი კვების პროპაგანდაა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც პიკნიკზე ან ექსკურსიაზე მიდიხარ, ცოტა ხნით შეიძლება გვერდზე გადავდოთ ჯანსაღი კვების პრინციპები და, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ მიკრობებისგან დავიცვათ თავი. ამ დროს ხემსები და მშრალი საკვები უფრო უვნებელია,|" - ამბობს მაია.

ინფექციონისტის განმარტებით, თუ ხილისა და ბოსტნეულის წაღებას ვაპირებთ, ისინი სახლში საფუძვლიანად უნდა გავრეცხოთ, თუმცა აუცილებლად მთლიანი სახით უნდა წავიღოთ
"წინასწარ სახლში კარგად გარეცხილი ბოსტნეული და ხილი უნდა წავიღოთ, ოღონდ არა დაჭრილ მდგომარეობაში, რადგან დაჭრილი ხილი და ბოსტნეული მიკრობების გავრცელების კარგი საშუალებაა. გარეცხვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორებიანი ზედაპირის მქონეს, როგორიცაა კიტრი, გადავლება არ შველის, ის ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს,"- ამბობს მაია.

მაია ბუწაშვილი ასევე ამახვილებს ყურადღებას მზის სხივების გავლენაზე და ამბობს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მზე კანს ასუფთავებს, სინამდვილეში მცდარია. მისი თქმით, განსაკუთრებით აკნესკენ მიდრეკილ ადამიანებში არსებობს მითი, რომ ულტრაიისფერი სხივები კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, თუმცა რეალურად პროცესი საპირისპიროდ მიმდინარეობს.
"არსებობს მითი, რომ მზის სხივები ძალიან კარგია და კანს ასუფთავებს. ვისაც აკნესკენ მიდრეკილება აქვს, სჯერა, რომ კანი გასუფთავდება ულტრაიისფერი სხივებით, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქითაა. შეიძლება გარკვეულ ნაწილზე პოზიტიური გავლენაც იქონიოს, მაგრამ ულტრაიისფერი სხივები ჩვენი კანის მეგობრულ ფლორას, ბაქტერიებს აზიანებს და წინა პლანზე ჩვენთვის არასასურველი მიკროორგანიზმები მოდიან, რამაც შესაძლოა კანის სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ჩირქოვანი ინფექციები, რომელთა მოცილებაც მერე ძალიან რთულია. ამიტომ ულტრაიისფერ სხივებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. ზოგჯერ, როცა კანი დამწვარია და ძვრება, ამ დროს მექანიკური ბარიერული ფუნქცია ირღვევა და შეიძლება კიდევ შეიჭრან მიკროორგანიზმები," - თქვა მაიამ.
