„პალიტრა L“-ის ლიტერატურული ტურნე ლაგოდეხში გრძელდება - Marao

„პალიტრა L“-ის ლიტერატურული ტურნე ლაგოდეხში გრძელდება

2026-07-08 15:30:29+04:00

9 ივლისს გამომცემლობა „პალიტრა L“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში ლაგოდეხს ეწვევა. ტურნეს უმასპინძლებს „ჩემი ევროპული სკოლა“ (9 აპრილის ქუჩა N42), სადაც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და ლიტერატურული პროგრამები, ვორქშოპები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.

„პალიტრა L“ ტრადიციულ საზაფხულო ტურნეს წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. პროექტის მთავარი იდეაა, წიგნი თავად მივიდეს მკითხველთან და ზაფხულის სეზონი კითხვის სეზონად აქციოს.

„ზაფხული, შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის. ზაფხული - აი, ეს არის კითხვის დრო და ჩვენს წიგნებში ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა,“ - აცხადებენ „პალიტრა L“-ში.

9 ივლისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

დღის პროგრამა კი შემდეგნაირია:

  • საბავშვო პროგრამა 14:00 საათზე ვასო გულეურთან ერთად ლექსების ვორქშოპით დაიწყება. ვორქშოპზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციით არის შესაძლებელი.
  • 15:00-18:00 საათამდე „პალიტრა სტუდია“ ბავშვებს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. პროგრამაშია წიგნების კითხვა, მხიარული შეკითხვები, აპლიკაციების შექმნა, ფაზლების აწყობა, მემო თამაშები, ლიტერატურული გმირების გასაფერადებლები და შეხვედრა ვასო გულეურთან.
  • 18:00 საათზე მოეწყობა ანიმაციური ფილმ „მოანას“ ჩვენება. 
  • ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში 16:00 საათზე მწერალი დათო გაბუნია ჩაატარებს „სკრიპტორიუმის“ საჯარო ლექციას თემაზე „მწერლობა, როგორც ხელობა“, რის შემდეგაც გაიმართება Storytelling-ის ვორქშოპი. მასზე დასწრება ასევე წინასწარი რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი.

ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L“ სტუმრებს სპეციალურ აქციებსაც შესთავაზებს:

  • გადაიხადე, რამდენიც გინდა -  შერჩეულ წიგნებზე ფასს თავად მკითხველი განსაზღვრავს;
  • 3 წიგნი 10 ლარად - სამი წიგნის შეძენა მხოლოდ 10 ლარად იქნება შესაძლებელი.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ტურნე საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ლაგოდეხის შემდეგ „პალიტრა  L“ საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათს, წყალტუბოსა და ბათუმს ეწვევა. თითოეული გაჩერების დეტალური პროგრამა ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

R