მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი "დიდი პატარა პოდკასტის" სტუმარი იყო, სადაც მსახიობმა დედობაზე და ამერიკაში ცხოვრებაზე ისაუბრა.
- ყველა დედას გვინდა, რომ საუკეთესო დედები ვიყოთ, მაგრამ მუდმივად გვეშინია, ვაითუ ყველაზე მეტ შეცდომას სწორედ ჩვენ ვუშვებთ. ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა ჩათვალოს, რომ მისთვის სამყაროში საუკეთესო დედა ვარ, მაგრამ არ ვიცი, გამომივა თუ არა ეს.
ჩემი შვილი ალბათ მეტყოდა, რომ "ქრინჯი" ვარ, რადგან ხშირად ვცანცარებ. მგონია, რომ ეს არ მოსწონს და რცხვენია კიდეც, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მოსწონს კიდეც?
რაც შვილები მყავს, სულ იმას ვნატრობ, რომ მათთან ერთად გატარებული დღეები დაუსრულებლად განმეორდეს. მათთან ერთად ყველაფრის კეთება მიყვარს, თუმცა ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინ ვარ, როცა დღის ბოლოს, ძალიან დაღლილებს ჩავეხუტები და ჩემს მკლავებში ტკბილად ჩაეძინებათ.
- სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მენატრება საქართველო. მენატრება დედა, ქუჩები და ის, თუ როგორ იცვლება ისინი სხვადასხვა სეზონზე. ზამთარში განათებული ქალაქი მიყვარს, გაზაფხულსა და ზაფხულში - აყვავებული და ატყავებული ხეები; მოკლედ, ყველაფერი მიყვარს და მენატრება.
ამერიკა მომწონს. ფილმებიდან და სერიალებიდან სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ მაინც კარგია. უკვე შევეჩვიე კიდეც - 11 წელია, აქ ვცხოვრობ. ბავშვობაშიც ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე, თუმცა ვერ წარმოგვედგინა, ამას როგორ შევძლებდი. უფრო სამოგზაუროდ წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ აქ დასახლება მომიწია.
ამერიკაში ჩასულს, სადაც საერთოდ არავინ მიცნობდა, თავიდან ცოტა და კომპლექსები გამიჩნდა, თუმცა ამას თავისი პლუსებიც აქვს: ზოგჯერ შემიძლია თმაგაჩეჩილიც კი გავიდე სახლიდან და სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ ვინმემ შეიძლება მიცნოს.

ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგაც.
პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.
მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი.
ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.

ბენსა და ნუკის პირველი შვილი ოლივერია. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს.
ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ხაიმი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოლივერის შემდეგ მათ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც შიო რიუვენი დაარქვეს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.