"დედით იწყება ყველაფერი - მის გარეშე მე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი" - ზაზა ფაჩულიას შვილები ნაკრებში: მკაცრი მამა-მწვრთნელი და დედა, რომელიც მათი მთავარი ძალაა - Marao

"დედით იწყება ყველაფერი - მის გარეშე მე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი" - ზაზა ფაჩულიას შვილები ნაკრებში: მკაცრი მამა-მწვრთნელი და დედა, რომელიც მათი მთავარი ძალაა

2026-07-14 15:25:04+04:00

ზაზა ფაჩულიას შვილები, დათა და საბა ფაჩულიები მამის გზას ღირსეულად აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ ძმები საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

დათა და საბა საზოგადოებრივი მაუწყებლის "ახალი დღის" სტუმრები იყვნენ, სადაც კალათბურთის დაწყების მიზეზზე და მშობლების როლზე გულახდილად ისაუბრეს. 

ძმები ფაჩულიების ინტერვიუ

დათამ თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო და ამ გზას დღემდე აგრძელებს. 

"ბავშვობიდან სულ კალათბურთს ვუყურებ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული ვარჯიში გვიან, 10 წლის ასაკში დავიწყე. მამაჩემი სულ ჩვენ გვერდითაა და ყველაფერში გვეხმარება, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. ორი ალტერ ეგო აქვს: ერთი მამობრივი და მეორე - მწვრთნელის. მწვრთნელის როლში უფრო მკაცრია.

ჩემი აზრით, დედას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვიდრე მამას. მისით იწყება ყველაფერი. საჭმელს დედაჩემი გვიკეთებს, ჩვენს ვარჯიშებსა და თამაშებზე ყოველთვის დადის და დარბაზში ვინმე თუ ყვირის, ალბათ დედაჩემია," - ამბობს დათა ფაჩულია.

zaza-pachulias-shvili

  • ქართველი კალათბურთელების მეორე ნახევრები - როგორია ცნობილი წყვილების ცხოვრება 

საბას თავიდან კალათბურთი საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ მამის თამაშის ყურებამ მოტივაცია მისცა. საბას თქმით დედა, თიკა ალავიძე ის ადამიანია, რომელიც მისის მოტივაციაა.

"მე კალათბურთის თამაში რამდენიმე წლის წინ დავიწყე. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მინდოდა კალათბურთის თამაში. მამაჩემის თამაშის ყურებამ მომცა მოტივაცია, რომ მეც მის მსგავსად მაგარი ვყოფილიყავი. მამა სულ გვეუბნება, რომ ვიმუშაოთ, ვივარჯიშოთ და კვებას მივაქციოთ ყურადღება. ის სულ ჩვენს გვერდითაა.

დედა ყველაფერია, ალბათ, მის გარეშე მე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. როცა ცუდი ვარჯიში მაქვს, დედაჩემი სულ ჩემს გვერდითაა, რომ ჩამეხუტოს," - ამბობს საბა ფაჩულია.

zaza-pachulias-shvili

ზაზა ფაჩულიას ოჯახი

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.

zaza-pachulia

  • "ის ბრუნდება - იმ ძალით, დანაკარგით, სიყვარულითა და ისტორიით, რასაც წლების მანძილზე მხრებით ატარებდა" - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე მსახიობი დედის შესახებ 

ზაზას და თიკას პირველ შეხვედრას თიკას დედა, მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი იხსენებდა:

"საქმე ის არის, რომ ზაზას მე-7 კლასიდან ვიცნობდი. ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს ეს მეგობარი მირეკავს (მეგრელების რძალი ვარ), ძალიან გთხოვ, ზეიკო, მოდი, კალათბურთის წრის მშობლები ვიკრიბებით და იქნებ ღომი გაგვიკეთოო. როცა მივედი, მაღალი, წარმოსადეგი ქალი უკვე ქურასთან იდგა და ღომს აკეთებდა. ვაიმე, დამაგვიანდა-მეთქი, შევიცხადე. ზეიკო, მარინაც მეგრელია და ის მოამზადებსო, მითხრა მასპინძელმა. სასიამოვნოა, მაშინ მე ფქვილს ჩაგიყრით-მეთქი, გავუღიმე. ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. როდესაც სუფრა გაიშალა და ისინი ამოვიდნენ, ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა ყველაზე მაღალ, სერიოზულ, ცოტა დაკოპილ ყმაწვილზე, ზეიკო, ნახე, ეს მარინას ბიჭია, ზაზა ფაჩულიაო. ასე გავიცანი ზაზას დედა. გავიდა წლები და ისევ ის მეგობარი მირეკავს, ზეიკო, ტელევიზორს ვუყურებ, გახსოვს, მარინა რომ გაგაცანი, მისი ვაჟი NBA-ს რეკლამაშიაო.

zaza-pachulia

ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები "სუხიშვილებზე" და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ, დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი. მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.

მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძესიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად" - იხსენებდა ზეინებ დვალიშვილი.