ცნობილი ქართველი მსახიობის, გია ფერაძის ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. მარიკუნა საბერძნეთში ტრაგიკულად დაიღუპა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარიკუნას ძმამ, გიორგი ფერაძემ, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:
"წახვედი, დაიკო... ან როგორ გიყვარდა, როცა დას გეძახდი! უფრო ზუსტად, საბერძნეთში წახვედი, მაგრამ მხოლოდ ცალმხრივი ბილეთით! დღემდე მეჩვენება, რომ სადღაც იქ ხარ და დაბრუნდები. მაგრამ იქიდან ხალხი არ ბრუნდება; ჩვენ კი აქ ვართ – ვიხსენებთ, პატივს მივაგებთ და ვუფრთხილდებით ამ მოგონებას. ძალიან მომენატრა ერთად გატარებული დრო!
პირველად 25 წლის ასაკში შეგხვდი, 39 წლისა კი „საბერძნეთში“ გაგაცილე. შენი ოჯახიდან უკანასკნელი მე ვიყავი, ვინც გნახა. მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ჩემი გამოჩენით დაგეხმარა, რომ ოდნავ მაინც გეპატიებინა მამაჩვენისთვის! შენ კი... შენ იყავი ზუსტად ის მარიკუნა მიქატაძე, რომლის ძმაც ვიყავი, ვარ და ვიქნები.
ერთი მხრივ, ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე შენი გაცილება... მეორე მხრივ კი, მადლობელი ვარ ჩემი პროფესიის, რომელმაც არ მომცა საშუალება, შენი წასვლის სურათი გარდაცვალების სურათით შემეცვალა. შენ იქ ხარ, ჩემო კაშკაშა ქართულო მზეო, ანათებ და ყველას ათბობ შენი სიცილით! ღრმად მწამს, რომ სადღაც იქ კვლავ შევხვდებით, რათა გავაგრძელოთ ამ – უფრო სწორად, მომავალ – ცხოვრებაზე სიცილი!
დაე, შენი გზა ნათელი იყოს და გაათბოს შენი სული ჩვენი გულების სითბომ!" - წერს გიორგი ფერაძე.

გიორგი, რომელსაც მამის სახელს, გიას ეძახიან, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადვეც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.
გიორგი ფერაძემ და მარიკუნა მიქატაძემ ერთმანეთი პირველად მამის დაკრძალვისას ნახეს. ემოციურად იხსენებდა მარიკუნა ძმასთან შეხვედრას მაშინ, როცა გიორგი მამისადმი მიძღვნილ საღამოზე იყო ჩამოსული: "როცა დავინახე, მეგონა, რომ მამა და ძმა ერთდროულად დავიბრუნე" - იხსენებდა მარიკუნა.
გიორგი ფერაძის ოჯახი უცნაური ბედის აღმოჩნდა... გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ. 26 წლის ირინა მიქატაძის გარდაცვალებამ შეძრა მთელი ქალაქი და ქვეყანა. ინტერესს კი ამწვავებდა ის, ბრალდებული ყველასთვის ცნობილი მსახიობი, გია ფერაძე იყო.
ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ, ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში. ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში კი გარდაიცვალა.
ირინა მიქატაძე 26 წლის იყო. მას და გია ფერაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ირინას მშობლებმა, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
"ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს. ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია, – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძე გაზეთ "პრაიმტაიმს".
ტრაგიკულად გარდაიცვალა გიორგი ფერაძის და, მარიკუნა მიქატაძეც. მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში. მარიკუნას ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც მისი დედის, ირინას სახელი ჰქვია.