"გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი... - არავინ არაფერს მეუბნებოდა" - ია ფარულავას ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ - Marao

"გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი... - არავინ არაფერს მეუბნებოდა" - ია ფარულავას ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ

2026-07-15 12:08:51+04:00

ია ფარულავა ეკრანებზე პირველად ჯერ კიდევ 1981 წელს გამოჩნდა, როცა სულ რაღაც 12 წლის იყო. განსაკუთრებული ნიჭითა და გამორჩეული გარეგნობით დაჯილდოებული გოგონა მოგვიანებით ნამდვილ ვარსკვლავად იქცა - კინოსამყარომ ის ჰოლივუდამდეც კი მიიყვანა, თუმცა მან მაინც მშობლიურ საქართველოში დაბრუნება არჩია და დღეს მისი ცხოვრება ისევ თბილისურ, მისთვის კარგად ნაცნობ რიტმს მიჰყვება.

წლების განმავლობაში ის სატელევიზიო სივრცის მთავარ სახედ რჩებოდა, ახლა კი, როცა საზოგადოებრივი ინტერესი სოციალურ ქსელებში გადავიდა, მსახიობი ახალ პლატფორმებსაც იპყრობს. ია ფარულავა ზაკ მირიანაშვილის პოდკასტს, „შანტრაპას“ ეწვია, სადაც უშუალოდ და გულწრფელად გაიხსენა „შინდლერის სიის“ ისტორიული კასტინგი, თეატრალური კულისები და საკუთარი გამოცდილებით ისაუბრა თვითშეფასებასა თუ სილამაზის სტანდარტებზე.

ia-parulava

 „არავის ვგავდი...“ - თავისუფლების ფორმულა და პირველი დიდი გამოცდები

- ჩემი გარეგნობა, რომელიც არ გახლდათ სტერეოტიპული ქართული გარეგნობა. ძალიან ვგავდი ესმერალდას, რაღაცნაირ ფლამენკოს, ცოტა ანდალუსიურ კარმენს - აი, ასეთი შესახედავი ვიყავი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვაზე დასასვენებლად წავიდოდი და სექტემბერში გარუჯული ჩამოვიდოდი ხოლმე - სულმთლად შავი ვიყავი, მარტო კბილები ანათებდა.სწორედ ეს განსაკუთრებული გარეგნობა იპყრობდა პირველ რიგში ყურადღებას. მეორე რიგში კი, ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი - არ ვჯდებოდი ჩარჩოებში. ახლა ეს ხასიათი რატომ მქონდა ასეთი, არ ვიცი, მაგრამ მაინც ხელოვანის ოჯახში ვიყავი გაზრდილი - მამა მოქანდაკე იყო და ხშირად ვსტუმრობდი მის სახელოსნოს. იქ ვუყურებდით ამ ქანდაკებებს, შიშველ ნატურებს და ასე შემდეგ... იქვე იყო მუსიკა, კლასიკური მუსიკა. მოკლედ, არ ვგავდი არავის, მაგრამ შენ წარმოიდგინე - მე მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ ვიყავი რაღაც განსაკუთრებული.

  • "ყველა დროის სილამაზე" - ია ფარულავას კადრები, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებს

ეს მერე მეუბნებოდნენ უკვე: „აი, ინსტიტუტში ერთხელ დაგინახე ამ შენი ხუჭუჭა თმებით და რა ლამაზი იყავიო“. ვფიქრობდი ხოლმე - კაცო, მოსულიყავი და გეთქვა! გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი. არა, არავინ არაფერს მეუბნებოდა, სამწუხაროდ.

ამ ჩემს თავისუფლებას და ჩემს რაღაც საოცარ ბუნებას - „ანიმა მუნდი“ ვიყავი, რასაც ჰქვია - ძალიან ცუდად შეეჩეხა პირველი ქორწინება. იქ, ფაქტობრივად, იყო ჩემი ფრთების მოკვეთის მცდელობა. ჩემი პირველი გამოცდა სწორედ აქედან დაიწყო.

ნუ, გამოცდები მანამდეც მქონდა, ბავშვობაშიც, და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა იყო: აბა, ვინ მაჯობებდა - მე თუ ტრადიციული ქართული ოჯახური კლანი, რომელიც მთხოვდა, თეატრალური ინსტიტუტიდან საბუთები გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა.

ვეუბნებოდი - სამედიცინოზე არც ფიზიკა ვიცი, არც ქიმია და არც მათემატიკა-მეთქი. „არ არის პრობლემა, ჩვენ მოვაგვარებთო“ - მპასუხობდნენ. მე კი ამ დროს მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი ვიყავი, მისი უსაყვარლესი სტუდენტი, და მისაღებ გამოცდაზე ხუთიანი მქონდა მიღებული. როგორი იყო ახლა საბუთების გამოტანა და სამედიცინოზე გადატანა?!

კინო და თეატრალური ინსტიტუტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. მე ხომ სამსახიობო ხელოვნებაში კინოდან მოვედი. სიმართლე რომ გითხრათ, მსახიობობა საერთოდ არ მინდოდა. რომ გითხრათ, ძალიან მაგარი მსახიობი ვარ-მეთქი - აი, მსახიობური გარდასახვა რომ გჭირდება და როცა დაგჭირდება, უნდა იტირო - ასე არ ვარ. მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ემოციებს.

ამიტომ, მე დიდად არ მინდოდა ეს გზა, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნა იყო - მას შემდეგ, რაც 11 წლის ასაკში პირველად გადამიღეს ფილმში. ჩემმა მშობლებმა ისიც კი არ იცოდნენ, თეატრალურში საბუთები რომ შევიტანე - ჩეხოსლოვაკიაში, კარლოვი ვარიში იყვნენ. მე ავდექი, საბუთები შევიტანე და ჩავაბარე. მივიღე ხუთიანი - მარტო მე მქონდა ხუთიანი მისაღებ გამოცდაზე - და მოვხვდი პირველ კურსზე, მერე კი უკვე კინომსახიობთა თეატრშიც.

parulava

გემი „გრუზია“, ლენინგრადის სინჯები და თეატრიდან გაძევება

- იცი, რა? მე პარალელურად სულ მიღებდნენ ფილმებში: ეს იყო „ფესვები“, „მოლოდინი“, „მოახლოება“... ბევრი ფილმი იყო.

და უცებ, 1987 წელს, მიხეილ თუმანიშვილმა - ღმერთმა აცხონოს მისი სული - ჩვენ, მთელი ნარჩევი ახალგაზრდები, მათ შორის გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, წაგვიყვანა გემ „გრუზიაზე“. „გრუზია“ ერქვა იმ გემს, რა ვქნა, გენაცვალე - „საქართველო“. იქ მიმდინარეობდა საერთაშორისო ტელეფილმების ფესტივალი, სადაც ჩამოსულები იყვნენ ცნობილი პროდიუსერები და რეჟისორები ყველა ქვეყნიდან - იტალიიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. გემმა სათავე ბათუმიდან აიღო, მიდიოდა შავ ზღვაში - ნოვოროსიისკი, სოჭი... და მერე ბრუნდებოდა სოხუმში.

აი, ამ გემზე მე ვიყავი, როგორც ერთ-ერთი ლამაზი გოგო. მოკრიბა კაცმა ეს „კრემ დე ლა კრემ“ ახალგაზრდები, რომლებსაც სიმღერაც შეეძლოთ, ცეკვაც, გაბედულებიც იყვნენ... გვამეცადინებდნენ ხოლმე: რაღაც ვარჯიშები, აერობიკა, მერე საუნებში დავდიოდით, რომ შევჩვეოდით რაღაც ძვირფას ცხოვრებას. იქ ვინმეს კამერა რომ ჰქონოდა და რეალითი გადაეღო, წარმოგიდგენია, რა მაგარი იქნებოდა? მაგრამ სად იყო მაშინ კამერა...

მოკლედ, ამ გემზე ერთი ფოტოგრაფი სულ დასდევდა და ფოტოებს მიღებდა. მერე ჩემთან მოვიდა ცნობილი რუსი რეჟისორი ლენინგრადიდან - იგორ მასლენიკოვი, ფილმ „ზამთრის ალუბლის“ („ზიმნიაია ვიშნია“) ავტორი. მითხრა: „მე თქვენ გაკვირდებით, ახალ ფილმს ვიღებ და მინდა მთავარ როლში მოგიწვიოთო“. აბა, მაშინ მობილური ტელეფონი სად იყო? სახლის ნომერი მივეცი. გადის რამდენიმე ხანი და მირეკავენ: „ჩამოფრინდით ლენინგრადში, სინჯები უნდა გაიაროთო“.

ამ დროს მე თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობ. მიშა თუმანიშვილს კი ვუყვარდი და გიჟდებოდა ჩემზე. მე და ეკა კახიანი რომ წაგვიყვანა თეატრში, ორივეს ერთად მოგვცა როლი სპექტაკლში „ნატაძრალი“ (რატომღაც „ნატრაწალს“ ეძახდნენ და არ ვიცი, რატომ) და კიდევ ერთ სპექტაკლში ვიყავით. დავდივართ ამ გაუთავებელ რეპეტიციებზე, ტრენინგებზე და უცებ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა! თან, კარგად იხდიდნენ - მაშინ 17 000 მანეთი გადამიხადეს. ეს საოცრად დიდი ფული იყო! რას ლაპარაკობ, კარგ ბინას იყიდდი, მაგრამ მე რა ბინის მყიდველი ვიყავი? ყველაფერი „შმოტკებში“ წავიდა, ტანსაცმელში ვხარჯავდი ფულს გიჟივით. ოჯახი არ მიშლიდა, ჩემი ფული იყო და ოჯახის შენახვა მე არ მჭირდებოდა.

წავედი, გავიარე ძალიან რთული სინჯები - ე.წ. პრობები და დამამტკიცეს როლზე. ლენინგრადიდან რომ ჩამოვედი, თეატრში დამიბარეს. მივედი, მთელი დასი დარბაზში იჯდა. შევედი და ბატონმა მიშამ მითხრა: „შენ იმის გამო, რომ დაუკითხავად წახვედი გადაღებებზე ლენინგრადში, გაგდებული ხარ თეატრიდან“.

  • "18 კილო დავიკელი, მაგრამ ეს არ იყო დიდი დიეტების, დიდი ვარჯიშების შედეგი" - როგორ დაიკლო ია ფარულავამ

ნახევარ თეატრს, რა თქმა უნდა, გაუხარდა, ჭკუაზე არ იყვნენ. მე, ცხადია, ძალიან მეწყინა. „წადი ახლა შენ აქედანო“, - მითხრა და აი, ასე გამომაგდო.

ნუ, რა ვქნათ, გამომაგდო - გამომაგდო. დიდი თეატრის მტვრით დაავადებული ადამიანი მე არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. კინოშიც რომ გითხრა - მე უფრო ჩემი თავის, საკუთარი პერსონაჟის მსახიობი ვარ, აი, „ვატრაკებ“ და მიხარია, რასაც ჰქვია. ჩემი მაინც უფრო ტელევიზია და ტელეწამყვანობაა, ეს უფრო ჩემი საქმეა... თუმცა, „ფესვების“ ის ლეგენდარული ეპიზოდი მაინც ისტორიას დარჩა.

parulava

„შინდლერის სიის“ კასტინგი, ჰოლივუდი და საენტოლოგია

ჩემი მდგომარეობა? დამიწუნეს იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი. დამიწუნეს იმიტომ, რომ ძალიან ეთნიკურად გამოვიყურებოდი - არ ვგავდი პოლონელ ებრაელს.

მაგრამ სწორი იყო რეჟისორი, მე იმ როლს არ მოვუხდებოდი ნამდვილად. იმიტომ, რომ ეს გოგო იყო გატანჯული, მე კი ვასხივებდი. „ბაბა იაგას“ ხომ არ დაუყენებდნენ იმ საცოდავ გერმანელს მოსამსახურედ? ის უნდა ყოფილიყო დაჩაგრული. ახლა, რაც არ უნდა მეთამაშა, ამას რას უზამდი?

სხვათა შორის, ერთ-ერთ მცირებიუჯეტიან ჰოლივუდურ ფილმში მარიამ ღვთისმშობელს ვთამაშობ. ეს იყო კომედია. ღვთისმშობელს კი არ ვთამაშობ... ამ ფილმს იღებდა ორი ძმა ჰოლივუდში, ქრისტეს ცხოვრებაზე. ფული არ აქვთ და დადიან ამ თავის ებრაელ ნათესავებში, ფულს აგროვებენ. ის ეუბნება: „ბიჭო, მე სოსისების ქარხანა მაქვსო და გამიპიარეო“. და მოსე შემოდის სოსისებით... ანუ, ეგეთი კომედია იყო. მე ამირჩიეს იმიტომ, რომ მქონდა ძალიან ლამაზი, ღვთაებრივი გარეგნობა.

კადრში იყო ასეთი სიტყვები:

„...of, and what have you brought, wise man of Jerusalem?“დედა, რა მაგარი იყო, მაგრად გავერთე!

მეტსაც გეტყვი, მე კიდევ გადაღებული ვარ საენტოლოგების რეკლამაში. საენტოლოგია ხომ იცი, რა სექტაა? ჰოლივუდში ეს არის სერიოზული სექტა, სადაც შედიან ჯონ ტრავოლტა, ტომ კრუზი, ნიკოლ კიდმანი... ძალიან დიდი სექტაა - „Church of Scientology“. ლონ ჰაბარდი იყო ეგეთი, ნუ, ძალიან ჭკვიანი ფსიქოლოგი, მან დააარსა.

როგორი სიტუაციაა, იცი? რამდენი ადამიანია, ვთქვათ, უგზო-უკვლოდ რომ მიეხეტება ცხოვრებაში, ოჯახიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ესენი მიდიან იქ, ცხოვრობენ, ის ხდება მათი ოჯახი და ამათ რესურსებს იყენებენ. ახლა მე, რატომღაც, რადგან ცოტა აღმოსავლური გარეგნობა მქონდა, მაცვია ეს აბაია, მიჭირავს ყავარჯნები... და ვითომ ამ საენტოლოგიას ჰქონდა რაღაც სპეციალური მეთოდი, თერაპია, რომელიც ბლოკებს ხსნიდა. ვითომ ეს ჩამიტარეს, მე ვდგები, ყავარჯნებს ვაგდებ და მივდივარ. მახსოვს, 1000$ გადამიხადეს და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ ეს ტყუილი იყო, რა თქმა უნდა. საენტოლოგია საერთოდ ძალიან საზიზღარი, საშიში ორგანიზაციაა. აი, მაგალითად, ტომ კრუზის ნახევარი ქონება მაგათ ეკუთვნის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი შედის ამაში, რადგან ჰგონიათ, რომ ჰოლივუდში გზას გაიკვალავენ. ჩემი აზრით, იქ ეს არაფერში გეხმარება - თუ მამაშენი ბენზინის მაგნატი არ არის ან სელმა ჰაიეკი არ ხარ.

რაღაც მხარდაჭერა შენი ქვეყნიდან ალბათ უნდა გქონდეს - უნდა იყო ძალიან მდიდარი ოჯახიდან, ან ქვეყანა უნდა გეხმარებოდეს. აი, შენი ქვეყნიდან უკვე პატარა ვარსკვლავი თუ ხარ და იქ ჩახვალ... მაგალითად, ჟულიეტ ბინოშს, ჯულია ორმონდს - ამათ ყველას დაეხმარათ ქვეყანა. ნუ, ცოტა გამართლებაც უნდა, რა თქმა უნდა — „right people, right time“ (სწორი ხალხი, სწორ დროს).

parulava

სამომავლო პერსპექტივები და იდეალური როლი

- მე ახლა 6 საათზე გავიღვიძო გადაღებისთვის? შანსი არ არის. მაგრამ რომ მითხრან - შენ გამო გადაღების დროს შევცვლითო... 90-იანებში ფული რომ არ იშოვებოდა, მაშინ უფრო მეტს მიხდიდნენ და რა პრობლემა იყო? ახლაც, თუ კარგი სცენარი იქნება, რატომაც არა.

მაგრამ მე ჯერ ამას ვერ ვხედავ. მე ვხედავ ჩემს თავს მართლა ოსკაროსან ან ქართულ ფილმში, აი, როდესაც ვიქნები ცოტა ჭაღარა... ისეთი, ცოტა უცნაური ქალის როლში, რომელიც თან ახალგაზრდაა, თან ბებერია, თან რაღაც...