"ხატია ბუნიათიშვილი კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავია " - რას წერს The Associated Press ქართველი პიანისტის შესახებ - Marao

"ხატია ბუნიათიშვილი კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავია " - რას წერს The Associated Press ქართველი პიანისტის შესახებ

2026-07-15 12:36:16+04:00

ხატია ბუნიათიშვილი უკვე ათ წელზე მეტია, რაც კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია. თუმცა, მას ურჩევნია, საკუთარ პოპულარობაზე საუბარი მისი მუსიკის კრესჩენდოსა და ქარიზმატული, შთამბეჭდავი გამოსვლების ჩრდილში დატოვოს.

„ჩემს ქარიზმაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, მგონია, ეს ყველაფრის დასასრული იქნება. ეს ხომ ნარცისიზმის პიკია, არა?“ - მოკრძალებულად აღნიშნა ბუნიათიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, სწორედ სცენის ფლობის საოცარმა უნარმა, ექსპრესიულმა საშემსრულებლო ენერგიამ და გამორჩეულმა, გლამურულმა იმიჯმა აქცია ის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ. საქართველოში დაბადებული პიანისტი, ახალი თაობის სხვა არტისტებთან ერთად - როგორებიცაა ისლანდიელი პოპ-ჯაზ მომღერალი და ჩელისტი ლაუფეი (Laufey), ფრანგი მევიოლინე ესთერ აბრამი, ნიგერიელი ოპერის მომღერალი ბაბატუნდე აკინბობოიე და პოპ-სუპერვარსკვლავი ლიზოც კი (რომელიც კლასიკურად განათლებული ფლეიტისტია) - ეხმარება კლასიკურ მუსიკას იმ ელიტარული სტიგმის მოშორებაში, რომელიც ამ ჟანრს ხშირად ახლავს თან, და იზიდავს მილენიალებისა და „Z თაობის“ აუდიტორიას.

  • დრამატული, თამამი და დახვეწილი: ხატია ბუნიათიშვილის მოდური ტრიუმფი და TOP 5 კაბა სცენაზე

„უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა ამას ვისმენ... ახალგაზრდობა - ეს ხომ სიცოცხლის მოძრაობაა“, - ამბობს ბუნიათიშვილი, გერმანიის კლასიკური მუსიკის უმაღლესი ჯილდოს, „Opus Klassik“-ის ორგზის მფლობელი. „ამ ახალგაზრდების წყალობით, რომლებიც მუსიკას უსმენენ, ჩვენ შეგვიძლია ახალი სიცოცხლე შთავბეროთ მათ - კომპოზიტორებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში გქონდეს.“

ფრანგ-ქართველმა პიანისტმა, რომელსაც ისეთ პოპულარულ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან Coldplay და A$AP Rocky, თავისი მეექვსე სოლო ალბომი - „Mozart: Piano Concertos Nos. 20 & 23“ გამოუშვა, რომელიც „Academy of St Martin in the Fields“-ის კამერულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა.

ბუნიათიშვილი, რომელიც თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად პირველად სულ რაღაც 6 წლის ასაკში წარდგა მაყურებლის წინაშე, „The Associated Press“-ს ესაუბრა პოპულარობაზე, მოცარტზე და კლასიკურ მუსიკაში თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობაზე.

khatia

ხატია ბუნიათიშვილის ინტერვიუ

AP: მიუხედავად იმ დიდი აღიარებისა და აჟიოტაჟისა, რაც თქვენს გარშემოა, რატომ არიდებთ თავს დიდებაზე საუბარს? თქვენ კონკრეტულად ახსენეთ ნარცისიზმი.

ბუნიათიშვილი: როდესაც არტისტი ხარ, ძალიან ადვილია გახდე ნარცისული, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევ. შესაძლოა შეიქმნას ილუზია, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია. საქმე ერთ ადამიანს არ ეხება. საქმე იმაშია, თუ რას ტოვებ შენს შემდეგ.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის იმის ჩვენება, რომ სარკეში ყურება და სელფების გადაღება ძალიან კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია, ამ მომენტებში ცხოვრება არ გამოგვეპაროს.

AP: როგორ განვითარდა თქვენი უწყვეტი, მთელი ცხოვრებისეული კავშირი ფორტეპიანოსთან?

ბუნიათიშვილი: ეს კავშირი თავიდანვე არსებობდა. როგორც ჩემი მშობლები და ჩემი და იყვნენ ჩემ გვერდით, როდესაც დავიბადე, ფორტეპიანოც ზუსტად ისევე დამხვდა. ...მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო ცხოვრებაში სხვადასხვა საქმით დავკავებულიყავი, ფორტეპიანო ყოველთვის ჩემთან იყო, როგორც ოჯახი, და მისგან ყოველთვის სიმშვიდესა და ნუგეშს ვგრძნობდი.

AP: როგორი იყო ჩაწერის პროცესი ალბომისთვის „Mozart: Piano Concertos Nos. 20 & 23?“

  • ხატია ბუნიათიშვილის ოჯახური კადრები და გულწრფელი წერილი: "ვიპოვოთ ბედნიერება ჩვენი უნიკალური ცხოვრების პატარა და დიდ მომენტებში“

ბუნიათიშვილი: ამ ჩანაწერში განსაკუთრებული ის იყო, რომ ჩაწერა მიმდინარეობდა კამერულ ორკესტრთან ერთად, მაგრამ დირიჟორის გარეშე - ორკესტრს მე თავად ვხელმძღვანელობდი. ეს ძალიან განსაკუთრებული გრძნობა იყო, რადგან უშუალო კომუნიკაცია გაქვს ორკესტრთან. ამავდროულად, მათთვის დამარწმუნებელი უნდა იყო, რადგან პროფესიონალი დირიჟორი არ ხარ. ...უნდა დაანახო და აგრძნობინო მათ ის, რაც რეალურად არიან - განსაკუთრებულები, უნიკალურები და შეუცვლელები. და ამავე დროს, უნდა მიაღწიო ნაწარმოების შენეულ ინტერპრეტაციას.

khatia

AP: რატომ გადაწყვიტეთ ამ ალბომის ჩაწერა დირიჟორის გარეშე?

ბუნიათიშვილი: მინდოდა გამეკეთებინა ისე, როგორც თავად ვგრძნობდი. ზოგჯერ დირიჟორები ძალიან გვეხმარებიან ამაში. ზოგჯერ კი სრულიად განსხვავებულ ხედვას გთავაზობენ, რომელიც შეიძლება მოგეწონოს ან - არა. ...მე კი ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემებურად, ზუსტად ჩემი გზით გამეკეთებინა.

AP: პროფესიული თვალსაზრისით, ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

ბუნიათიშვილი: ვამაყობ იმით, რომ ჩემს წარმატებას დამოუკიდებლად მივაღწიე - დირიჟორებისგან, მამრობითი თუ მდედრობითი ძალაუფლებისგან დამოუკიდებლად. ყოფილა შემთხვევები, როცა მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებს არ მივუწვევივარ. მაგრამ ვფიქრობდი: „არა უშავს, მარტო დავუკრავ“. რეალურად, ჩემი კარიერა იმ სოლო კონცერტებით (რეციტალებით) შევქმენი, სადაც სცენაზე მარტო ვიდექი. ეს იმიტომ, რომ ხშირად არ ვყოფილვარ ამ დიდი გავლენებისა თუ დამკვიდრებული სისტემების ნაწილი.

  • "13 წლის შემდეგ ამ დარბაზში დაბრუნება ძალიან შთამბეჭდავი იყო" - რა კადრებს გვიზიარებს ხატია ბუნიათიშვილი

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ თანასწორობის საკითხებზე, რადგან ყველას არ აქვს ერთნაირი შანსი. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც კლასიკურ მუსიკაშიც უნდა ვიმუშაოთ, რადგან კლასიკური მუსიკა შეიძლება იყოს საოცრად ლამაზი, მაგრამ მისი სისტემა ხშირად ადამიანების გამყოფი და გამცალკევებელია.

khatia