ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ქვეყნებისა და ქალაქების დაყოფის შესახებ პირველი ტრაქტატი ბერძენ ასტრონომს, ასტროლოგს, მათემატიკოსსა და გეოგრაფს კლაუდიუს პტოლემეუსს (90-160 წ.წ) ეკუთვნის. შუა საუკუნეებში კი ჩამოყალიბდა გეოგრაფიული ასტროლოგია და დადგინდა, რომელ სახელმწიფოსა და ქალაქს ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეესაბამება.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანმა იცის, ესა თუ ის ქვეყანა თუ ქალაქი რომელ ზოდიაქოს შეესაბამება, რადგან, როდესაც ადამიანი საცხოვრებლად თუ სამუშაოდ მიდის უცხო ქვეყანაში, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, ცხადია, ეს მის გუნება-განწყობასა და მატერიალურ მხარეზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაგალითად, ქართველები კარგად გრძნობენ თავს საფრანგეთში და ეს ასტროლოგიური თვალსაზრისით გასაგებია, რადგან საქართველოც და საფრანგეთიც ლომის ნიშანს შეესაბამება.
ამიტომ გასაკვირი არ არის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლტოლვილი მთავრობა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ, ლევილში რომ დასახლდა.
XI საუკუნის ქართულ ასტროლოგიურ ტრაქტატში (ხელნაწერი ა-65 დამუშავებულია აკაკი შანიძის მიერ 1977 წელს) "ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" სხვადასხვა ასტროლოგიურ ინფორმაციასთან ერთად, მართალია, არასრული სახით, მაგრამ მაინც აღწერილია იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის ქალაქების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაყოფა.
მაგალითად, ამ ძველქართული ასტროლოგიური ტრაქტატის მიხედვით შევიტყობთ, რომ კუროს ნიშანს შეესაბამება ქურთეთი, კილიკია და კავკასიის მთიანეთი, ხოლო ქალაქები - ალექსანდრია და ტარსუ; ტყუპის ზოდიაქოს ხვარაზმი, სომხეთი და ეგვიპტე შეესაბამება, ხოლო ქალაქებიდან ყაზვინი, ყუმი და მუყანი; კირჩხიბს - ერაყი, გარე საბერძნეთი და სომხეთი, ხოლო ქალაქებიდან - ტფილისი (თბილისი) და ა.შ.
ცხადია, ძველქართულ ტრაქტატში არასრულად არის ჩამოთვლილი ქვეყნები და ქალაქები, მაგრამ ის, რომXI XI საუკუნეში საქართველოს მონასტრებში წერდნენ ასტროლოგიურ ტრაქტატებს გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ, მრავლისმეტყველია.
გთავაზობთ თანამედროვე ასტროლოგების მიერ შედგენილ ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნებისა და ქალაქების შესაბამისობის შესახებ:
ვერძი - ბერლინი, მოსკოვი, ბირმინჰემი, ვერონა, კრაკოვი, მარსელი.
კურო - ნეაპოლი, დუბლინი, სარაგოსა, უტრეხტი, ფლორენცია, პალერმო, პადუია
ტყუპი - ლაიფციგი, ნანტი, პარმა, ციურიხი, ტრიპოლი.
კირჩხიბი - ამსტერდამი, ლონდონი, სან-ფრანცისკო, მილანი, მანჩესტერი.
ლომი - ბუმბაი (ბომბეი), მადრიდი, პრაღა, რავენა, რომი, ფილადელფია, ჩიკაგო, სტამბოლი, ლოს-ანჟელესი, დამასკო.
ქალწული - ათენი, პარიზი, ბაღდადი, ბაზელი, ბოსტონი, იერუსალიმი, ლიონი, ნიცა, სტრასბური.
სასწორი - ანტვერპენი, ვენა, ფრაიბურგი, ფრანკფურტი, ლისაბონი.
მორიელი - ლივერპული, ტოკიო, ნიუ-ორლეანი, ვაშინგტონი, ჟენევა.
მშვილდოსანი - ავინიონი, კალკუტა, კიოლნი, პეკინი, შტუტგარტი.
თხის რქა - დელი, მეხიკო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, ტორონტო.
მერწყული - ბრემენი, ჰამბურგი, ზალცბურგი, სიდნეი, ჰელსინკი, ბრიუსელი, სანკტ-პეტერბურგი.
თევზები - ალექსანდრია, რუანი, სევილია, ვარშავა.
P.S. როდესაც კონკრეტულ ადამიანს სურს, შეიტყოს, როგორ გამოავლენს თავის პოტენციალს ამა თუ იმ ქალაქში ან სახელმწიფოში, უნდა შედგეს ე. წ. რელოკაციური ჰოროსკოპი, რომელიც იძლევა პასუხს ამ ადამიანის სხვა ქალაქში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გადასვლის შემდეგ მოსალოდნელ სასიკეთო თუ არასასიკეთო ტენდენციებზე.
ასევე არსებობს გეოგრაფიული ასტროლოგიის საკმაოდ საინტერესო მიმდინარეობა - ასტროკარტოგრაფია, რომელიც ამერიკელმა ასტროლოგმა ჯიმ ლუისმა შექმნა, სწორედ რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული მეთოდებით დგინდება, როგორი იქნება ამა თუ იმ ადამიანის სხვა ქალაქში ცხოვრება.
მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა
გაზეთი "ყველა სიახლე"