ქართველი ინფლუენსერისა და ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის ცხოვრება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მან ცოტა ხნის წინ ქორწინებით დაუკავშირა ბედი ლეგენდარული სოფი ლორენის ვაჟს, ცნობილ დირიჟორ კარლო პონტის. კოტე მათითაშვილის პოდკასტის, „კოტკასტის“ სტუმრობისას, მარიამმა გულახდილად ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე, პირად ცხოვრებაზე, სილამაზის სტანდარტებსა და იმაზე, თუ როგორია მსოფლიო კინოლეგენდის ოჯახის წევრობა.

მარიამი პროფესიით ფარმაცევტია და წლების განმავლობაში აფთიაქის მენეჯერად მუშაობდა. თუმცა, ცხოვრების რთულ ეტაპზე, როდესაც ყოველდღიური სტრესისგან განტვირთვას ცდილობდა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა:
- იმ პერიოდში ცხოვრებაში სირთულეები მქონდა, რასაც პანდემიის მძიმე რეალობა და პირადი პრობლემებიც დაემატა. სწორედ ამ დროს, განტვირთვის მიზნით, ზუმბაზე მივედი. გარემომ, რომელიც ზუმბას ჯგუფში დამხვდა, საოცრად იმოქმედა ჩემზე და ძალიან დამეხმარა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ეს ჩემს მეორე პროფესიად მექცია, რათა მეც შემძლებოდა სხვა ადამიანების დახმარება. ზუმბას ვარჯიში შეუძლია ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც სახსრებისა და ხერხემლის სერიოზული პრობლემები აწუხებს.
მეუღლეზე საუბრისას მარიამი აღნიშნავს, რომ კარლო მისთვის უდიდესი დასაყრდენია:
- კარლო ჩემი მხარდამჭერია ყველაფერში, რაშიც კი ბედნიერს მხედავს. თავადაც ფიზიკურად ძალიან აქტიური და საოცრად დისციპლინირებული ადამიანია. მეც, როცა კი შესაძლებლობა მეძლევა, უდიდესი სიამოვნებით ვესწრები მის კონცერტებს.
ორივე ძალიან დიდი გურმანები ვართ. სახლში იტალიურ კერძებს, ძირითადად, კარლო ამზადებს. ცოტა ხნის წინ მეც გავბედე, მოვამზადე პასტა და, სხვათა შორის, დიდი კომპლიმენტებიც დავიმსახურე - როდესაც იტალიელი შენს გაკეთებულ პასტას მოგიწონებს, ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. თავის მხრივ, კარლოსაც ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო. ჩვენი ოჯახის მენიუს განუყოფელი ნაწილია ნიგვზიანი ბადრიჯანი, ჩაქაფული, ხინკალი და ხაჭაპური.

მარიამი თავის მოვლასა და ესთეტიკურ ჩარევებზე საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსაც ეხება:
- კარლო ხშირად მეუბნება ხოლმე, სიცილიელ გოგონას ჰგავხარო. ალბათ, გენეტიკაც მეხმარება, თუმცა ჩემი დღევანდელი ვიზუალი უფრო მეტად დისციპლინის დამსახურებაა. ქალებს ხშირად ახასიათებთ იმის დამალვა, თუ რაიმე ესთეტიკურ პროცედურას იკეთებენ. ვფიქრობ, ამაში სამარცხვინო არაფერია. პირადად მე ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია, თუმცა სამომავლოდ მინდა ბოტოქსის გაკეთება, რადგან საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ და ჩემი აქტიური მიმიკები სახის კანზე გავლენას ახდენს.
პატივს ვცემ მათ, ვინც უარს ამბობს ყოველგვარ ჩარევაზე, თუმცა საკუთარი ნაკვთების დახვეწის სურვილი განსჯის საგანი არ უნდა იყოს. ხშირად მხვდება კომენტარები, სადაც ქალებს აკრიტიკებენ და წერენ, რომ ისინი 'აწყობილები' არიან. ეს ხელს უწყობს იმ სრულიად უწყინარი პროცედურების დემონიზებას, რომლებიც, რა თქმა უნდა, ზომიერებისა და გემოვნების ფარგლებში, ძალიანაც საჭიროა.
მარიამისთვის უდიდესი პატივი აღმოჩნდა ლეგენდარულ დედამთილთან - სოფი ლორენთან ურთიერთობა:
- მისგან კომპლიმენტები ხშირად მიმიღია, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია. როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი გეუბნება კომპლიმენტს, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? რაც შეეხება თავად ქალბატონი სოფიას სილამაზის საიდუმლოს, ჩემი დაკვირვებით, ეს უფრო ჯანსაღი კვება და მოწესრიგებული ძილის რუტინაა - სწორედ ეს უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლესა და ახალგაზრდობას.
ბოლო პერიოდში ის ნაკლებად მოგზაურობს. ჩვენ ჟენევაში ვცხოვრობთ, სადაც პაპარაცები ნაკლებად აქტიურობენ და ნაკლებად გვაწუხებენ, ისინი უფრო იტალიაში არიან აქტიურები.
პირადად მე ქართული კერძების მომზადება ქალბატონი სოფისთვის მაინც ვერ გავბედე, თუმცა ვიპოვე ქართული რესტორანი და მისი საშუალებით გავასინჯე ჩვენი სამზარეულო - ხინკალიც და ნიგვზიანი ბადრიჯანიც.

მანამდეც ძალიან მიყვარდა სოფი ლორენი, როგორც უდიდესი მსახიობი, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრი გავხდი, შინაურულ გარემოში მასში სრულიად სხვა სენტიმენტები და თვისებები აღმოვაჩინე. მან იცის ჩემი საქმიანობის შესახებაც და მოსწონს კიდეც, თუმცა დეტალურად ამ თემაზე არ გვისაუბრია.
ჩვენი ქორწინება მხოლოდ ორი ადამიანის კავშირი არ ყოფილა, ეს იყო ორი კულტურის გაერთიანება. ქორწილში უამრავი სტუმარი ჩამოვიდა, ბევრი მათგანი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. კარლოს საოცრად უყვარს საქართველო და ყოველთვის ამბობს, რომ ეს მისი მეორე სამშობლოა.
როდესაც „ქართველ კონკიას“ მეძახიან, ეს ჩემთვის საწყენი სულაც არ არის, პირიქით - ამაში დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ჩემთვის კონკია ძლიერი პერსონაჟია და მიხარია ეს შედარება.