ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილა" - ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა - Marao

"ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილა" - ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა

2026-07-17 16:35:31+04:00

ლევან ყოჩიაშვილის "უცნობი მხარე"

  – ვინ არის ლევან ყოჩიაშვილი?

ლევან ყოჩიაშვილი: ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა და შენიშვნა მაქვს. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მომთხოვნი ვარ. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი საკუთარ სიტყვას ასრულებდეს. რამეს თუ იტყვი, უნდა გააკეთო კიდეც.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემთვის საყვარელი საქმის კარგად კეთება ასოცირდება საოცნებო ცხოვრებასთან. როცა შენს საქმეს აკეთებ, რომელიც გულით გიყვარს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– წარსულიდან რას მიიჩნევთ საკუთარ მცდარ ნაბიჯად?

– უფრო მეტად უნდა მომენდომებინა, მეტი მესწავლა, მეტი მეშრომა, მეტი მომესმინა, დავკვირვებოდი და გამეთვალისწინებინა. ყველაფერი მეტია საჭირო. ენებს ვისწავლიდი, ბავშვობაში მეტად დავუჯერებდი მშობლებს და ასე შემდეგ. დრო ძალიან სწრაფად გადის და ის, რაც 20 წლის ასაკში უნდა გააკეთო, 30 წლის ვეღარ გააკეთებ. ამიტომ დრო არ უნდა გაგეპაროს. ჩემს შვილებს სულ ამას ვეუბნები. რაც დღეს არის გასაკეთებელი, დღეს უნდა გაკეთდეს. გული მწყდება, რომ მე ასე ბევრჯერ არ მოვიქეცი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებაა, რომ მე მომიწია ისეთ პროექტში მოხვედრა, როგორიც „ჩემი ცოლის დაქალებია“ და რომელმაც ამდენი ხანი გასტანა. გამარჯვებაა, რომ მე მას სავარძლიდან არ ვუყურებდი და მისი შემადგენელი ნაწილი ვიყავი. ძალიან დამწყდებოდა გული, ეს რომ არ მომხდარიყო. ეს გამარჯვებაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შეიქმნა და დიდხანს გაგრძელდა. დღემდე იწვევს ინტერესს და ეს ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, რომელშიც ეს ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული.

რაც შეეხება მარცხს, პრინციპში, უკვე ვთქვი, უფრო მეტად უნდა მომენდომებინა რაღაცები, მეტი მესწავლა და უფროსების რჩევებიდან მეტი გამეთვალისწინებინა.

levan-kochiashvili

– საოჯახო საქმეებში რამდენად ხელმარჯვე ხართ?

– ეზოში ფუსფუსი, ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა მიყვარს. ცოტა მიწასთან ურთიერთობაც, გულსაც ვაყოლებ და თან, მსიამოვნებს. რაღაცები მეხერხება და ცოტ-ცოტას ვმუშაობ.

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილა და ახლა ვხვდები ჩემი მშობლების დარდებსა და ფიქრებს.

წაიკითხეთ სრულად