სიმაღლე - 177
თმის ფერი - ვენეციური ქერა
თვალები - მწვანე
ასეთია ლიკუნა სტურუას პროფილი metropolitanmodels.com-ზე. ახალგაზრდა ქართველი მოდელი და ინფლუენსერი, ლიკუნა სტურუა სწავლობდა თბილისში, მეექვსე საავტორო სკოლაში, შემდეგ კი NABA Nuova Accademia di Belle Arti-ში, რომელიც 2021 წელს დაასრულა.

მოდის ინდუსტრიაში ლიკუნა სტურუა პანდემიის დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში გამოჩნდა. ის ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს, Look Models Management-ის მოდელია.
მისი დებიუტი ამ სფეროში Armani-ს ზამთრის კოლექციის ჩვენებით შედგა შვეიცარიაში, სადაც კასტინგზე ნახვისთანავე მოიწონეს. მოგვიანებით, 2023 წელს, ქართველი მოდელი იტალიური Elle Spose-ის გარეკანზე დაბეჭდეს. გარდა ამისა, მან Elle Japan-ის გარეკანისთვისაც მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში.
დღეს ლიკუნა სტურუას ნახავთ არაერთი ქართული ბრენდის კამპანიაში, მათ შორისაა: INGOROKVA, TATUNA, Djaba, House Of JESUS STAR - ყველაზე ხშირად კი ანუკი არეშიძის ბრენდის, ANOUKI-ის გადაღებებში იხილავთ.

მოდელმა ლიკუნა სტურუამ Nargis Magazine-თან ინტერვიუში, მარიამ ბექაურთან საუბრისას, საკუთარ შინაგან სამყაროზე, სტილის ევოლუციასა და ავთენტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბრიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი და საინტერესო რამდენიმე მონაკვეთია:
სტილი, როგორც შინაგანი მდგომარეობის ანარეკლი
ლიკუნა იხსენებს მოზარდობის პერიოდს და განმარტავს, თუ როგორ უკავშირდებოდა მისი ვიზუალური ემოციურ განწყობას:
„როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი, ჩემი გარდერობი თითქმის მთლიანად მამაკაცის ტანსაცმლით იყო სავსე, რადგან არ მინდოდა ყურადღების მიპყრობა. ჩემი ემოციური მდგომარეობა ყოველთვის აისახებოდა იმაზე, თუ როგორ ჩავიცვამდი და წარვადგენდი საკუთარ თავს.“
ავთენტურობა და საკუთარი პრინციპების ერთგულება
მოდელისთვის მთავარი ღირებულება საკუთარ თავთან გულწრფელობაა, რაც ნებისმიერ წარმატებაზე მაღლა დგას:
„რამდენადაც მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ავთენტურობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ თავთან მართალი არ ვარ ან არ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი აზრს კარგავს. არ მინდა წარმატება, თუ ის საკუთარი თავის მოტყუებას მოითხოვს.“

გემოვნების ღრმა ფესვები და ენერგიის აღდგენის წყაროები
ლიკუნა აღნიშნავს, რომ ნამდვილი ესთეტიკა საკუთარი თავის შეცნობით იწყება, ხოლო ენერგიას ყოველდღიური უბრალო დეტალებიდან იღებს:
„მჯერა, რომ გემოვნება - მაშინაც კი, როცა ის თითქოს ისეთი მარტივი რამის მეშვეობით ვლინდება, როგორიც ტანსაცმელია - სინამდვილეში ბევრად ღრმა ფესვებიდან მოდის. ის იწყება საკუთარი თავის ნამდვილი შემეცნებით, ეს კი შეუძლებელია მარტო დროის გატარებისა და ფიქრის გარეშე. რაც შეეხება ჰობს, ყოველთვის ვამბობ, რომ ბევრი მაქვს და ისინი მუდმივად იცვლებიან ჩემი ცხოვრების ეტაპების მიხედვით, ასე რომ, მხოლოდ ერთის არჩევა რთულია. ახლა ხანგრძლივი სეირნობა, აუდიოწიგნების მოსმენა და საინტერესო ინტერვიუები მეხმარება განტვირთვასა და ენერგიის აღდგენაში.“
