მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალი ანდრია გველესიანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი ფიგურაა - იგი ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. ანდრიას მამა ცნობილი მომღერალი დავით გველესიანია, დედა კი პოპულარული მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი. ამიტომ მისი მუსიკალური ნიჭი არავის გაჰკვირვებია. სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი თეატრზე შეაჩერა და მსახიობი გახდა.
პოპულარობა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში გამოჩენით მოიპოვა. წარმატებით მონაწილეობდა პროექტებში „ჯეოსტარი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „X ფაქტორი“ და სხვა.

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე - ოჯახი და განვლილი გზა
ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს:
„წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანი ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული.. მე არ ვეჭვიანობ, ძალიან მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე…“ - ამბობდა მაიკო ვაწაძე.

ამჯერად ოჯახისა და მეუღლის შესახებ ანდრია გველესიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
„მაიკოსთან ქორწინება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი და ბედნიერი გადაწყვეტილება. მადლობა უფალს, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, საერთო პროფესიამ დაგვაკავშირა. მაიკო არის საუკეთესო დედა და მეუღლე, ჩემი ერთგული, უღალატო მეგობარი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სანი, ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…“