ყველასათვის საყვარელი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ზაკ მირიანაშვილის გადაცემა „შანტრაპას“ სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში მსახიობმა საკუთარი კინო და თეატრალური კარიერიდან ისეთი საინტერესო დეტალები გაიხსენა, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად იყო ცნობილი.
მაყურებელს იგი განსაკუთრებით უყვარს ისეთი ცნობილი პროექტებიდან, როგორებიცაა საკულტო ქართული ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" და პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".

გადაცემაში ლაურა რეხვიაშვილმა გაიხსენა ფილმ "სიყვარული ყველას უნდას" გადაღების კულისები და ის, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შენგელაია რეჟისორის სავარძელში:
- მიშა უნდა ყოფილიყო გადამღები რეჟისორი, ვინაიდან, როგორც ახსენე, სწორედ იმ პერიოდში დაშორდნენ ერთმანეთს გიორგი შენგელაია და სოფიკო ჭიაურელი. მანამდე გიორგის სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა - "ხანუმა" უნდა გადაეღო, სადაც სოფიკოს უნდა ეთამაშა. ცხადია, წყვილის დაშორების გამო ეს ვეღარ მოხერხდებოდა. იგი მივიდა კინოსტუდიაში და თქვა: "მე გეგმით ფილმი არ მეკუთვნის, მაგრამ იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად გადავრჩე და ამ დარტყმას გავუძლო, სამუშაო მჭირდება". ეს მოხერხდა - მიშამაც უარი არ უთხრა, რადგან ადამიანს ეს სამუშაო წამალივით სჭირდებოდა, და მანაც გატაცებით დაიწყო მუშაობა. იმდენად შეუყვარდა პერსონაჟი, რომელსაც მე ვთამაშობდი, რომ გადასაღებ მოედანზე მაშინაც კი მიბარებდა, როცა არ ვჭირდებოდი. მივედი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ვკითხე:
- მე მიღებ?
- არა, არ გიღებ.
- აბა, რატომ დამიბარე?
- შენი პერსონაჟის აურა მჭირდება - ამბობს ლაურა.
გადაცემის წამყვანმა, ზაკ მირიანაშვილმა, გაიხსენა ლეგენდარული ეპიზოდი სამხრეთ ამერიკული გასტროლებიდან, სადაც თეატრალურმა დასმა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული მოლიერის "დონ ჟუანი" წარადგინა.
"არსებობდა ძალიან ცნობილი სამხრეთამერიკელი, არგენტინელი კრიტიკოსი ხაიმე პოტენზე, რომელიც ყველაფერს ძალიან კრიტიკულად განიხილავდა. ის შიშის ზარს სცემდა თეატრალურ წარმოდგენებსა და მათ ავტორებს. მან გასტროლების დროს ნახა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული მოლიერის „დონ ჟუანი“ და განსაკუთრებით აღფრთოვანდა მოკარნახის როლით, რომელიც მოლიერს საერთოდ არ აქვს თავის პიესაში - ეს პერსონაჟი მიხეილ თუმანიშვილმა შექმნა.
ეს კაცი წერდა, რომ ლაურა ისეთ როლს თამაშობს, მოლიერიც კი სიამოვნებით მოაწერდა ხელს მის არსებობას თავის პიესაშიო. ამასთან, ამბობდა ფრაზას: „აი, ასეთ კომიკოსს, როგორიც ეს ქალია, ფეხი არათუ ბუენოს-აირესის და არგენტინის, არამედ მთელი სამხრეთ ამერიკის მიწაზე არ დაუდგამსო" - ამბობს ზაკი.
ლაურა რეხვიაშვილი ამ ისტორიას ასე იხსენებს:
"ეს ნამდვილი ისტორიაა, ცოტამ იცის და გულდასაწყვეტია, მაგრამ არა უშავს. ჩვენ როცა ბუენოს-აირესში ჩავედით, მიშასაც ჰქონდა ამ კაცის შიში, მაგრამ კლავდა ინტერესი, რას იტყოდა, რადგან ეს იყო მსოფლიოში ძალიან მაღალი დონის თეატრმცოდნე.
ეს ადამიანი ჩვენი ჩასვლის დროს განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და ლოგინად იწვა. რომ გაიგო, ვინ ვიყავით ჩასული - ანუ ლაურაზე კი არ არის ლაპარაკი და შემსრულებლებზე, არამედ მიხეილ თუმანიშვილზე, რომელსაც უკვე იცნობდა მანამდე - ეს კაცი ადგა ლოგინიდან, ნახა სპექტაკლი და დაწერა ის, რაც დაწერა. მე არაფერი გამაჩნია, რასაც სიმდიდრე და ქონება ჰქვია - ეს არის ჩემი სიმდიდრე" - ამბობს ლაურა.