მოდის სამყაროში, სადაც პრიალა ჟურნალის გარეკანი ხშირად ადამიანის პიროვნებას უნაკლო იმიჯით ანაცვლებს, სუპერმოდელ ბიანკა ბალტის ბოლო ინტერვიუ Harper’s Bazaar Türkiye-სთვის ნამდვილ მანიფესტად ჟღერს. 20 წელზე მეტია, მსოფლიო მას პოდიუმებსა და გლობალურ კამპანიებში ადევნებს თვალს. თუმცა, დღეს, 40 წლის ასაკში, იტალიელი მოდელი სრულყოფილების ილუზიას ამსხვრევს და საუბრობს იმაზე, რაც ხშირად კამერების მიღმა რჩება.

ბალტის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველას შეუძლია იყოს ხილვადი, მაგრამ ნამდვილი გაგება მაინც იშვიათ ფუფუნებად რჩება. წარსულზე დაკვირვებისას ის აღნიშნავს, რომ ურთიერთობებში ხშირად ორი ილუზია ხვდებოდა ერთმანეთს: „მათ დაინახეს ლამაზი გოგონა, მე კი დავინახე მათი პოტენციალი“.
„ის დრო, რასაც წვეულებებსა და ურთიერთობების მართვაში ვატარებდი, თვითგანვითარებაზე დამეხარჯა, ალბათ ახლა გენიოსი ვიქნებოდი," - ბიანკა ბალტი.
დღეს ის უარს ამბობს სრულყოფილების ნიღბის ტარებაზე. მოდელი ღიად აღიარებს, რომ სისუსტეების დაფარვა ადვილია, თუმცა მათი გამხელა ნამდვილ გამბედაობას მოითხოვს.

ასაკის მატებასთან, ქირურგიულ მენოპაუზასთან და ჯანმრთელობის მძიმე გამოწვევებთან გამკლავებამ ბალტის სხეულთან ურთიერთობა ფუნდამენტურად შეუცვალა.
საზოგადოება ბიანკა ბალტის ყოველთვის აღიქვამდა როგორც უშიშარ და ძლიერ ქალს. თუმცა, კიბოსთან ბრძოლისა და მძიმე პერიოდების გავლის შემდეგ, ის არ ერიდება იმის აღიარებას, რომ დღეს შიში მისი ყოველდღიურობის ნაწილია.
„ხალხი ხედავს ძალას. რასაც ისინი ყოველთვის ვერ ხედავენ, არის ის, თუ რამდენად დიდი შიშია საჭირო წინსვლისთვის.“ - ბიანკა ბალტიმისი ხედვით, ნამდვილი ძალა შიშის არარსებობა კი არ არის, არამედ შიშის მიუხედავად ნაბიჯის გადადგმაა. ის არ ახდენს თავისი ტკივილის რომანტიზებას, არამედ უბრალოდ იღებს მას, როგორც ცხოვრების ნაწილს.

მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები პროჟექტორების სინათლეზე არ მომხდარა. ნამდვილი ბიანკა შექმნა დახურულ კარს მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა:

ლოს-ანჯელესში გადასვლამ მას საშუალება მისცა, ყოფილიყო უბრალოდ „მიას დედა“ და არა ცნობილი სუპერმოდელი, რაც მისთვის ყველაზე სუფთა და რეალური აღქმა აღმოჩნდა.