"მე ვარ მარინა კახიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, პირველ რიგში", - ასე დაიწყო "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა ჩვენს რესპონდენტთან. პროექტი, რომელზეც Ambebi.ge და "პალიტრანიუსი“ ერთობლივად მუშაობს. გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე მიხვდით, რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი გახლდათ. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. ტელეინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- "თეატრის მტვერს“ რა ჯადოსნური ძალა აქვს, რომ ადამიანებს ასე იზიდავს?
- "სცენის მტვერი“, რომელსაც ჩვენ ასე ვეძახით, საოცარი "საწამლავია“ (კარგი გაგებით, რა თქმა უნდა). ჩვენ ამით "ვიწამლებით“ და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვინც ერთხელ მაინც ავა სცენაზე, თუნდაც ორი სიტყვა თქვას, იმღეროს ან იცეკვოს, მერე მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. მეც ზუსტად ასე ვარ და არა მარტო მე. ბოლო დროს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იმ პატარა გოგომ ოდესღაც აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მრავალჯერ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში მთავარია აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს - მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ხარ თუ პატარა, ეს საქმე გვავსებს და გვაბედნიერებს.
- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა?
- არ მინდა იმ დიდ ტკივილზე საუბარი, რომელიც ცხოვრებისეულ გამოწვევად მექცა. სრულიად ახალგაზრდას, 34 წლის ასაკში, მოულოდნელად მეუღლე გარდამეცვალა. მანამდე მშობლებისა და მეუღლის მიერ (რომელიც ჩემზე უფროსი იყო) გათამამებული გოგო ვიყავი, ცხოვრებისეული სირთულეები არ მეხებოდა. მანამდე ორი წლით ადრე მამაც გარდაიცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი პატარა შვილი. ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოწვევა. ამ ტრაგედიიდან სულ რაღაც ორ თვეში გოჩა კაპანაძემ "ბერნარდა ალბაში“ მთავარი როლი შემომთავაზა. უნდა მეთამაშა დედა, როცა ჩემს შვილებს ჩემზე უფროსი, საუკეთესო მსახიობები თამაშობდნენ. მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ მერე მივხვდი, რატომ მოუნდა რეჟისორს ჩემი აყვანა ამ როლზე: მეუღლის დაკარგვამ უცბად მომიტანა ისეთი ტკივილი და ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელმაც თითქოს ერთ ღამეში დამაბერა. ბერნარდა ალბას როლი დამეხმარა ჩემი პირადი ტკივილის გადატანაში და, ამავდროულად, ჩემი ტკივილი დამეხმარა ბერნარდას თამაშში.
- გული რაზე გწყდებათ და რას ნანობთ?
- პროფესიაში გული არაფერზე მწყდება, თუმცა იყო როლები, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და ასაკის გამო ვეღარასდროს ვითამაშებ. სამაგიეროდ, ვითამაშე ისეთი გმირები, რომლებზეც ნებისმიერი მსახიობი ინატრებდა. ასე რომ, არა უშავს - ახლა უფრო სოლიდურ ქალბატონებს ვითამაშებ. აი, რაზე მწყდება გული, იცით? ყოველთვის მინდოდა ბევრი უცხო ენის ცოდნა. ბავშვობაში ფრანგულს მასწავლიდნენ, ზრდასრულ ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, თითქოს ვსაუბრობდი კიდეც, მაგრამ ახლა კომპლექსი მაქვს - მეშინია, არასწორად არ ვთქვა რამე და ვჩუმდები. სულ მინდოდა ესპანურისა და სპარსულის სწავლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. დროის უქონლობას ვაბრალებდი, თუმცა, ალბათ, მაინც სიზარმაცის ბრალია. მწყდება გული, რომ რაც ვიცოდი, ისიც დამავიწყდა, ხოლო რაც ძალიან მინდოდა, ის ენები საერთოდ ვერ ვისწავლე.
- ორიგინალური კომპლიმენტი, რომელიც სულ გახსოვთ, ვისგან მიგიღიათ?
- ცხოვრებაში ბევრი კომპლიმენტი მომისმენია. ადრე რადიოში მიმყავდა გადაცემა ცნობილ ადამიანებზე - მხატვრებზე, კომპოზიტორებზე, მსახიობებზე (მახსოვს, როდენზე ჩავწერე გადაცემა). ერთხელ მსმენელმა ქალბატონმა დარეკა პირდაპირ ეთერში და მითხრა: "თქვენი ხმა ბახის მუსიკას ჰგავსო“. ეს ისეთი კომპლიმენტი იყო, დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა. კიდევ ერთი უდიდესი აღიარება ჩემთვის: ერთმა ძალიან სერიოზულმა მამაკაცმა რეჟისორმა თქვა, სხვა რომ ვყოფილიყავი, მარინა კახიანობა მომინდებოდაო. ხაზს ვუსვამ - მამაკაცმა თქვა, რომელსაც ქალად ყოფნა არასდროს უნატრია, მაგრამ თუ იქნებოდა, ჩემს ადგილას ყოფნას ისურვებდა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, ჟურნალისტმა, ზუსტად იგივე სიტყვები გამიმეორა. ამაზე დიდ კომპლიმენტებს ვერც კი ვისურვებდი...