Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივ გადაცემას „სახალხო ინტერვიუს“ ცოტა ხნის წინ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ აკადემიური დასის მთავარი პროდიუსერი და გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა და ამ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდების ელექტრონული ვერსია გასულ კვირას Ambebi.ge-მ შემოგთავაზათ.
„სახალხო ინტერვიუს“ ფორმატში მან კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, რასაც ახლა გთავაზობთ.

- თქვენი აზრით, სიახლის რატომ ეშინიათ ადამიანების უმრავლესობას?
- ხალხს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. ამას რომ უყურებენ, ჰგონიათ, რომ ვიღაც სულ რაღაცას გვართმევს - მიწას, ქვეყანას, ენას, რელიგიას. არავინ არაფერს გვართმევს, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. არც იმ ქართულ ცეკვას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რომ უფრო პოპულარული გახდება. ამიტომ ჩვენი საქმიანობა ეროვნულ ძირებზეა დაფუძნებული. ვიღაცები კი ამ დროს შიშით გვიყურებენ, ჰგონიათ რომ ჩვენს ბინძურ ხელებს ქართულ სიწმინდეებში, ანუ ქართულ ქორეოგრაფიაში ვაფათურებთ. მინდა ყველა დავამშვიდო, ასე არ არის. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ამას ინარჩუნებს, ავითარებს, გააქვს მსოფლიოში და ჩვენს პატარა ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობს. 40-იანი წლებიდან დაწყებული, არავინ არაფერი იცოდა საქართველოზე, ბევრმა შეიძლება დღესაც არ იცის, მაგრამ ჩვენი კონცერტის შემდეგ, რომელ ქვეყანასა თუ პატარა ქალაქშიც არ უნდა ვიყოთ, თუნდაც მექსიკის უკიდურეს რაიონში, ხვდება, რა ქვეყნიდან ვართ, რა კულტურის, ისტორიის მქონენი ვართ და ჩვენს ქვეყანას რა განძი აქვს...
ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანსამბლი, ეს არის სახალხო ანსამბლი და ამიტომაც აქვს ხალხს ეს დამოკიდებულება. მე და ილიკოს ამაზე არც ერთი წუთით არ გვინერვიულია. არ გვაქვს რეაქცია, გეღიმება და გვიხარია კიდეც, რომ ჩვენი მაყურებელი ასე ღელავს, უნდათ, რომ ყველაფერი ისეთ დონეზე იყოს, რომ ჩვენი პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ქვეყნის სიმდიდრე შენარჩუნდეს. მგონი, ამისთვის მათ მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ.
- ზოგჯერ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ანსამბლმა გარკვეულ ცეკვებში ტრადიციულ ხაზს გადაუხვია. მუდმივად ამ კუთხით თითქოს ვიღაც არის ჩასაფრებული... რისი ბრალია ეს?
- მგონი, ეს მოსაზრება არასწორი პროპაგანდის ბრალია, რადგან ასე არ არის. არაფერს გადავუხვიეთ, - გვაქვს ჩვენი ტრადიციული კლასიკური პროგრამა. ასევე რამდენიმე სხვადასხვანაირი პროგრამა, სადღაც ხუთი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ანსამბლის რეპერტუარში მთლიანობაში 30-ზე მეტი ცეკვაა. ერთ კონცერტში 15-16 ცეკვა შეიძლება წარადგინო, რადგან 2 საათზე მეტი არ შეიძლება კონცერტის ხანგრძლივობა იყოს. მაყურებელი არ უნდა დაღალო. ტრადიციული პროგრამა კი ჩვენს რეპერტუარში სულ არის. ამ პროგრამით გავდივართ საზღვარგარეთ და თბილისშიც, როცა ამის საშუალება გვაქვს...
არაფერს გადაუხვიეთ, პირიქით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის დანატოვარს მე და ჩემი ძმა - ილიკო როგორც უფრთხილდება, ასე ვერავინ გაუფრთხილდება. ამიტომ მგონია, რომ ეს „რაღაც აზრი“ იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც ჩვენს კონცერტებს საერთოდ არ დასწრებია. ალბათ სოციალური ქსელის პატარა რილსებით თუ სიუჟეტებით თავისი აზრი ასე გამოაქვთ, ან საერთოდაც სხვის აზრს იმეორებენ. კი, ეს ყველაფერი ნამდვილად პროპაგანდის ნაწილია, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.