43 წლის ნიკოლოზ კაპანაძე წარსულში ნასამართლევია: ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები - Marao

43 წლის ნიკოლოზ კაპანაძე წარსულში ნასამართლევია: ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

2026-07-23 14:19:15+04:00

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

  • „1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა...“ - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",  - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

მკვლელობა ვერაზე 

თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა. იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

 „ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესითა და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა - გადაიქცა ზეციურ არსებად!

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა... 22 ივლისის არასრულწლოვანებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.