"5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - თეა დარჩია აზარტულ თამაშებზე, მეუღლესთან ურთიერთობასა და გადალახულ სირთულეებზე - Marao

"5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - თეა დარჩია აზარტულ თამაშებზე, მეუღლესთან ურთიერთობასა და გადალახულ სირთულეებზე

2026-07-23 13:24:14+04:00

ცნობილი მოცეკვავე თეა დარჩია გადაცემა „სტუმრად ანასთან“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების უცნობ და ემოციურ დეტალებზე გულახდილად ისაუბრა. მოცეკვავემ ყურადღება გაამახვილა როგორც მეუღლესთან  გუჯა მათითაშვილთან ურთიერთობაზე, ისე 5-წლიან მძიმე პერიოდზე, როდესაც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული.

თეა დარჩიას ინტერვიუ

  • მეუღლე

- გუჯასთან მიმართებით ბევრ რამეს ვნანობ. მე გრძნობებზე აწყობილი პიროვნება ვარ: რაღაცას ვგრძნობ და მერე ამ ჩემს გრძნობას ვკითხულობ წლების განმავლობაში - ეს გრძნობა სიმართლე იყო თუ მცდარი. მისი გაცნობითა და დანახვით ვიგრძენი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელთანაც მე მთელი ცხოვრება შევძლებდი ცხოვრებას, რომელსაც მე გავუჩენდი შვილებს და რომელიც იქნებოდა საუკეთესო მამა. ეს არის ადამიანი, რომელიც მე გამიძლებდა, იმიტომ, რომ არ ვარ იოლი ადამიანი - გაუძლებდა ჩემს მოგზაურობებს, თვეობით არყოფნას. 35 წელი გავიდა და ახლა უფრო ვრწმუნდები, რომ მაშინ, რასაც ვგრძნობდი, მართალი ვიყავი. ახლიდან რომ ვიწყებდე, აუცილებლად იმავეს ავირჩევდი, რადგან სხვა შემთხვევაში მე ოჯახი არ მექნებოდა. ვნანობ, რომ მე სათანადოდ ვერ ვაფასებ ამ ადამიანს. ეს არის ადამიანი, რომლის მსგავსიც მე ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია. საოცარი პიროვნებაა, უთავმდაბლესი, უთბილესი, უტკბესი და უსაყვარლესი... მადლობა ღმერთს გუჯასთვის.

tea-darchia

  • აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება

- 5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით. ამ უცუდესი დაავადებით მოვიწამლე ლას-ვეგასში. სასწაული ისტორია იყო: დოლარი ჩავაგდე და ჩამოყარა... აი, იქ დავავადდი ამ დაავადებით. ჩამოვედი თბილისში და გავაგრძელე; მხოლოდ სტუდიის რეპეტიციაზე დავდიოდი, დანარჩენი დროის განმავლობაში კი სულ კაზინოში ვიყავი. მე მაქვს ჩვევა, რომ ყველაფერ ცუდში ვეძებო კარგი. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი შიშვლდება, ვერ თამაშობს და სადაც შეგიძლია ნიღბების გარეშე გაიცნო ადამიანები. ძალიან საინტერესო იყო ეს ხუთი წელი. მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიის, რწმენის ძალით მე ეს სენი დავძლიე. იქ რომ ხარ, უკვე წაგებული ხარ: წაგებული გაქვს დრო, ნერვები, შენი პირადი ცხოვრება - წაგებული გაქვს ყველაფერი. იქ დრო ისე გადის, ვერ ხვდები, არსად არის საათი და ფანჯარა, სულ ხარ ნერვებზე და უძილო ღამეებში... კატასტროფაა. ერთადერთი, ჩემი გამოცდილებით რაც შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ არც კი შევიდნენ, რადგან არავინ არის ამ ყველაფრისგან დაზღვეული. ყველას ძალიან გთხოვთ, მით უმეტეს ახალ თაობას, არც კი ეთამაშოთ, არც კი შეხვიდეთ. ძალიან ცუდია და ძალიან რთულია ამ დაავადებიდან გამოსვლა.