წიგნებთან მეგობრობა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა აზრი პატარასთვის წიგნის წაკითხვას იმ ასაკში, როცა მას სიტყვების აღქმა და, მით უმეტეს, დამოუკიდებლად კითხვა ჯერ კიდევ არ შეუძლია? პასუხი ცალსახაა - დიახ, და ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ხმამაღლა კითხვა მხოლოდ ამბის გაზიარება არ არის. ეს არის მომენტი, როდესაც მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებული, უხილავი ემოციური კავშირი მყარდება. პატარა ეჩვევა თქვენი ხმის ტემბრს, ინტონაციას და სამყაროს სწორედ თქვენი დახმარებით, დაცულ და მშვიდ გარემოში შეიმეცნებს.
გარდა ემოციური ფაქტორისა, ადრეული ასაკიდან წიგნების კითხვა უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში. სანამ ის თავად შეძლებს ასოების ამოცნობას, ყალიბდება მისი ფანტაზია და ვითარდება მოსმენის კულტურა. სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ლექსიკურ მარაგს, რაც მომავალში მას საკუთარი აზრების ნათლად და მარტივად გამოხატვაში დაეხმარება. ბავშვებს, რომლებსაც ადრეული ასაკიდან უკითხავენ, გაცილებით მარტივად უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის სწორად შერჩევას. აუცილებელია, რომ წიგნი ბავშვის ასაკის შესაბამისი იყოს, გამოირჩეოდეს საინტერესო, ფერადი ილუსტრაციებით და მარტივი, სახალისო შინაარსით. სწორად შერჩეული წიგნი ბავშვისთვის არა მოსაწყენი ვალდებულება, არამედ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ხდება.
წარმოგიდგენთ სპეციალურად შერჩეულ წიგნებს, რომლებიც იდეალური დასაწყისი იქნება თქვენი პატარას პირველი ლიტერატურული თავგადასავლებისთვის:

ანბანსაც თავისი ანგელოზები ჰყავს? ამიერიდან - კი. პატარების საყვარელმა პოეტმა ისინი ჯერ გამოიგონა, მერე დახატა და ამ ლამაზ წიგნში დაასახლა. ახლა ისინი ბავშვების წინაშე არიან - მოფრინდებიან და სულ თამაშ- თამაშით ასწავლიან ქართულო ანბანის ოცდაცამეტივე ასოს, თავისი სიტყვებიან - ლექსებიანად. ეს ხალისის, აღმოჩენებისა და ცოდნის წიგნია, რომელიც ყველა პატარას უნდა ჰქონდეს.
იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ - სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია - ძაღლების მფარველი ანგელოზი.

ამ წიგნში გაიცნობ ანას, ცელქ, მაგრამ თბილ და ხალისიან გოგონას. ერთხელ არდადეგებზე საყვარელ ბებიასთან სტუმრობის დროს, ანა გადაწყვეტს, რომ საქათმეს დედოფალი სჭირდება. თუმცა ქათმებს თავისი წესები აქვთ და, თუ დედოფლობა უნდა, ანამ ეს წესები თვითონაც უნდა ისწავლოს.

ბედის ანაბარა დარჩენილ ციცქნა გოჭს დახმარება სჭირდება. თუ ვინმე არ უშველის, ან შიმშილი მოკლავს, ან და-ძმები გაჭყლეტენ…
ჯეინს ბევრი არ უფიქრია. უსუსური არსება მეზობლის ფერმიდან მალულად წამოიყვანა, შეიფარა დაუმკურნალა. ბატიბუტი გადარჩა, თუმცა, გოგონას არ შეუძლია, გოჭუნა სამუდამოდ დაიტოვოს… ერთქარიშხლიან ღამეს კი უბედურება ხდება და ყველაფერი იცვლება…

არ დაგავიწყდეთ საბავშვო ლექსებიც. ნოდარ დუმბაძის ლექსების წაკითხვა უმნიშვნელოვანესია პატარების განვითარებისთვის, რადგან მისი შემოქმედება გამორჩეულია განსაკუთრებული სითბოთი, მელოდიურობითა და უბოროტო, ბავშვური იუმორით, რაც ლიტერატურისადმი ინტერესს პირველივე სტრიქონებიდან აჩენს. მწერლის მიერ შექმნილი ყოველდღიური სიუჟეტები და ნაცნობი პერსონაჟები ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელია, ხოლო ლექსებში ჩაქსოვილი მზრუნველობისა და მეგობრობის მაგალითები ეფექტურად უწყობს ხელს ემოციური ინტელექტისა და ემპათიის უნარის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, დუმბაძისეული მარტივი, რიტმული და მუსიკალური რითმები პატარებს ძალიან სწრაფად ამახსოვრდებათ, რაც საუკეთესო საშუალებაა მეხსიერების გასავარჯიშებლად, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად და გამართული მეტყველების ჩამოსაყალიბებლად.
R