ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტი, ნინა თოთიაური, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და სიყვარულს იმსახურებს. ნინის მეუღლე ასევე ცნობილი მოცეკვავე დავით გოგრიჭიანია, რომელმაც ფართო საზოგადოებას თავი პოპულარული პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაამახსოვრა. ნინას და დავითს ორი შვილი ჰყავთ და, ოჯახის პარალელურად, არაჩვეულებრივი კარიერა აქვთ.
როგორც ნინა აღნიშნავს, ის ეჭვიანი პიროვნება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში მონაწილეობისას დავითს სრულიად განსხვავებული სტილის ცეკვების შესრულება უწევდა, მას მეუღლეზე არასდროს უეჭვიანია.

"ჩვენი ურთიერთობა იწყება 12 წლის ასაკიდან. 12 წლის ვიყავით ორივე -თანატოლები ვართ.
ჩვენმა საერთო მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად ცეკვავდა ანსამბლში და დათოს მეზობელი იყო, გაგვაცნო ერთმანეთი.
იმ დღიდან მოყოლებული ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა და ვმეგობრობდით, მაგრამ მე, მაგალითად, არ მიფიქრია არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო და არის დღემდე, რომ აი, მომეწონა და გავეპრანჭო. ასეთი მომენტი არ მქონია დათოსთან.
მაგრამ მერე, როცა წამოვიზარდეთ, მაინც, ალბათ, რაღაცა არსებობს... სკოლას ვამთავრებდით, მე-10, მე-11 კლასში ვიყავით დაახლოებით, რომ დავიწყეთ მიწერა-მოწერა. იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, არც სიყვარულის ახსნა. ყველაფერი თავისთავად გადაიზარდა სიყვარულში", - იხსენებდა ნინი.

"ადათთან“ ინტერვიუში ნინიმ საკუთარ პროფესიასა და ამბიციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარებს ცეკვას ასწავლის, საკუთარ თავს ქორეოგრაფს არ უწოდებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნინი პროფესიით ჟურნალისტია და უნივერსიტეტი ამ მიმართულებით დაასრულა.
"მე არ ვარ ქორეოგრაფი, მე ვარ მოცეკვავე. მეც ვასწავლი ბავშვებს, მყავს მოსწავლეები, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ქორეოგრაფი ვარ, ვარ რეპეტიტორი. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, მას მიხედავს ქორეოგრაფი, შექმნის ცეკვას და, თუ რამეში დასჭირდება ჩემი დახმარება, გვერდით ვუდგავარ. ასევე, თუ ბავშვებს «ანი და ბანი» უნდა ვასწავლო, ეს შემიძლია, მაგრამ არ ვთვლი, რომ კონკრეტული ცეკვის შექმნაზე უნდა ვიმუშაო, რადგან თეატრალურში ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე არ მისწავლია. ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით რაღაცის კეთება ძალმიძს. მირჩევნია ვიცეკვო, ვასწავლო ბავშვებს, ხოლო ქორეოგრაფმა გააკეთოს თავისი საქმე და არ ჩავერიო მის კომპეტენციაში. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქორეოგრაფიული განათლება არ აქვთ და უმაგრესად აკეთებენ ამ საქმეს, მაგრამ სუბიექტურად ჩემს თავზე რომ ვისაუბრო, მე არ მაქვს ეს ხედვა" - ამბობს ნინა.

„ერისიონი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი ანსამბლია, რომელსაც ქართული ტრადიციული სიმღერა და ცეკვა მთელ მსოფლიოში გააქვს.
ანსამბლი ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1885 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მას „საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი“ ერქვა, ხოლო სახელი „ერისიონი“ მოგვიანებით, 1999 წელს ეწოდა.
1986 წლიდან ანსამბლს სათავეში ჩაუდგა ცნობილი ხელოვანი ჯემალ ჭკუასელი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში.
„ერისიონს“ უკავშირდება ერთი ძალიან საამაყო ამბავი: 1977 წელს ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) კოსმოსში გაგზავნა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“. ეს სიმღერა სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ იყო შესრულებული.
1999 წლიდან ანსამბლმა უცხოელ პროდიუსერებთან (ჯიმ ლოუსთან და პასკალ ჯორდანთან) დაიწყო თანამშრომლობა და თბილისში დიდი შოუების მზადება წამოიწყო.
2000 წელს ამერიკაში ჩატარდა შოუ „ლეგენდა თამარზე“. 2001 წლიდან პარიზში დაიწყო შოუ „Georgian Legend“, რომლითაც ანსამბლმა მოიარა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და სხვა მრავალი ქვეყანა.
ამ შოუებს მსოფლიო მედიამ უმაღლესი შეფასება მისცა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ამერიკულმა გაზეთებმა, როგორებიცაა New York Post და Los Angeles Times.