„ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ოჯახისგან, მის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა“ - ნინო ლომჯარია დედობაზე, ოჯახის მხარდაჭერასა და ბავშვობის მოგონებებზე - Marao

„ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ოჯახისგან, მის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა“ - ნინო ლომჯარია დედობაზე, ოჯახის მხარდაჭერასა და ბავშვობის მოგონებებზე

2026-07-27 12:11:03+04:00

იურისტი და ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, გადაცემა „ვიკასთან“ სტუმრობისას მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი კუთხით წარდგა. მან ღიად ისაუბრა საკუთარ ბავშვობაზე, ოჯახზე, დედის როლსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე დედობას ახლავს თან.

ნინო ლომჯარიას ოჯახი და მოგონებები ბავშვობიდან

  • ბავშვობა

- მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში, ოზურგეთში. ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. დედით ვარ მთიული, ასე ვთქვათ, ჩემს თავს ვაიდენტიფიცირებ გურულად, თუმცა ჩემში მთაც არის დიდი დოზით. ბარიც და მთაც ძალიან ახლობელია ჩემთვის. დედაჩემი გურიაში რომ გათხოვდა, მისთვის ეს იყო თითქოს საზღვარგარეთ წასულიყო, იმდენად უცხო იყო, მათ შორის საუბარიც კი არ ესმოდა. იყო რაღაც ნიუანსები, როცა უბრალოდ არ ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ და ძალიან უცხო იყო მისთვის ეს გარემო.

მთელი ბავშვობა ასე მაქვს გატარებული: როცა გურიიდან თიანეთში მივდიოდით ხოლმე, მთელი გზა დედა მიყვებოდა ისტორიას ყველაფერზე, რასაც ვნახავდით. პრაქტიკულად მთელი საქართველოს გავლა გვიწევდა, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, და რეალურად ასე ვისწავლე საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. ყველა ციხესთან, ყველა ტაძართან, ყველა ადგილთან, სადაც ჩავივლიდით, მოკლედ გვიყვებოდა ინფორმაციას. ბავშვობაშიც შესამჩნევი იყო განსხვავებები მხარეებს შორის.

თიანეთი ძალიან მიყვარს. იშვიათად ჩავდივარ - ბებიას და პაპას სახლია, ახლა დიდ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ თიანეთი ჩემთვის არის რაღაც სამოთხისმაგვარი ადგილი, სადაც ყველაფერი, რაც მაკავშირებს, მხოლოდ ბედნიერი მოგონებებია.

  • „მეუღლე ზღვაზე, ურეკში გავიცანი და 6 თვეში ოჯახიც შევქმენით... ორი შვილი გვყავს, კატო 16 წლისაა, ნიკოლოზი - 10-ის“ - ნინო ლომჯარია ოჯახსა და პროფესიაზე 

წყალი და ზღვა ძალიან, ძალიან მიყვარს, აუცილებლად უნდა წავიდე წელიწადში ერთხელ მაინც. ძალიან მიყვარს, ასევე, მთა. ორივეს მიმართ მაქვს ძალიან დიდი სიყვარული და მიზიდულობა. სიმწვანის მიმართ, გათიბული ბალახის სუნის მიმართ, ნახირს რომ დავინახავ... აი, ასეთ ბავშვობის მოგონებებს, ყველაფერ ტკბილ მოგონებას უკავშირდება ჩემთვის სოფელი.

ჩემზე უფრო პროფესიონალები, სპეციალისტები ამბობენ ამას, რომ საერთოდ ყველაფერი იწყება ძალიან ღრმა ბავშვობიდან, მათ შორის იმ პერიოდიდან, რომელიც ჩვენ არც გვახსოვს. ბავშვობაში ალბათ ვიყავი ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ვარ, ოღონდ ცოტა მიკრო დონეზე. ვიწყებდით კონცერტების ორგანიზებას, ვწერდი სცენარებს სპექტაკლების, გადაცემების... ვრთავდი ბავშვებს, მეზობლებს, ნათესავებს, ბიძაშვილებს. მერე სკოლაში, უკვე მეხუთე კლასში, მასწავლებელმა დამაწერინა საახალწლო ღონისძიების სცენარი. მერე უკვე ცოტა იქით, მეცხრე-მეათე კლასში, ადგილზე შეიქმნა რაღაცები - არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული კლუბები. იქ უკვე გადაცემებსა და სიუჟეტებს ვაკეთებდით და ვუშვებდით გაზეთს, ძალიან კრიტიკულს. მახსოვს, რაღაცას რომ გამოვცემდით, განსაკუთრებით კრიტიკული სტატიები მე მქონდა ხოლმე. მეორე დღეს დაიქცეოდა ხოლმე სამასწავლებლო, განათლების განყოფილება და მერია - შეშფოთებულები იყვნენ: ეს ბავშვი როგორ წერს ასეთ რაღაცასო.

nino-lomjaria

  • ნინო ლომჯარია დედაზე

- ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც კვალი დატოვა, დედაა. ის ძალიან ბევრს გვიკითხავდა, ძალიან ბევრს გვიყვებოდა, ძალიან ბევრს გველაპარაკებოდა, გვასწავლიდა. ღამე მუხრან მაჭავარიანის ან ლადო ასათიანის ლექსზე ვიძინებდით. სულ ლიტერატურაში და პოეზიაში ვიძინებდით. მე არ ვგავარ დედას ხასიათით, ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც შტრიხების ჩამოყალიბებაში ის დამეხმარა.

  • ნინო ლომჯარია დედობაზე

- რაც დრო გადის, ვატყობ ჩემს მსგავსებას მშობლებთან. სულ რომ მიკვირდა, რატომ ნერვიულობს დედა, როცა ვაგვიანებთ ან ზღვაზე ვართ წასული: „რა მოხდა, კაცო, ჩავალთ, ვიცურავებთ, დავბრუნდებით“ ან „საღამოს გვიან დაბრუნება სახლში რატომ არის ასეთი სანერვიულო?“. ჩემი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, რომ ცოტა დამოუკიდებლად დაიწყეს გვიან დაბრუნება თუ სხვა რამ და ძალიანაც ვნერვიულობ - თურმე სანერვიულო ყოფილა! უფრო „დედა-დედა“ ვარ.

მე ვინც შემხვედრია, ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს ეს პრობლემა: სულ მინდა, რომ გავიდნენ და ითამაშონ ფიზიკურად ეზოში, თუმცა დიდად შესაძლებლობები კი არ არის ახლა თბილისში, რომ სადღაც გავიდნენ და იქვე სტადიონზე ან პარკებში ირბინონ და ველოსიპედით იარონ. არ ვუშლი გარეთ ყოფნას. ვმეგობრობთ, მაგრამ გვაქვს დედაშვილური ურთიერთობა.

დედობაში ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ისეთი პერიოდი არ გამოგეპაროს, როდესაც შეიძლება შვილს სჭირდებოდა შენი ყურადღება და შენ ამისთვის დრო არ გქონდა. ამაზე ფიქრი არის ჩემთვის ყველაზე რთული. დრო ძალიან სწრაფად გარბის, ძალიან სწრაფად იზრდებიან და სულ იმაზე ვფიქრობ, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამომრჩა - სადაც შეიძლება მერე გაიზარდოს და თქვას: „აი, იქ, მაშინ რაღაც მჭირდებოდა და შენ ვერ შეამჩნიე, ვერ გითხარი ან არ დამელაპარაკე“.

მშობლობა არის გამოწვევა არა მარტო ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც საჯარო ცხოვრება აქვს, არამედ ნებისმიერი დასაქმებული ქალისთვის. მე კიდევ შეიძლება უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, რომ ვიღაცას არ უნდა დავეთხოვო სადღაც წასასვლელად. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მკაცრი რეჟიმი აქვს - დილიდან ექვს საათამდე სადღაც უნდა იჯდეს - და ის მშობლებიც ალბათ იმავეს იტყვიან. ძალიან რთულია მუშაობა და ბავშვის მიმართ ყურადღების თავსებადობა. ალბათ გამოსავალი არის დროის ხარისხიანად გატარება, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ. მეც უფრო ამაზე ვცდილობ ვიყო კონცენტრირებული: სპორტზე ერთად ვიაროთ, ვიმოგზაუროთ და თავისუფალი დრო ერთად გავატაროთ.

  • მეუღლე

- მამას ძალიან დიდი როლი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, მეც მეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცი, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც თანაბრად არის ჩართული მშობლის როლის განხორციელებაში. ძალიან მომწონს ის ცვლილება, რასაც ქართველ მამაკაცებში ვხედავ - როგორ ზრუნავენ შვილებზე და როგორ იღებენ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენი მშობლების შემთხვევაში ნორმა არ იყო. მამები არ იყვნენ ჩართულები, მაგალითად, შვილების მასწავლებლებთან წაყვანით ან სკოლის კრებებზე დასწრებით.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ოჯახისგან. მის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა და ძალიან რთულია, ალბათ, ყველა ადამიანისთვის, თუ არ აქვს მხარდაჭერა ოჯახში.