MMA-ის ქართველი მებრძოლი დაინიშნა: ვინ არის გურამ ქუთათელაძის უმშვენიერესი რჩეული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია - Marao

MMA-ის ქართველი მებრძოლი დაინიშნა: ვინ არის გურამ ქუთათელაძის უმშვენიერესი რჩეული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია

2026-07-27 14:06:38+04:00

 MMA (შერეული საბრძოლო ხელოვნება) - ის ცნობილი ქართველი მებრძოლი, UFC-ის ყოფილი წევრი გურამ ქუთათელაძე დაინიშნა. მისი რჩეული  ერიკა რაისა ნილსენია.

როგორც ცნობილია, გურამმა ერიკას ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს სთხოვა - სწორედ მაშინ, როდესაც ესპანეთის ნაკრები არგენტინასთან გამარჯვებას ზეიმობდა. ამ მნიშვნელოვან და ემოციურ მომენტს ოჯახთან ერთად ესწრებოდნენ UFC-ის ქართველი მებრძოლები, ძმები ალექსანდრე და ილია თოფურიები.

"ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ჩვენ ვქორწინდებით!" - წერს გურამი.

წყვილი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზიარებს გამომწერებს თბილ კადრებს, რომლებიც საზოგადოებისგან დიდ სიყვარულსა და დადებით გამოხმაურებას იმსახურებს.

guram-kutateladze

guram-kutateladze

გურამ ქუთათელაძის რჩეული ცნობილი ინფლუენსერი, იუთუბერი  ერიკა რაისა ნილსენია - ის სპორტულ კონტენტს ქმნის, მის ტუმრებს შორის კი იყვნენ ხამზატ ჩიმაევი და ალექსანდრე თოფურია. 

ვინ არის გურამ ქუთათელაძეს რჩეული?

ერიკა რაისა ნილსენს საკუთარი YouTube არხი "Beyond The Win" აქვს, სადაც მაყურებელს UFC-ის მებრძოლებს უფრო ახლოს აცნობს. ის არხზე ხშირად ჩნდება გურამთან ერთად. მან ერთ-ერთი ინტერვიუ ალექსანდრე თოფურიასთანაც ჩაწერა. ერიკა მუდმივად რჩეულის გვერდითაა და მას ყოველთვის მხარს უჭერს.

guram-kutateladzes-rcheuli

guram-kutateladzes-rcheuli

ვინ არის გურამ ქუთათელაძე?

გურამ ქუთათელაძე დაიბადა 1992 წლის 8 იანვარს საქართველოში. მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ვარჯიში. განსაკუთრებული მოტივაცია 11 წლის ასაკში მიიღო, როდესაც მოსკოვში თავის პირველ პროფესიონალურ MMA ბრძოლას დაესწრო.

გარკვეული დროის განმავლობაში გურამი შვედეთში, ქალაქ მალმოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა ცნობილ დარბაზში „Allstars Gym Sweden“. სწორედ იქ გაიცნო შერეული საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავი ალექსანდერ გუსტაფსონი და UFC-ის მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც იმ პერიოდში შვედეთის სახელით გამოდიოდა.

ქართველ მებრძოლს პროფესიონალური დებიუტი 2010 წელს ჰქონდა, როდესაც ქართულ პრომოუშენ M-1 Georgia-ში პირველი გამარჯვება საბმიშენით მოიპოვა. ამას მოჰყვა წარმატებული შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციაში — FFC-ში მან ერიკ ფლიბერგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო 2013 წლის 23 მარტს HFC-ის ეგიდით ჯონათან სვენსონს სძლია ნოკაუტით.

guram-kutateladze

მნიშვნელოვანი წინსვლა იყო ორგანიზაცია Brave CF-ში ასპარეზობა, სადაც 2018 წლის 21 სექტემბერს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ერიკ კარლოს სილვა, ხოლო 2019 წლის 15 ნოემბერს პირველსავე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო ფელიპე სილვა.

მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციაში, UFC-ში, გურამის დებიუტი 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა ტურნირზე „UFC Fight Night: ორტეგა vs. კორეელი ზომბი“, სადაც მან დაძაბულ ბრძოლაში მატეუშ გამროტი დაამარცხა. 2025 წელს ქართველმა სპორტსმენმა UFC დატოვა და კარიერა რუსულ ორგანიზაცია ACA-ში გააგრძელა. ამ ეტაპისთვის გურამ ქუთათელაძის MMA რეკორდი 13 გამარჯვებასა და 5 მარცხს შეადგენს.