10 წელი პირველი გარეკანიდან: ვიტორია ჩერეტი Vogue Italia-ს აგვისტოს ნომრის მთავარი გმირია
იტალიური მოდის ინდუსტრიის გამორჩეული სახე, ტოპ-მოდელი ვიტორია ჩერეტი, Vogue Italia-ს აგვისტოს ნომერს ერთბაშად ორი შთამბეჭდავი გარეკანითა და სპეციალური ფოტოსესიით უბრუნდება. გასული წლის გარეკანიდან ზუსტად ერთი წლის, ხოლო მის მიერ გადაღებული პირველი cover story-დან 10 წლის თავზე, ვიტორიამ კვლავ დაამშვენა გამოცემის გვერდები, რომლებიც ზაფხულის თავისუფლებასა და ტრანსფორმაციის ხელოვნებას ეძღვნება.
ლოს-ანჯელესის ცხელი მზის ქვეშ გადაღებული ფოტოსესია მოდელისა და მისი მეგობრის, ფოტოგრაფ ვიტო ფერნიკოლას (Vito Fernicola) კოლაბორაციაა, ხოლო სტილზე ცნობილმა სტილისტმა კარლოს ნაზარიომ (Carlos Nazario) იზრუნა.
„ყველაფერი ჩემი და ვიტოს თანამშრომლობით დაიწყო: მას იდეები ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ზუსტად იცოდა, რომ ეს გადაღება ლოს-ანჯელესში უნდა შემდგარიყო. შემდეგ პროექტს კარლოსი შემოუერთდა, საიდანაც გაჩნდა კიდეც მოდური შთაგონება და 'Vitto Vittoria'-ს იდეა“, - იხსენებს ვიტორია.
გადაღებების პროცესი მხიარული და ექსპერიმენტული აღმოჩნდა. როგორც ტოპ-მოდელი აღნიშნავს, პირველი დღის თითქმის სამი საათი მხოლოდ იდეალური პარიკის შერჩევას დაეთმო:
„ყოველ ჯერზე, როცა ახალ პარიკს ვირგებდი, პერსონაჟიც იცვლებოდა - უნებლიეთ ვიგონებდი სხვადასხვა აქცენტს, პროფესიასა და პატარა ისტორიებს. ბევრს ვიცინოდით, რადგან თითოეულ ლუქს თითქოს საკუთარი ინდივიდუალურობა ჰქონდა“. მთავარი გარეკანის კადრი კი სეტზე გაჩენილი უეცარი ინტუიციის შედეგია - გადაწყვიტეს, კაბა დაესველებინათ. ვიტორიას თქმით, სწორედ ამ სპონტანურობამ შესძინა ფოტოს ისეთი ემოცია, რომლის წინასწარ დაგეგმვაც შეუძლებელი იყო.
გარეკანის ფოტოზე ვიტორიას Gucci-ს ჟერსის ცალმხრიანი (monospalla) კაბა და Tiffany & Co.-ს ბრილიანტებიანი ოქროსა და პლატინის ბეჭედი ამშვენებს, ხოლო მაკიაჟზე Armani Beauty-მ იზრუნა.
სტატიაში, რომელსაც მოდის მკვლევარი ლაურა ფრისა (Laura Frisa) უძღვება, ყურადღება გამახვილებულია სხეულზე, თავისუფლებასა და ქალურისა და მამაკაცურის ზღვრის წაშლაზე. ფოტოსესია გადმოსცემს ვიტორიას უნარს, ითამაშოს ისე, რომ არასდროს მოექცეს მხოლოდ ერთი ჩარჩოს ქვეშ - ის ერთდროულად ქალურიც არის და "boyish"-იც, ყოველთვის ღია ცვლილებებისთვის.
„ჩვენ არ დაგვჭირდა არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ ხასიათს შორის. ორივე ექსპერიმენტულად გამოვცადეთ, შევახამეთ და გავაერთიანეთ. სწორედ ურთიერთსაპირისპირო სამოსის ბალანსიდან იბადება ის ცნობადობა, რასაც ყოველდღიურად ვეძებ და რაც ნამდვილად ჩემად მიმაჩნია“, - აღნიშნავს ვიტორია.
ლუქი 1: Comme des Garçons Homme Plus-ის პრინტიანი ბამბის ბლეიზერი და ბერმუდა.

ლუქი 2: Dora Larsen Lingerie-ს მაქმანის ბრალეტი, Ferragamo-ს აბრეშუმის ქვედაბოლო და Tiffany & Co.-ს ძვირფასი ბეჭედი.

ლუქი 3: Balenciaga-ს ტყავის პალტო, ბამბის პოპლინის პერანგი და ჯინსი; Celine-ს ტყავის ფეხსაცმელი და სტილისტის კროპ-ტოპი.

Vogue Italia-სთან ათწლიან თანამშრომლობაზე საუბრისას ვიტორია ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში მათ შორის ჩამოყალიბდა ნდობისა და თანამონაწილეობის ისეთი მყარი ურთიერთობა, რომელიც არასდროს დაკარგულა.