წიგნები, რომლებიც 9 წლამდე ასაკის ბავშვებს აუცილებლად შეუყვარდებათ - Marao

წიგნები, რომლებიც 9 წლამდე ასაკის ბავშვებს აუცილებლად შეუყვარდებათ

2026-07-30 11:44:40+04:00

წიგნების სიყვარული ხშირად 6–9 წლის ასაკში იბადება. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად კითხვას, სწავლობენ უფრო გრძელი ისტორიების მიყოლას, საყვარელი პერსონაჟები უჩნდებათ და წიგნს უკვე არა მხოლოდ დავალებად, არამედ საინტერესო თავგადასავლად აღიქვამენ. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება კითხვის ჩვევა, რომელიც მომავალში როგორც აკადემიურ წარმატებაზე, ისე ბავშვის პიროვნულ განვითარებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 6–9 წლის ასაკში ბავშვების ტვინი განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება. კითხვა კი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ის ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, აუმჯობესებს მეტყველებასა და ტექსტის გააზრების უნარს, ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას. ამასთანავე, წიგნების კითხვა ბავშვს ეხმარება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაში, პრობლემების გააზრებასა და გამოსავლის ძიებაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური განვითარებაც. როდესაც ბავშვი წიგნის პერსონაჟებთან ერთად განიცდის სიხარულს, შიშს, იმედგაცრუებას თუ გამარჯვებას, ის სწავლობს სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობას, თანაგრძნობას და საკუთარი გრძნობების უკეთ გამოხატვას. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ კითხვა ემპათიის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ წიგნებს წარმოგიდგენთ, რომლებიც 6–9 წლის მკითხველებისთვის შესანიშნავი არჩევანია. ეს ისტორიები არა მხოლოდ გაართობს ბავშვებს, არამედ მათ წარმოსახვას, ცნობისმოყვარეობასა და წიგნების სიყვარულსაც მეტად გააძლიერებს.

“კუპატას თავგადასავალი”, გიორგი კეკელიძე

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი - ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა - ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა - მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ... დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას - ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან - ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

„ყვითელი კოდალას ორდენი“, მონტეირუ ლობატუ

 

ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე, ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრასა და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ყველა სურვილის შესრულებაზე;

ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული ხილით დახუნძლულ ხეზე ჯდომასა და თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე ისტორიების მოყოლაში. სწორედ ასე ატარებენ ზაფხულის არდადეგებს ყვითელი კოდალას სახლის ბინადარი ცხვირპაჭუა და პედრინიო, მათ ამბავს კი მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გონიერი, საუკეთესო იდეების ავტორი და, უბრალოდ, ულამაზესი თოჯინა ემილია გვიყვება.

ძმები გრიმების ზღაპრები

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპრების კრებულია, რომელიც თაობების განმავლობაში ბავშვების საყვარელ წიგნად რჩება. კრებულში შეხვდებით კლასიკურ ისტორიებს, როგორებიცაა „ფიფქია“, „ჰენზელი და გრეტელი“, „წითელქუდა“, „რაპუნცელი“, „ბრემენელი მუსიკოსები“ და სხვა. ეს ზღაპრები ბავშვებს კეთილისა და ბოროტის გარჩევას, სიმამაცის, მეგობრობის, შრომისმოყვარეობისა და სამართლიანობის მნიშვნელობას ასწავლის, ხოლო საინტერესო სიუჟეტები და დაუვიწყარი პერსონაჟები მათ წარმოსახვას კიდევ უფრო ავითარებს.

„ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ მარკ ტვენი

 

მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე.

„ბილი და ბო“, კრისტინე რუი შლეტებაკენი

 

არსებობენ ადამიანები, რომელთან მეგობრობითაც ჩვენი გულები ერთიორად იზრდება, მათ გვერდით სამყაროც ჩვეულებრივზე ლამაზი ჩანს. მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრის ყოლა სარისკოა – ერთ დღეს შეიძლება ის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს და შენი გული ისე შეიკუმშოს, ახალი მეგობრისთვის ადგილი აღარ დარჩეს.…

თუმცა, ცხოვრება ხომ უცნაურობებითაა სავსე! და თუ ვინმე რჩეულს გიწოდებს, გულიც ისევ გახსნის კარს. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს ვინმე სულ სხვანაირი, გიჟმაჟი, ონავარი, მხიარული, გამბედავი და თავქარიანი გოგონაა, სახელად ბილი. ჰოდა, ბოც – გულითადი ბიჭუნა და ერთგული მეგობარი, დაუფიქრებლად ირგებს რჩეულის როლს და თავდავიწყებით გადაეშვება ბილისთან ერთად მოულოდნელ და საინტერესო თამაშებში.

„ბილი და ბო“ ნორვეგიელი ავტორის საბავშვო ნაწარმოებია, რომელში მოთხრობილი მხიარული ამბების მიღმა ისეთი საკითხებიც დაგვაფიქრებს, ზრდასრულთა ცხოვრებასაც რომ სდევს თან: რას ნიშნავს ადამიანებისთვის ერთმანეთის რჩეულობა, ნდობა, გულითადი მეგობრობა, თანასწორობა, გულწრფელობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება…

R