"პირველი 30 ივლისია, რომელსაც მისი დიდი ოჯახი მის გარეშე ხვდება" - ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, ინგა თევზაძე და მისი განვლილი გზა - Marao

"პირველი 30 ივლისია, რომელსაც მისი დიდი ოჯახი მის გარეშე ხვდება" - ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, ინგა თევზაძე და მისი განვლილი გზა

2026-07-30 12:14:39+04:00

"დღეს სუხიშვილების ოჯახის გამორჩეული წევრის, ანსამბლის ყოფილი მოცეკვავისა და ბალეტმეისტერის, დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონის - ინგა თევზაძის დაბადების დღეა. პირველი 30 ივლისია, რომელსაც მისი დიდი ოჯახი მის გარეშე ხვდება, თუმცა სიყვარულითა და ღირსებით განვლილი ცხოვრება დროს არ ემორჩილება. ადამიანი რჩება იქ, სადაც ყველაზე ძვირფასი მოგონებები ცოცხლობს - ადამიანთა გულებში, მადლიერებასა და სუხიშვილების დიდი ოჯახის ისტორიაში", - წერს "სუხიშვილების" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში და ინგა თევზაძის ფოტოებს აქვეყნებს. 

inga-tevzadze

inga-tevzadze

ინგა თევზაძე - განვლილი გზა

ინგა თევზაძე 20 წლის იყო, როცა ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" სოლისტი გახდა. ეს 1961 წელს, ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა "სუხიშვილები" ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სახელს ატარებდა. შესანიშნავი გარეგნობისა და განუმეორებელი ნიჭის ახალგაზრდა, ინგა თევზაძე 1990 წლიდან  ბალეტმეისტერი გახდა. 1991 წელს კი მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. 

  • ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა: ლეგენდარული ბალეტმეისტერის, ინგა თევზაძის განვლილი გზა

ინგა თევზაძე ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე და დიდი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის რძალია. ის წლების მანძილზე იყო იმ ტრადიციისა და კულტურის ღირსეული გამგრძელებელი, რასაც "სუხიშვილები" ჰქვია. ინგა თევზაძემ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო და მისთვის დამახასიათებელი მუსიკალობით, არტისტიზმითა და პლასტიკურობით ჩვენი ქვეყნის სახედ იქცა. 

  • „სუხიშვილები“: ეპოქა სცენაზე და გულიკო სიხარულიძის ლეგენდა

"ინგა ბათუმში გავიცანი. იქ მამასთან ერთად იყო. შევხედე და მომეწონა, მაგრამ არაფერი მითქვამს. რამდენიმე დღეში სამხრეთ ამერიკაში წავედი სამთვენახევრით. იქიდან რომ ჩამოვედი, ვხედავ, ეს გოგო ანსამბლში, რეპეტიციაზეა. თურმე, დედასაც მოსწონებია და უთქვამს, წამოდი, ცეკვას გასწავლიო. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. 25 წლის ვიყავი, ინგა 21-ის იყო... მისი მშობლები ჩემი წინააღმდეგნი იყვნენ. მე მაშინ ცოტა ხულიგანი ბიჭის სახელი მქონდა და... ერთხელ მე და თენგიზ კიტოვანი შუაღამისას მივადექით ამის გამო ჩემს სიმამრს სახლში. მთვრალები ვიყავით, რას ჰქვია, ქალს არ მატან, თუ მინდა, ახლავე წავიყვან-მეთქი. მერე ყველაფერი ნორმალურად მოხდა. გამომატანდნენ, აბა, რას იზამდნენ, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო რამ მოხდა: თენგიზ კიტოვანს ინგა ძალიან მოეწონა და სისხლით დამაწერინა ხელწერილი, ინგა ძალიან კარგი გოგოა, შენ დღეს ერთი გინდა, ხვალ – მეორე და ზეგ – მესამე, ასე აღარ გამოვა, ხელწერილი დაწერე, რომ ინგა ცოლად მოგყავსო. ხელი გადამისერა, ახლაც მეტყობა ნაიარევი", - ასე იხსენებდა ინგა თევზაძის გაცნობას თენგიზ სუხიშვილი. 

თავად ინგა თევზაძე კი მომავალ მეუღლესთან პირველივე შეხვედრისას მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა: "ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როცა თენგიზი ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ჟურნალისტობა ნაკლებად დამჭირდებოდა. როცა დავამთავრე, მოსკოვში წავედი, თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში, ბალეტმეისტერის ფაკულტეტზე ჩავაბარე", - ამბობდა ის. 

  • "შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს გამნელებია, სცენაზე პირველად გასვლაა" - ილიკო სუხიშვილის ბლიც-ინტერვიუ და ამბები სცენის მიღმა

თენგიზ სუხიშვილთან შეხვედრამ ინგა თევზაძის ცხოვრება მართლაც შეცვალა - გაცნობიდან რამდენიმე წელში იქორწინეს. ამ ქორწინებას სიხარულით შეხვდნენ დიდი ილოკო და ნინოც - როგორც თავად ინგა იხსენებდა, მათთვის სასურველი რძალი იყო. 

ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა - "სუხიშვილებთან" ერთად მას მთელი საქართველო ემშვიდობება.