უმშვენიერესი ვლოგერი, ინსტაგრამერი და უკვე ინფლუენსერი თაკო საზინა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ვლოგერია, რომელმაც სილამაზის სფერო საზოგადოებას ვიდეოების მეშვეობით გააცნო. თაკომ ვლოგერობა წლების წინ დაიწყო და Youtube-ზე მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ მოკლე ვიდეოებს აქვეყნებდა. განსაკუთრებით პოპულარული ის 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მისი მიმდევრების რაოდენობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" სულ უფრო იზრდება.
ამჯერად თაკო საზინა ანა ტყებუჩავას პოდკასტის, V ელემენტის სტუმარი იყო, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მშობიარობა და პოსტსამშობიარო დეპრესია
- ძალიან რთული პოსტსამშობიარო პერიოდი მქონდა, ჩემთვის ეს მართლაც მძიმე აღმოჩნდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი ადამიანი მეხმარებოდა - დედაჩემი, დედამთილი, თორნიკე - მაინც მქონდა გარკვეული დეპრესია.
ჩემი აზრით, პოსტსამშობიარო დეპრესია ყველა ქალისთვის თითქმის გარდაუვალია. რამდენად წარმატებული, აქტიური თუ შემდგარიც არ უნდა იყო, მაინც დგება ეტაპი, როდესაც ქალისთვის ყველაფერი ძალიან რთულდება.
მიუხედავად ამისა, ვცდილობდი, ამ თემაზე მაქსიმალურად ღიად მესაუბრა მაყურებელთან. როდესაც მათგანაც მივიღე დასტური, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ძალიან დამეხმარა - ამ შემთხვევაში პირიქით, მაყურებელი დამეხმარა მე. ეს პერიოდი მართლაც გაივლის, თუმცა ახლა მაინც მძიმედ მახსენდება. მით უმეტეს, როდესაც პირველი შვილი გყავს და უცებ ტირილს იწყებს, შენ კი არ იცი, რა არის ამის მიზეზი, ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა იყო.
ბავშვობა და ოჯახი
- სხვათა შორის, ყველას ჰგონია, რომ ეს ჩემი ფსევდონიმია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ზოგს ჰგონია, რომ საზინაშვილი ან საზინავა ვარ, მაგრამ არა - ჩემი გვარია საზინა, რომელიც წარმოშობით უკრაინულია.
ჩემი წინაპრები, დიდი ბებია და ბაბუა, საქართველოში 1940-იან წლებში, უკრაინაში გამეფებული შიმშილობის - ე.წ. გოლოდომორის პერიოდში ჩამოვიდნენ. ისინი შიმშილობას გამოექცნენ, მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. საკმაოდ უცხო გვარია და, სხვათა შორის, თავიდან ამანაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ყველას ფსევდონიმი ეგონა.
რაც შეეხება ბავშვობას, ადრეულ ასაკში ძალიან მეტიჩარა და პრანჭია ვიყავი, თუმცა მოგვიანებით, სკოლის პერიოდიდან მის დამთავრებამდე, ასეთი აღარ ვყოფილვარ. ვიყავი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი. შესაძლოა, დღევანდელი გადმოსახედიდან ვინმეს ჰგონია, რომ სკოლაში პოპულარული ვიყავი, მაგრამ არა - არც პოპულარული გოგო ვყოფილვარ, არც ბულერი და არც ბულინგის მსხვერპლი. უბრალოდ, ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, ჩემი პატარა სამეგობრო წრით, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა.
