თუ ცხოვრების მჯდომარე წესი გაქვთ… – რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორებისგან - Marao

თუ ცხოვრების მჯდომარე წესი გაქვთ… – რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორებისგან

2026-07-30 13:35:18+04:00

დღეს ადამიანების დიდი ნაწილი სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მჯდომარე რეჟიმი ბევრისთვის კომფორტულია, უმოძრაობა დროთა განმავლობაში უარყოფითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. კისრისა და ზურგის ტკივილი, მხრების დაჭიმულობა, ენერგიის ნაკლებობა და კონცენტრაციის დაქვეითება – ეს იმ პრობლემათა მცირე ნაწილია, რომელსაც არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა იწვევს. ხანგრძლივ პერსპექტივაში ასევე იზრდება ქრონიკული დაავადებების რისკი, ფერხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა და მეტაბოლური პროცესები.

პრობლემათა ამ ჩამონათვალმა არ შეგაშინოთ, უმოძრაობით გამოწვეული ზიანის შემცირება ან თავიდან აცილება შესაძლებელია. რეკომენდაციებისთვის ფიტნესკლუბ „რეფორმას“ ვესტუმრეთ – გამოცდილი ფიტნეს ინსტრუქტორები თბილისში გვაძლევენ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც მათთან გასაუბრებისას მივიღეთ, დღის განმავლობაში რეგულარული მოძრაობაა. სასურველია, ყოველ 50-60 წუთში ერთხელ რამდენიმე წუთით ადგეთ, გაიაროთ, კიბეზე ახვიდეთ ან კისრისა და მხრების მარტივი გაწელვები შეასრულოთ. ასეთი მცირე შესვენებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და ზრდის პროდუქტიულობას. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია სიარული, რისთვისაც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროის გამოყოფა მაინც მარტივია. მაგალითად, შეგიძლიათ მიხვიდეთ არა უახლოეს, არამედ მოშორებით მდებარე გაჩერებასთან, მანქანა მეზობელ ქუჩაზე დააპარკინგოთ, ლიფტის ნაცვლად ისარგებლოთ კიბით, ლანჩის შემდეგ 10 წუთით გაისეირნოთ და ა.შ. 

„რეფორმას“ მწვრთნელები ხაზს უსვამენ გაწელვების მნიშვნელობასაც. საქმე ისაა, რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის დროს, კუნთები თანდათან იკუმშება და კარგავს ელასტიკურობას. ამის თავიდან ასაცილებლად ინსტრუქტორები გვირჩევენ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში შევასრულოთ მსუბუქი გაწელვები ან მუშაობის დასრულების შემდეგ 10-15 წუთი მაინც დავუთმოთ მათ. გაითვალისწინეთ, რომ გაწელვებისა და მობილობის გასაზრდელად იდეალური აქტივობაა იოგა, რომლის ჯგუფური სესიებიც ბევრ ფიტნესდარბაზში, მათ შორის, „რეფორმაშია“ ხელმისაწვდომი. 

როგორც ტრენერები ამბობენ, მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია ზურგისა და მუცლის კუნთების გაძლიერებაც, რადგან ჯდომის დროს ძირითადი დატვირთვა სწორედ ამ ნაწილზე მოდის. მათი გაძლიერებით შეძლებთ სხეულს უფრო სტაბილური საყრდენი შეუქმნათ, შედეგად, მოიხსნათ დისკომფორტი წელის არეში. 

სპეციალისტები ახალბედა მოვარჯიშეებს ან მათ, ვისაც მარტო ვარჯიში მოსაწყენად ეჩვენებათ, ურჩევენ, რომ ჯგუფური გაკვეთილებით დაიწყონ. ამ ტიპის სესიები ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს სოციალიზაციას. შედეგად, დიდია ალბათობა, რომ ვარჯიშის პროცესით უფრო მეტად ისიამოვნოთ და სამომავლოდ ის თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ. აღსანიშნავია, რომ „რეფორმაში“ ჯგუფური გაკვეთილების მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორისაა პილატესი, აერობიკა, ზუმბა, კრივი, კროსფიტი, პრესის ვარჯიშები, გაწელვები და სხვა. 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ყოველდღიური ჩვევებია, თუნდაც ისინი უმნიშვნელო და ძალიან უბრალო ჩანდეს. რეგულარულად მიჰყევით მათ და მალევე იგრძნობთ ენერგიისა და პროდუქტიულობის ზრდას, რაც თქვენს ცხოვრების ხარისხზე აისახება.

R