ესპანური ენის სპეციალისტი, თარჯიმანი და ტელეწამყვანი თეა გვასალია ელენე სვანიძის გადაცემის, „UG Art პოდკასტის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან თავის პროფესიულ გზაზე, ესპანური ლიტერატურისადმი განსაკუთრებულ სიყვარულზე, პირველ თარგმანებსა და ტელევიზიაში გამოჩენის ისტორიაზე ისაუბრა.
თეა გვასალიას თქმით, მისი კარიერა არა ტელევიზიით, არამედ მთარგმნელობითი საქმიანობით დაიწყო. გარდამტეხი მომენტი 16 წლის ასაკში დადგა, როდესაც გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ წაიკითხა
სანამ ტელევიზიაში გამოჩნდებოდა, თეა გვასალიას უკვე შვიდამდე წიგნი ჰქონდა გადათარგმნილი. მისი სატელევიზიო კარიერაც პირდაპირ უკავშირდებოდა ესპანურ ენას.

თეა გვასალიას ინტერვიუ
- ვთვლი, რომ 90-იანებში ვინც მივედით ტელევიზიაში, მართლა ჩვენი სიტყვა ვთქვით და ჩვენი როლი შევასრულეთ. არ ვიცი, რა ხდება დღეს ტელევიზიაში, ალბათ 10 წელია არ ჩამირთავს ტელევიზორი. ამბებს ვნახულობ ინტერნეტში, ესპანურ ტელევიზიებსაც ინტერნეტში ვუყურებ და, სიმართლე რომ ვთქვა, ქართულ ტელევიზიას არ ვუყურებ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დაწყებული საქმე კარგად გააგრძელეს.
მე საქმიანობა ტელევიზიით არ დამიწყია, დავიწყე თარგმნით. 16 წლის რომ ვიყავი, „მარტოობის ასი წელიწადი“ როცა წავიკითხე, თავხედური გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამის შემდეგ მარკესი რასაც დაწერდა, მე უნდა მეთარგმნა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ხელში ჩამივარდა „გულუბრყვილო ერენდინასა და მისი ულმობელი ბებიის დაუჯერებელი და სევდიანი ამბავი“ ასე ერქვა მოთხრობების კრებულს. სკოლა რომ დავასრულე და ჩავაბარე, დავჯექი და ეს მოთხრობების კრებული ვთარგმნე. ახლა კი ვფიქრობ, როგორ შევბედე, მაგრამ გავბედე და დამიბეჭდეს. პირველი თარგმანი პაატა ნაცვლიშვილმა დამიბეჭდა და დღემდე ვემადლიერები ამისთვის. დალი ფანჯიკიძემ წაიკითხა, რომელიც ჩემთვის ავტორიტეტი იყო, ძალიან მოეწონა და კარგი შეფასებებიც მივიღე. ამის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ხშირად ჩავდიოდი ესპანეთში და ყოველ ჩასვლაზე ახალი წიგნი ჩამომქონდა. თვითმფრინავში ვკითხულობდი და ჩამოსვლის შემდეგ ვიწყებდი თარგმნას. ტელევიზიაში მოვხვდი უფრო გვიან, დაახლოებით შვიდი წიგნი მექნებოდა გადათარგმნილი. ტელევიზიაში მოხვედრაც ესპანეთთან იყო დაკავშირებული. კერძო ტელევიზია იყო „იბერვიზია“ და მაშინ დირექტორმა ზაზა შენგელიამ მითხრა, რომ სანამ საკუთარი პროდუქცია ექნებოდათ, სურდათ უცხოური ტელევიზიებიდან ნათარგმნი გადაცემების გაშვება და მათ შორის - ესპანურისაც. მეც, რა თქმა უნდა, წავედი - მაშინდელ თბილისში ესპანურთან კავშირი სხვანაირად ვერ მექნებოდა.
მერე გადავწყვიტე: თარგმნა კარგი იყო, მაგრამ რაიმე ჩემიც მეცადა. პოლიტიკისგან შორს ვიყავი და მსურდა რაიმე მხიარული გამეკეთებინა. ერთი-ორი გადაცემა გავაკეთე და ეს ტელევიზიაც დაიხურა, შემდეგ კი „მაესტროს“ შევუერთდი