სალიტა ჩუბინიძის სახელი მაყურებელს წლების წინ პოპულარული კომედიური შოუებიდან კარგად ახსოვს. უკვე 12 წელზე მეტია, რაც ის ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა - სალიტამ ოჯახი მსახიობ გიორგი აფციაურთან ერთად შექმნა, შვილები შეეძინა და მთელი თავისი დრო და ენერგია სწორედ ოჯახურ ზრუნვას დაუთმო.
დიდი პაუზის შემდეგ, სალიტა სცენაზე დაბრუნებას გეგმავს. მან „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილ წლებზე, თავის ახალ ამპლუასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სალიტა ჩუბინიძის ინტერვიუ
- ამდენი წლის მანძილზე არ ვჩნდებოდი იმიტომ, რომ ეს, პრინციპში, ჩემი გადაწყვეტილება იყო. მინდოდა, მთელი დრო და რესურსი მთლიანად ჩემს შვილებსა და ოჯახს მოხმარებოდა.
ახლა კი... მე რასაც ვგრძნობ და გულწრფელად რაც შემიძლია რომ გითხრათ, არის ის, რომ ეს თითქოს ცხოვრებისეული მეორე შანსია. ის, რაც აქამდე შეეძლო გაეკეთებინა და ვერ გავაკეთე, ახლა თითქოს ცხოვრება მეორე შანსს მაძლევს – ეგეთი შეგრძნება მაქვს მე პირადად.
მიუხედავად იმისა, რომ ეკრანებზე არ ვჩნდებოდი, განვითარება მართლა არასდროს შემიწყვეტია. ვსწავლობდი, მივილტვოდი პედაგოგიური საქმიანობისკენ და ეს საქმე ძალიან, ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცხოვრებისეული მისიასავით არის. მგონია, რომ ასე უბრალოდ მასწავლებლები არ ხდებიან და ყველა მასწავლებელს თავისი ცხოვრებისეული მისია და როლი აქვს. ვფიქრობ, მაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემი ბავშვების ცხოვრებაში დადებითი შტრიხი და ხაზი შევიტანო, რამაც, შესაძლოა, განსაზღვროს კიდეც მათ მომავალი წარმატებები.
ამ ეტაპზე ვარ ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელი. ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. დაინტერესებული ვარ მინიატიურული ხელოვნებით – გარდა იმისა, რომ ვმღერი და ჩემი მთავარი ცხოვრებისეული საქმიანობა, ალბათ, ეს არის. ამას გარდა, დაინტერესებული ვარ მინიატიურული ხელოვნებით, თავადვე ვქმნი ამ ნივთებს და ეს დამატებითი აღფრთოვანების მიზეზი ხდება ხოლმე ბავშვების მხრიდან, იმიტომ რომ, რა ვიცი, ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს.
სრულად ნახავთ ინტერვიუში "პრაიმ ტაიმთან“