"ეს მაბედნიერებს და მაძლევს ძალას, რომ იმედით გადავდგა შემდეგი ნაბიჯები" - მაკა ჩიჩუას ინტერვიუ - Marao

"ეს მაბედნიერებს და მაძლევს ძალას, რომ იმედით გადავდგა შემდეგი ნაბიჯები" - მაკა ჩიჩუას ინტერვიუ

2026-07-31 12:31:26+04:00

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ ბედნიერებაზე, შთაგონებასა და თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე ისაუბრა. მან გააზიარა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ შინაგანი მშვიდობა და მომავლის იმედი რთულ პერიოდებში.

- ცხოვრებაში საინტერესო სიახლეები მსიამოვნებს, მაგალითად, როცა მიდიხარ ისეთ ადგილას, რომელიც შემდეგ შთაგონების წყარო გახდება, რომ რაღაც დაწერო ან დახატო.  საინტერესო ადგილები, ადამიანები დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ძალიან მიყვარს ზღვა, ზღვისგან რაღაცნაირად თითქოს ვიტენები. ეს ინსპირაცია მჭირდება, რომ ჩემს შემოქმედებაში ავსახო და ამ რესურსით შევძლო შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.

საინტერესო ურთიერთობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მგონი, ყველა ადამიანს სჭირდება ერთფეროვნებისგან განთავისუფლება. ჩვენ აღმოვჩნდით უარყოფით ველში, არამარტო საქართველო, ზოგადად, პლანეტაც, მაგრამ საქართველოც თითქოს უკან წავიდა. თითქოს იმედი იკარგება, მომავლის ხალისი იკარგება, ამიტომ რაც უფრო მეტად შემოვა ცხოვრებაში საინტერესო სიახლე ადამიანის თუ ლოკაციის სახით, ეს ყოველთვის მაბედნიერებს და მაძლევს ძალას, რომ იმედით გადავდგა შემდეგი ნაბიჯები.

მე მიყვარს ჰარმონიაში ყოფნა, სადაც არავინ უნდა დაამარცხო, იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერი. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, რომელიც ჭარბად არის შემოსული ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც სულ იყო. რომ გავიხსენოთ ბიბლიაც, შურით და ძალადობით იწყება. ღმერთმა ორი ადამიანი დასვა სამოთხის ბაღში, ისინი არ მოეწონა და გამოაგდო, ამ დროს ერთმა მოკლა მეორე, რადგან შეშურდა. ჩვენ, კაცობრიობა, ვცდილობთ, რომ ასეთი ტიპის შური, ბოღმა, ძალადობა მეტ-ნაკლებად გამოვგლიჯოთ ეშმაკს და სიკეთის ტრანსფორმაცია მოვახდინოთ," - ამბობს მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი - ცხოვრება დუშეთში, შვილები და ოჯახი 

მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".

მაკა ჩიჩუა  საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.

 maka-chichua

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ქმნი­და.

მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.