დედობა ერთდროულად უდიდესი ბედნიერებაც არის და უამრავი უხილავი გამოწვევაც, რომელზეც ხშირად ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. გადაცემა „დედების პოდკასტში“ სტუმრობისას, თათია თექთურმანიძემ სრულიად გულახდილად გაიხსენა ის რთული, თუმცა ემოციებით დატვირთული პერიოდი, რომელიც ორსულობასა და შვილის გაჩენის პირველ წელს ახლდა თან.
- პირველი ერთი წელი იმდენად ექსტრემალურ რეჟიმში გიწევს ცხოვრება, რომ მომხდარის ბოლომდე გააზრებას ვერ ახერხებ. ვიცოდი, რომ შვილი მყავდა, თუმცა ეს რეალურად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევიგრძენი - როდესაც გავიაზრე, რომ ბავშვი გავაჩინე, რომ ის ჩემი შვილია და უკვე დარბის.
დედობა საოცარი განცდა ყოფილა, თუმცა იმის შეგრძნება, რომ დედა ვხდებოდი, თავიდანვე მქონდა.
როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავს, მას ფიზიკურად ვერავის დაუტოვებ, რადგან ღამით გაღვიძება და კვება მაინც შენ გიწევს. მახსოვს, როდესაც ძალები სრულად გამოგელიათ, დედას დავურეკე და ვუთხარი: „ან შენ ჩამოდი, ან მე ჩამოვალ, თორემ ძალიან ცუდად ვარ.“ ერთადერთი, რაც იმ მომენტში მინდოდა, რამდენიმე საათი უწყვეტი ძილი იყო. დედა საათ-ნახევარში ჩემთან გაჩნდა და ეს პერიოდი მნიშვნელოვნად შემამსუბუქა.
ორსულობა რომ გავიგე, პროექტში ვიღებდი მონაწილეობას, 40-გრადუსიან სიცხეში, საშინელება ხდებოდა, მაგრამ იქ ვერავის ვერაფერს ვეტყოდი რადგან ორსულობის გაცხადებით მთელი გუნდი დაიძაბებოდა და პროექტი ჩაიშლებოდა. ამას ემატებოდა საშინელი ტოქსიკოზიც საკვებს საერთოდ ვერ ვიღებდი. სუპერმარკეტში ყოველდღე ვყიდულობდი კარტოფილს, სასტუმროს სამზარეულოში მიმქონდა და ვთხოვდი, მოეხარშათ. მხოლოდ მოხარშული კარტოფილითა და მწვანილით ვიკვებებოდი, რადგან სხვა ნებისმიერ საკვებზე გული მერეოდა

თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ კულინარიული პროექტ "მასტერშეფიდან" გაიცნო, სადაც მას "დესერტების პრინცესასაც" ეძახდნენ. თათიამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და თავმდაბლობით მალევე შეაყვარა და დაამახსოვრა. ამ პროექტის შემდეგ მან მონაწილეობა კიდევ არაერთ პოპულარულ შოუში მიიღო და, ამის პარალელურად, ინფლუენსერიც გახდა. თათია დღეს განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად უკეთებს რეკლამას სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას. ამასთან, ის საკუთარ გამომწერებს მარტივ და გამოცდილ რეცეპტებსა და რჩევებსაც უზიარებს.

"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე", - ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.