ინტერვიუ მაია ტურიაშვილთან
– ვინ არის მაია ტურიაშვილი?
- ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ. საკმაოდ მეოცნებე ვარ. ჩემთვის მთავარი ღირებულება მადლიერებაა, მადლიერება სამყაროს მიმართ. მადლიერება ღმერთის, ჩემი ბედის მწერლების, წინაპრების, შთამომავლების თუ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სიკეთე გაუკეთებია. მადლიერი ვარ იმ გამოცდილებების გამოც, რომელსაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება, შევუშინებივარ კიდეც, მაგრამ დრო გასულა და მივხვდარვარ, რომ ასე იყო საჭირო.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი ოცნებები ჩემს გონებასა და გულშია. ვოცნებობდი და ვოცნებობ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოს. რაც შეეხება მიზნებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ყოფილა – ინტერესების შესაბამისად. ოცნება ზოგჯერ გადამრჩენელია ადამიანისთვის. ჩემს თავს მეზღაპრეს ვეძახი. ეს მეხმარება ურთიერთობებში, შემოქმედებით მუშაობაში. მე მიყვარს ფერები და მრავალფეროვნება ამ სამყაროში, ჩემს ფიქრებში, შემოქმედებაში და საერთოდ, ყველგან და ყველაფერში. რაც უფრო ბევრი ფერია ცხოვრებაში, მით უფრო კარგადაა ადამიანი.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?
– ზეემოციური ვარ. ხანდახან მგონია, რომ ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს. ეს ძალიან მეხმარება პროფესიაში, განათლების მიღების პროცესში თუ ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ემოციების შეკავება არ არის სწორი, მისი ტრანსფორმაცია რამეში უნდა მოვახდინოთ – იქნება ეს შემოქმედება თუ სხვა საქმე.
– როდის გიტირიათ ბედნიერების თუ მტკივნეული ცრემლით, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– სკოლაში ვსწავლობდი. პედაგოგმა სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მომაყენა. არასდროს დამავიწყდება, როგორი მტკივნეული იყო ჩემთვის, შოკი იყო და როცა სახლში მოვედი, ვიტირე. დიდი ხანია, მე თვითონ პედაგოგი ვარ და მაშინაც და დღესაც, მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. არ შეიძლება, ასე მოქცევა. ამის მიუხედავად, დღეს მე ვფიქრობ, რომ არავისზე არ უნდა გაბრაზდე. წლებთან ერთად, კიდევ არაერთი ამბავი იყო. მაგალითად, რომ ვაბარებდი, პირველ წელს ვერ მოვეწყვე და ძალიან განვიცადე, ვიტირე კიდეც...
26 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ერთი კვირის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მამა გარდამეცვალა. ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო. მამის გარდაცვალებიდან ზუსტად 9 თვეში ვაჟი შემეძინა. დაახლოებით, წლინახევრის იყო ჩემი შვილი, რომ დედაც გარდამეცვალა, ჩემს ხელში დალია სული. ორივე ამბავი ისეთი მტკივნეული იყო, სიტყვებით რომ ვერ აღწერ.
წაიკითხეთ სრულად