„ვფიქრობ, კარგია, რომ ოჯახის შექმნა სწორედ ასეთ ასაკში გადავწყვიტე. უკვე მომწიფებული ვიყავი გონებრივად. გააზრებული მქონდა პასუხისმგებლობა და ვიცოდი, როგორ უნდა ვატარო ტვირთი, რომელსაც ოჯახი ითხოვს. ასაკობრივი სხვაობა, რაც ჩემსა და მარიტას შორის არის, მგონია, რომ ძალიან კარგია. ის სხვა თაობაა, მე – სხვა, ორივემ გავცვალეთ ჩვენი თაობების ავ-კარგი. მთავარი თანაცხოვრებაში ჰარმონიაა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენი შვილისთვისაც კარგია, რომ მამა უფროსია, დედა – ახალგაზრდა", - ამბობს გიორგი გასვიანი ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული წყვილია. მათმა ჰარმონიულმა თანაცხოვრებამ და ოჯახურმა იდილიამ სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანის გული დაიპყრო. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილი ერთად ზრდის ვაჟს - გალაკტიონს, რომელმაც მათ ცხოვრებას სრულიად ახალი აზრი და ბედნიერება შესძინა.
როგორც აღმოჩნდა, მათი გზები ხელოვნებამ და საერთო ინტერესებმა გადაკვეთა. მარიტა, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მომავალი მეუღლის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო და მის სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდა.
„მარიტა პანდემიამდე ჩემს სპექტაკლებზე დადიოდა. „ინსტაგრამით“ შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა პირველად ჩემი მეგობრის, ზურა ჯავახიას კონცერტზე შევხვდით. ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობაც სწორედ იქიდან დაიწყო. გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვეძლო,“ - იხსენებს გიორგი.
ურთიერთობის სერიოზულობა მალევე გახდა ცნობილი მარიტას ოჯახისთვისაც. გიორგის თქმით, სიმამრისა და სიდედრისთვის ეს სიახლე საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობდნენ, თუმცა პირველივე შეხვედრამ თბილ და ოჯახურ გარემოში ჩაიარა:

„რადგან მარიტა თეატრის დიდი მოყვარულია და ერთ დროს მსახიობობაზეც ფიქრობდა, მშობლებს არ გაჰკვირვებიათ, რომ მან ბედი ხელოვანს დაუკავშირა.“
ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებასა და ასაკზე საუბრისას, მსახიობი აღნიშნავს, რომ ადამიანს ბედნიერების განცდა ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია, თუმცა საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს საზოგადოებას:
„უფრო პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, ალბათ, ბევრად გამიჭირდებოდა. მაშინ მეტი პრობლემა მქონდა, პროფესიულად არ ვიყავი ჩამოყალიბებული და წესიერი სახლიც კი არ მქონდა, რადგან დევნილი ვარ. სწორედ ამიტომ არ ვჩქარობდი ოჯახის შექმნას. მთავარია, ყოველდღიური ბედნიერების განცდის უნარი გქონდეს.
ჩვენი ურთიერთობა ძალიან კომფორტულია - ერთნაირად ვფიქრობთ და ვაანალიზებთ მოვლენებს, რაც ცოლ-ქმრობაში უმნიშვნელოვანესია. თავს თავისუფლად ვგრძნობთ, ჩვენს კავშირში კი უდიდესი ადგილი მეგობრობასა და გულშემატკივრობას უკავია.“
დღეს მარიტა მელიქიშვილი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს დედობას, ოჯახურ ზრუნვასა და სწავლას, ამასთანავე ინარჩუნებს მაღალ აქტიურობას სოციალურ ქსელებშიც, სადაც მისი და გიორგის ყოველდღიურობა გამომწერებისთვის მუდამ საინტერესოა.