წარმატებული ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაინიშნა. მის ცხოვრებაში ახალა განსაკუთრებული ეტაპია, რომელზეც თავად მოგვიყვება და რაც მთავარია, მეუღლესაც გაგვაცნობს.
- დედისერთა ვარ და 31 წელია, მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვნერვიულობდი იმ მომენტზე, როცა გავთხოვდებოდი და ოჯახიდან წასვლა მომიწევდა. ეს ჩემთვის საკმაოდ ემოციური თემაა. მიმაჩნია, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში, რომ ვინმესთან ოჯახი შექმნას. როდესაც ჩემი მომავალი ქმარი კარგად გავიცანი, ასი პროცენტით ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი გადამედგა. შესაბამისად, ხელის თხოვნამ უდიდესი სიხარული მომანიჭა.
ჩვენ საკმაოდ დიდხანს არ გვყავდა ერთმანეთი პირადად ნანახი – დაახლოებით ხუთი თვე მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მოუთმენლად ველოდით შეხვედრას და როცა ეს მოხდა, რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად მოგვეწონა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორივე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოჯახის შექმნა გვინდოდა.
– ხელის თხოვნის მომენტზე, ალბათ, ყველა გოგოს უფიქრია. ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმოგედგინათ?
– სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე ლამაზი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა. ოჯახის შექმნასა და სამომავლო თანაცხოვრებაზე წინასწარ გვქონდა საუბრები. პატარა ბავშვები აღარ ვართ და ურთიერთობის დასაწყისშივე ვუთხარი, რომ არასერიოზული ურთიერთობა ჩემი მიზანი არ იყო. ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდებოდა და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ბეჭდით ჩამოსულიყო, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი, ამიტომ სიურპრიზი გამოვიდა.
– როგორც სპორტსმენს, მყისიერი რეაგირება და ცივი გონებით მოქმედება გახასიათებთ, მაგრამ იმ მომენტში, როცა თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ბეჭდით ხელში დაიჩოქა, რა ხდებოდა თქვენს თავს?
– საოცრება. უამრავი ემოცია ერთად მომაწვა. მე საერთოდ არ ვარ ოქროულობის მოყვარული ადამიანი, მაგრამ ბეჭედი რომ დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, ზუსტად ჩემი გემოვნების, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ჯერ იმან მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება, მუხლზე რომ დადგა, მერე – ბეჭედმა... ჩემს ქმარს მართლა ძალიან კარგი გემოვნება აღმოაჩნდა.
– ხელის თხოვნის მომენტში სად იყავით?
– საბერძნეთში, კრეტაზე, საოცრად ლამაზ გარემოში.
– ყველას ძალიან გაუხარდა, რომ თქვენი რჩეული ქართველია. ვინ არის ის, უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...
– ჩემი მეუღლე ნიკა ჯაფარიძე გახლავთ, წარმოშობით რაჭიდან. ბევრი მეკითხებოდა, სპორტსმენია თუ არაო. პროფესიონალი სპორტსმენი არ არის, თუმცა საკუთარ სხეულზე ძალიან ზრუნავს, აქტიურად ვარჯიშობს და ეს მისი ცხოვრების წესია. ერთად ყოფნისას ჩვენც ვივარჯიშეთ და ვიჭიდავეთ კიდეც.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ალბათ, ყველაფერი ბედისწერის დამსახურებაა. ინტერნეტით გაცნობა არასდროს მიყვარდა, არც მეხერხება ასეთი რამეები. ნიკას ჰქონდა ჯგუფი, სადაც ქრისტიანულ-ისტორიულ თემატიკაზე ძალიან საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებდა. ხშირად მხვდებოდა ეს ვიდეოები და ჯგუფში დავემატე. არც ვიცოდი, ქართველის თუ იყო, რადგან პირად ფოტოებს არ დებდა. თურმე თვითონ ამ ჯგუფიდან მწერდა, თუმცა მისი შეტყობინებები ძალიან გვიან ვნახე. როცა ვუპასუხე, მითხრა, პირად გვერდზეც შეგიძლია, დამამატოო. რამდენიმე თვე მყავდა მეგობრებში, მაგრამ იშვიათად ვპასუხობდი.