"რას იტყოდნენ – ეკა ცუდად მღერისო?" - ეკა კვალიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, განვლილ გზასა და რთულ პერიოდზე - Marao

"რას იტყოდნენ – ეკა ცუდად მღერისო?" - ეკა კვალიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, განვლილ გზასა და რთულ პერიოდზე

2026-08-06 16:47:02+04:00

ბევრჯერ მსმენია მომღერალი ეკა კვალიაშვილი უხეში, ხისტი ხასიათის ადამიანია, უკარება და ამპარტავანიო. თუმცა, ვინც მას იცნობს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ის თბილი, ადამიანური და მოსიყვარულე პიროვნებაა. უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას. ათი წლის წინ ექიმებმა მომღერალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ახლახან კი თურქეთში გაკეთებულმა ანალიზებმა ეს დაავადება გამორიცხა და გლუტენის აუტანლობა დაუდგინა, რომელიც ალერგიას იწვევდა და საშინელ რეაქციას აძლევდა. ეკა საკმაოდ ახლოს იყო პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა, მეგობრობდა და სწორედ მისი რჩევები გახდა საწინდარი, ცხოვრებაში სიმშვიდე მოეპოვებინა. ჩვენ მას დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.

kvaliashvili

  ეკა კვალიაშვილის ინტერვიუ

- ადრეულ ასაკში, რაღაც-რაღაცები უფრო მეტად მიმქონდა გულთან, უფრო მეტად განვიცდიდი, გულს მტკენდა. მერე, როცა სამყაროს პრინციპების შესწავლა დავიწყე და გავაცნობიერე, ადვილი გახდა ჩემთვის ცხოვრება. ამ ყველაფერში ჩემთვის პირველი ბიძგი და სტიმული პატრიარქი გახლდათ. პატრიარქის ხშირი სტუმარი ვიყავი, ვმეგობრობდით, ძალიან ვუყვარდი, სიმღერებს პირველად მასთან მივარბენინებდი, რომ მოესმინა და რაიმე შინაარსობრივი შეცდომა არ ყოფილიყო. ჩემი სიმღერების ტექსტები, ცხოვრებისეული, ღრმა აზრის მატარებელია. სხვათა შორის, არტისტიზმი, სიმღერა, მუსიკალური და წერის ნიჭი, ზოგადად, ხელოვნებისადმი მიდრეკილება, მთელს ოჯახს გენეტიკაში გვიდევს და ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი ჯერ მამაჩემი იყო, მისი გემოვნების ძალიან მჯეროდა და შემდეგ პატრიარქს ვასმენინებდი. არასოდეს მოუცია შენიშვნა, თუმცა ერთხელ მითხრა: იცი, როგორი სიმღერა მინდა დაწერო საქართველოზე? აი, „ბარსელონა“ რომ არისო. იგულისხმა ფრედი მერკური და მონსერატ კაბალიე რომ ასრულებდნენ. ისეთი სიმღერა რომ დამეწერა, ლაღიძე უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ვუთხარი: ყველანაირად შევეცდები, მაგრამ ეჭვი მეპარება, შევძლო-მეთქი. შევქმენი უფლის სადიდებელი. ის რომ მივუტანე და მოუსმინა, არ დამავიწყდება, ფეხზე წამომიდგა და ტაში დამიკრა. სასულიერო პირების დელეგაცია იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, დედაოებმაც მოისმინეს და იტირეს. პატრიარქმა დამლოცა და მითხრა: წინასწარმეტყველური სიტყვებია ამ გალობაში, საიდან მოგივიდა აზრადო. ვუპასუხე, არ მიმაჩნია, რომ ასეთ ლექსი დამოუკიდებლად დავწერე, ეს, ალბათ, უფლის ნება იყო, ზემოდან წამოსული-მეთქი.

– როგორც ვიცი, ხატვის ნიჭიც გაქვს და ესეც გენეტიკურია? რომ არა მომღერალი, ალბათ, მხატვარი იქნებოდი.

– სხვათა შორის, ბაბუა, მამის მამა – კოტე კვალიაშვილი, დამსახურებული მხატვარი იყო და მეც ძალიან კარგად ვხატავდი. ადრე ვხატავდი. დიდი ხანია, აღარ დამიხატავს და რომ ვცადო, ალბათ, ისევ კარგად გამომივა. გარდა ხატვისა, კომპოზიციის ნიჭიც მაქვს, პოეზიის, ძალიან კარგად ვწერ სცენარს და პროექტს. წერის ნიჭი მამიდისგან, მარიკო კვალიაშვილისგან დამყვა. ასე რომ, ოჯახიდან დამყვა ის ნიჭი, რაც მაქვს და რითაც ვამაყობ.

წაიკითხეთ სრულად