წლებია, გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაიწერენ ჯვარს კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი. თითქმის ათწლიანი თანაცხოვრების, ხუთი შვილისა და უამრავი ერთობლივი გამოჩენის შემდეგ, ჭორები მათი შესაძლო ქორწინების შესახებ მათივე სიყვარულის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ვარაუდები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჯორჯინამ სოციალურ ქსელში ბრილიანტის თვალისმომჭრელი ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.
დღეს გავრცელებული ცნობებით, ეს დიდხანს ნანატრი დღე შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე გვგონია. გრანდიოზული და ხმაურიანი წვეულების ნაცვლად, წყვილი, სავარაუდოდ, ვიწრო წრეში დაგეგმილ ცერემონიას გეგმავს რონალდუს მშობლიურ კუნძულ მადეირაზე, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში.

ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, ჯორჯინასა და კრიშტიანუს ქორწილი შაბათს, 8 აგვისტოს არის დაგეგმილი. ოფიციალური განცხადება თარიღის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა, რაც წყვილის ჩვეულ სტრატეგიას შეესაბამება - მაქსიმალურად დაიცვან პირადი ცხოვრება ზედმეტი ყურადღებისგან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, თითქოს ცერემონია 1 აგვისტოს, სინტრაში მდებარე ისტორიულ მამულში უნდა გამართულიყო, თუმცა ეს ჭორი მალევე უარყვეს, როდესაც ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ კომპლექსი ტურისტებისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. გარდა ამისა, რონალდუს ოჯახის წევრებმაც უარყვეს აგვისტოს დასაწყისში დაგეგმილი ქორწილის შესახებ ცნობები.
ბოლო ცნობებით, ჯვრისწერის ცერემონიისთვის შერჩეულია XVI საუკუნის ისტორიული ტაძარი - Sé do Funchal, რომელიც მადეირას დედაქალაქ ფუნშალში მდებარეობს. ამ ადგილს რონალდუსთვის უდიდესი ემოციური და პირადი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ კუნძულზე გაიზარდა და დაიწყო თავისი ლეგენდარული სპორტული კარიერა.
საგალობლები და ლოცვა შუადღისას, ტრადიციული პორტუგალიური განრიგით იგეგმება. ვინაიდან ტაძარი მოქმედია, ცერემონიის მიმდინარეობისას მიმდებარე ქუჩებზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები გატარდება.
საეკლესიო ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესასწაული ფუნშალის გამორჩეულ, ულამაზეს სასტუმროში - Savoy Palace Hotel-ში გაგრძელდება, საიდანაც ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედები იშლება.
სპეციალური ღონისძიების მზადებაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასტუმროს სტუმრები გააფრთხილეს, რომ უქმეებზე ორი მთლიანი სართული და რამდენიმე ბარი კერძო ღონისძიების გამო დროებით დაიკეტებოდა. სასტუმრო უზრუნველყოფს მაღალი დონის კონფიდენციალურობას, რაც ასეთი მასშტაბის წყვილისთვის აუცილებელი პირობაა.

სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა სავარაუდო სტუმრების ფოტოები და სიები, სადაც ისეთი ვარსკვლავები ფიგურირებდნენ, როგორებიც არიან ერლინგ ჰოლანდი, ლამინ იამალი და ცნობილი იუთუბერი IShowSpeed. თუმცა, ეს ფოტოები მალევე იდენტიფიცირდა, როგორც ციფრულად დამუშავებული ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყალბი მასალა.
ოფიციალური სტუმრების სია არ გამოქვეყნებულა. არსებული ინფორმაციით, ღონისძიება იქნება საკმაოდ დახურული და მასზე მიწვეულნი იქნებიან მხოლოდ ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები და მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორები.
წყარო: tatlerasia.com