მსახიობი ეკა ნიჟარაძე ვიკა ბუკიას გადაცემის - „ვიკასთან“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრებისა და პირადი გამოცდილების შესახებ გულახდილად ესაუბრა. ინტერვიუში მსახიობმა განსაკუთრებული ყურადღება დედობაზე, ბებიის ამპლუასა და თანამედროვე თაობებს შორის არსებულ სირთულეებზე გაამახვილა.

ეკა ნიჟარაძის ინტერვიუ
„მიკვირს, როცა მეუბნებოდნენ: "შენ რა მაგარი დედა ხარ" - ყოველთვის ძალიან მიკვირდა, როგორ შეიძლება ეს ასე არ იყოს. შენ აკეთებ იმას, რაც გევალება და რაც შენს შვილს უნდა გაუკეთო. უკვირდათ, რომ ძუძუს ვაჭმევდი... 1992 წლის იანვარში ბავშვი რომ შეგეძინება და იმას ძუძუს არ აჭმევ, მოსაკლავად წურავ, რადგან არაფერი იყო, არაფერი იყიდებოდა. მეორე კურსზე გავაჩინე ტასო, მეოთხეზე - ჯეჯიკო.
აი, ახლა მივხვდი, დედაჩემი რასაც მეუბნებოდა: ბებიობა განსხვავდება, პასუხისმგებლობას ვერ აიღებ. შენ შეგიძლია ურჩიო, უთხრა, მაგრამ რამის გადაწყვეტას ვერ იკადრებ. რეალურად ხვდები, რომ შენი გადასაწყვეტი არ არის. სიმართლე ვთქვა, ვერ ვიგებ, რა თაობაა, რა უნდათ. მარტო ჩემთან არ ხდება - ყველას აქვს ეს პრობლემა, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანასა და გეოგრაფიას.
2013 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ჩვენ არ ვიცნობთ. თინა [შვილიშვილი] 2013 წლიანია. ჩვენ და ჩვენი მშობლებიც განსხვავდებოდით, მაგრამ რაღაც საერთო გვქონდა, ვუგებდით ერთმანეთს და ერთ ენაზე ვლაპარაკობდით. ხალხი რომ მეკითხება, მაჩვენე თინას ფოტოო, არა, ყველა ფოტოზე ხელი აქვს აფარებული. ხშირად ვეუბნები: "თინა, რადგან მე მამაჩემთან ფოტო არ მაქვს, როცა გაიზრდები, შენც ინანებ, რომ ოჯახთან ერთად ფოტოში არ ჩანხარ". მათიც მესმის, რადგან გაჩენის დღიდან სულ ფოტოს უღებდნენ“, - ამბობს ეკა ნიჟარაძე.