"20 წლის განმავლობაში ის ჩემი და ილიკოს შთაგონება იყო" - 20 წელი "სუხიშვილებში" და თამარ დვალის ბოლო ცეკვა სცენაზე - Marao

"20 წლის განმავლობაში ის ჩემი და ილიკოს შთაგონება იყო" - 20 წელი "სუხიშვილებში" და თამარ დვალის ბოლო ცეკვა სცენაზე

2026-08-11 11:21:39+04:00

ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ ღია ცის ქვეშ არსებულმა პოპულარულმა პროექტმა „თაკარამ“ მორიგი, მეექვსე სეზონი დახურა. თუმცა, წლევანდელი სეზონის ფინალი ანსამბლისთვისა და მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. „თაკარას“ სცენიდან ანსამბლის გამორჩეულ სოლისტს, თამარ დვალს დაემშვიდობნენ. თამარ დვალი 20 წლის განმავლობაში ამშვენებდა „სუხიშვილების“ პროგრამას.

სეზონის დახურვისას, სცენაზე სიტყვით გამოსვლისას, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა თამარ დვალზე ისაუბრა.

"თაკარას მეექვსე სეზონი დღეს დაიხურა. ყველას გელოდებით მომავალ ზაფხულს. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა - ჩვენს რიგებს ტოვებს ანსამბლის ყველა თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე. 20 წლის განმავლობაში ის ჩემი და ილიკოს შთაგონება იყო, არაერთი სოლო ნომერი სპეციალურად მისთვისაა დადგმული," - განაცხადა ნინო სუხიშვილმა

თამარ დვალი

თამარის შეხება დიდ ხელოვნებასთან 3 წლის ასაკიდან დაიწყო. 90-იანი წლების თბილისში, ომისა და გაჭირვების პერიოდში, დედამ იგი კლასიკური ბალეტის წრეზე მიიყვანა.

"სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ რკინიგზელთა სასახლეში კლასიკური ბალეტის წრეზე მიმიყვანა, ეს იმ ურთულეს პერიოდში მოხდა, თბილისში ომი და გაჭირვება რომ იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღიდან სისტემატურად დავდიოდი ბალეტის გაკვეთილებზე, დედა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, პოტენციალი რომელიც ჩემში დაინახა ჩემმა პედაგოგმა ქალბატონმა ლანა აბულაძემ, განმევითარებინა და სათანადოდ გამომეყენებინა. ამ ამაგს არ ვიცი ოდესმე თუ გადავუხდი. სამი წლის ასაკიდან ვეზიარე დიდ ხელოვნებას. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებებში. (სხვათა შორის, 3 წლისამ ფილარმონიაშიც ვიცეკვე). შემდეგ ისევ ქალბატონი ლანას მოწოდებით  ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გავიარე სწავლების სრული კურსი და გავხდი ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მქონდა ბედნიერება მოვხვედრილიყავი ისეთი გამორჩეული პედაგოგების კლასში, როგორებიც არიან ლანა აბულაძე, ლუბა შკუნოვა, ოლია მენიალენკო, თამაზ ვაშაკიძე, ნატალია დიღმელაშვილი და სხვა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურის გავლის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია „საეკლესიო ფერწერა“, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პროფესორების უდიდესი წვლილი – ნათია ასათიანის, ნანა ხაზარაძის და მანანა აბუთიძის. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ შემეთვისებინა დოქტორანტის რთული სამუშაო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მეოთხე კურსიდან ვცეკვავდი ჯერ „სუხიშვილების“ სტუდიაში და შემდეგ უკვე ანსამბლში" - ამბობდა თამარ დვალი.

tamar-dvali

თამარი აღნიშნავს, რომ მაყურებლისთვის ხშირად შეუმჩნეველია ის რთული რეჟიმი და ტრავმები, რაც ამ პროფესიას ახლავს.

"ჩემთვის, მოცეკვავისთვის ერთ-ერთი რთული არის ბალანსის პოვნა პროფესიულსა და პირად ცხოვრებას შორის. რადგან ჩვენ გვიწევს ძალიან რთული რეჟიმით ცხოვრება, გვიწევს გასტროლებზე წასვლა და ოჯახთან ერთად ძალიან რთულია შეინარჩუნო ბალანსი, ამაში დიდი როლს ოჯახის წევრების თანადგომა ასრულებს, მეუღლე, შვილების, მშობლების. ვთვლი, რომ მაყურებლისთვის შეუმჩნეველია ამ მომღიმარი სახეების და სცენაზე ცეკვის უკან რამხელა შრომა და ფიზიკური დატვირთვა დგას. ხშირია ფიზიკური ტრავმებიც და მოცეკვავისთვის ესეც ძალიან რთული გადასატანია." - ამბობდა თამარი.