ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი ახალ კინოპროექტში ბრუნდება. 76 წლის მსახიობი ნიუ-იორკში, ფილმის „ასიმეტრია“ (Asymmetry) გადასაღებ მოედანზე, თავის 28 წლის პარტნიორთან, დიანა სილვერსთან ერთად დააფიქსირეს.
პარკის სკამზე გადაღებულ რომანტიკულ სცენაში, სადაც წყვილი ნაყინს შეექცევა და ერთმანეთს თბილად ეხვევა, ნათლად ჩანს მათ პერსონაჟებს შორის არსებული ქიმია. პაპარაცულ ფოტოებში გირს კლასიკური ღილებიანი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა, ხოლო სილვერს — წითელი ნაქსოვი მაისური, ხაკისფერი ქვედაბოლო და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
წყვილი „ასიმეტრიის“ გადაღებებზე ბიგ აპლის ქუჩებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ შეამჩნიეს — ხან ხელჩაკიდებული სეირნობისას, ხანაც პარკის სკამზე სიღრმისეული საუბრის პროცესში.

რას მოგვითხრობს ფილმის სიუჟეტი?
სურათი ეფუძნება ლიზა ჰალიდეის 2018 წლის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ამავე სახელწოდების ბესტსელერს.
ორიგინალური წიგნი სამი ნაწილისგან შედგება, თუმცა ფილმის სიუჟეტი კონცენტრირებულია პირველ ნაწილზე („Folly“). ის მოგვითხრობს ნიუ-იორკელი ახალგაზრდა სარედაქციო ასისტენტის, ელისისა (დიანა სილვერსი) და მასზე გაცილებით უფროსი, მსოფლიოში აღიარებული 70 წლის მწერლის, ეზრას (რიჩარდ გირი) სიყვარულის ისტორიას.
ცენტრალურ პარკში მათი პირველივე თვალის კონტაქტი წარმოშობს კავშირს, რომელიც ორივე პერსონაჟს სრულიად ახალ, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ კერძო სამყაროში გადაიყვანს.

შემოქმედებითი გუნდი
ფილმის სცენარზე ოსკაროსანმა რეჟისორმა ედვარდ ცვიკმა ავტორ ლიზა ჰალიდეისთან და მარშალ ჰერსკოვიცთან ერთად იმუშავა. ცვიკი ამავდროულად პროექტის რეჟისორისა და პროდიუსერის ამპლუასაც ითავსებს.