მსახიობი კახა კინწურაშვილი ანა ტყებუჩავას გადაცემას, „V ელემენტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარ შემოქმედებაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და ოჯახის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
მსახიობის თქმით, ნამუშევრის შეფასებისას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სწორედ მეუღლის აზრია.
"ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საზომი იმისა, პირობითად, გამომივიდა თუ არა ესა თუ ის გმირი და პერსონაჟი, ჩემი მეუღლეა. რადგან, როდესაც ის მოდის პრემიერაზე ან ნახულობს ფილმს, მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან და ასე ვერ ნახულობენ.
მაინტერესებს, ღირდა თუ არა ის პერიოდი, როდესაც სახლში არ ვიყავი. ამ მხრივ, ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდთან. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა ძალასაც მატებს და მუშაობის პროცესში უფრო კონცენტრირებულს ხდის.
ერთი მხრივ, გარკვეულ საქმეს ემსახურები და, პირობითად, ამის გამტარი ხარ. მეორე მხრივ კი, ამას შენი ცხოვრების ნაწილი მიაქვს - ეს ნაწილი კი მხოლოდ შენ არ გეკუთვნის, ის შენი ოჯახის საკუთრებაცაა. ეს შენი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, მზიკაა" - ამბობს კახა კინწურაშვილი.
კახა კინწურაშვილი
კახა კინწურაშვილი დაიბადა 1984 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში.
2006 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. მიწვევით მუშაობს თბილისის სხვადასხვა თეატრებში.
2005 წლიდან დაიწყო აქტიური სამსახიობო კარიერა და მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, რუსთაველის, მუსიკისა და დრამის თუ ახალი თეატრის სცენაზე დღემდე თამაშობს. ვრცელია მისი კინოროლების სიაც: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „თბილისური Love Story“, „ყაზბეგელი მფრინავი“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „სიყვარულის ბალადა“ , „ანოს და ვანოს თავგადასავალი“... მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუში "შუა ქალაქში". განსაკუთრებული პოპულარობა კი კახა კინწურაშვილს სერიალმა "ტიფლისი" და ლუკა მაისურაძის როლმა მოუტანა.

კახამ 2013 წლის 13 აგვისტოს ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე დაიწერა, 2014 წლის 13 ივლისს კი წყვილს ბიჭი შეეძინა, ბავშვს სახელად იოანე დაარქვეს. კახას მეუღლე მშობიარობის დროსაც არ მიუტოვებია.
"იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს. ესეც რომ არ იყოს, არ შეიძლება საყვარელი ადამიანი მიატოვო და ცალკე ინერვიულო. ქალი ამ დროს უდიდეს პროცესებს გადის. არ მეგონა, ასეთი შთამბეჭდავი პროცესი თუ იქნებოდა. იმის გამო არ დავსწრებივარ, მეფიქრა, ბავშვი, რომ დაიბადება, პირველმა ვნახო-მეთქი. მინდოდა, მზიკას გვერდით ვყოფილიყავი და მარტო არ დამეტოვებინა. ჩემი იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა", - თქვა კახა კინწურაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას.