გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუიციდური აზრების შესახებ.
33 წლის სუპერმოდელი და მსახიობი კარა დელევინი პოდკასტ Call Her Daddy-ის ესტუმრა, სადაც თავის უმძიმეს ბავშვობაზე, ფსიქიკურ პრობლემებსა და ნარკოდამოკიდებულებასთან მრავალწლიან ბრძოლაზე გულახდილად ისაუბრა.

კარას თქმით, მისი პრობლემები ადრეული ასაკიდან დაიწყო, რაც გამოწვეული იყო დედის, პანდორა დელევინის ჰეროინზე დამოკიდებულებითა და ბიპოლარული დეპრესიით.
„ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ნორმალური გეგონა მანამ, სანამ გარკვეულ ასაკს არ მიაღწევ და არ გეტყვიან, რომ დედაშენი შეიძლება მოკვდეს. საავადმყოფოში ხარ და ვერ ხვდები, რა ხდება. სულ მქონდა განცდა, რომ სადღაც შორს იყო - ან საავადმყოფოში, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. არავინ არაფერს მიხსნიდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მკვდარი იყო“.
7 წლის ასაკში, როდესაც დედაჩემი გაუჩინარდებოდა, პროტესტის ნიშნად „შიმშილობას“ ვაცხადებდი - ეს იყო ერთადერთი რამ, რაზეც კონტროლი მქონდა. მამაჩემი, ჩარლზ დელევინი, ბევრს მუშაობდა, რადგან თვლიდა, რომ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა მთავარი იყო. ის მეუბნებოდა: 'რა გაქვს სადარდებელი? ყველაფერი გაქვს - საჩუქრები, არდადეგები, კარგი სკოლა'.

„ყველაფერს გულში ვიგროვებდი, სანამ 15 წლის ასაკში ნერვული აშლილობა არ მომივიდა. სკოლის მიტოვება მოგიწია. სწორედ ამ დროს დავიწყე ნარკოტიკების მოხმარებაც. 13-14 წლისას ჰალუცინოგენებით ექსპერიმენტებს ვატარებდი. მიყვარდა ის განცდა, რასაც ნარკოტიკი მანიჭებდა - აღარ ვფიქრობდი დედაზე, აღარ ვგრძნობდი ზეწოლას იმის გამო, რომ სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობდი. ნარკოტიკმა მომცა ის, რასაც ასე გამчаტებით ვეძებდი - მიღებულობისა და კავშირის განცდა“.
თუმცა, ადრეულ ასაკში ჰალუცინოგენების მიღებამ საშინელი შედეგები მოიტანა.
„ტვინი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მქონდა და მახსოვს, საშინელი 'თრიფი' (bad trip) მქონდა... მეგონა, მამაჩემი ღმერთი იყო, დედაჩემი - ეშმაკი, და ის უნდა მომეკლა, რომ სამყაროს აღსასრული აცილებულიყო. უბრალოდ ჭკუიდან გადავედი. ყოველდღე მოვიხმარდი. ფსიქიკა იმდენად შეირყა, რომ სუიციდური აზრები გამიჩნდა“.

სკოლის მიტოვების შემდეგ კარამ სამოდელო კარიერა დაიწყო, თუმცა თვითშეფასების დაბალი დონე და არასრულფასოვნების კომპლექსი მუდმივად თან სდევდა. 20 წლის ასაკში, როდესაც უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო, ნარკოდამოკიდებულებამ პიკს მიაღწია.
„როდესაც ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ყველაზე მეტ დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი. ვფიქრობდი, რომ არაფერს ვემსახურებოდი. სიცოცხლის მოსპობასთან ძალიან ახლოს ვიყავი. სასტუმროს ნომერში მარტო მყოფმა გადავწყვიტე, ეს გაკეთებინა... მაგრამ უეცრად ტელეფონზე ჩაირთო სიმღერა, რომელიც ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე უკრავდა (ის ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა). ამ ერთმა მომენტმა გამომაფხიზლა. ჩემს თავს ვკითხე: 'რას ვაკეთებ?' და ყველა ნარკოტიკი უნიტაზში ჩავრეცხე“.
2022 წელს მედიაში გავრცელდა პაპარაცული ფოტოები, სადაც კარა აეროპორტში უცნაურად და მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა. მოდელმა განმარტა, თუ რა იმალებოდა ამ ფოტოების მიღმა
„იმ პერიოდში ვიღებდი GBL-ს და GHB-ს (ეგრეთ წოდებულ 'გაუპატიურების ნარკოტიკს'), რომ გათიშულიყავი, ხოლო გამოსაფხიზლებლად კოკაინს ვამატებდი. არ ვიცოდი, ეს ნივთიერებები რამდენად დამოკიდებულს ხდიდა ადამიანს. 30 წელი რომ შესრულდა, გადავწყვიტე შემეწყვიტა, თუმცა არ ვიცოდი, რომ სამედიცინო დეტოქსიკაცია იყო საჭირო. კრუნჩხვები (Seizures) დამეწყო... ის ფოტოები გადაღებულია Burning Man-ის ფესტივალზე მომხდარი კრუნჩხვის შეტევისთანავე, როდესაც სამუშაოდ უნდა წავსულიყავი.“
2023 წლის იანვარში კარამ გააცნობიერა, რომ ეს იყო უკანასკნელი განგაშის ზარი. მან სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა და მას შემდეგ სრულიად ფხიზელი ცხოვრებით ცხოვრობს.
„ჩემი პრიორიტეტია გონების სიცხადე, სრული სიფხიზლე და საკუთარი თავის სიყვარული. აღარასდროს მინდა იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. ამაზე გულახდილად საუბარი კი მეხმარება, რომ ისევ იმ ადგილას არ აღმოვჩნდე“, - თქვა მოდელმა.
