5-6 სექტემბერს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე Yoga Festival 2026 გაიმართება - Marao

5-6 სექტემბერს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე Yoga Festival 2026 გაიმართება

2026-08-21 10:20:44+04:00

ორდღიანი ფესტივალი, სადაც იოგა, მოძრაობა, მუსიკა, შემოქმედებითი ვორქშოფები და ფხიზელი გართობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანია. სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის იოგის, მედიტაციის, სუნთქვითი და სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკების გამოცდა. მათთვის კი, ვისაც ცოტა მეტი გამოწვევა და მოძრაობა სურს, გაიმართება აკროიოგას, ხელებზე დგომის, თავზე დგომისა და შპაკატის ვორქშოფები.

Yoga Festival მხოლოდ იოგას პრაქტიკებით არ შემოიფარგლება. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ჰენათი ხელებზე ხატვა, ტაროს გაშლა, ბამბუკის სანათების დამზადება, სამკურნალო მცენარეების გაცნობა, მანდალა თერაპია, ნეიროხატვა და სხვა შემოქმედებითი თუ შემეცნებითი აქტივობები.

განსაკუთრებული პროგრამა ექნებათ ბავშვებსაც. მათთვის გაიმართება ბავშვების იოგა, კარატე, ჰერბარიუმების დამზადება, „შემოქმედებითობანა“ და სხვა თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები. შესაბამისად, ფესტივალზე მოსვლა თავისუფლად შეიძლება მთელი ოჯახით - სანამ მშობლები პრაქტიკებსა და ვორქშოფებს დაესწრებიან, პატარებს საკუთარი სივრცე და პროგრამა დახვდებათ.

საღამოს ფესტივალი მუსიკისა და ცეკვის სივრცედ გადაიქცევა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია Sober Rave - ფხიზელი წვეულება, რომელიც აჩვენებს, რომ თავისუფლად ცეკვისა და გართობისთვის ალკოჰოლი და სხვა ნივთიერებები აუცილებელი სულაც არ არის. ასევე გაიმართება ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის სეტები.

ფესტივალი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე წლებია იოგას მისდევს. არც მოქნილობაა აუცილებელი, არც გამოცდილება და არც იოგას პრაქტიკოსობა - შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ, სცადოთ ის, რაც გაინტერესებთ, აღმოაჩინოთ ახალი პრაქტიკა, იცეკვოთ, დაისვენოთ, შექმნათ რამე საკუთარი ხელით და კარგად გაატაროთ დრო.

ტერიტორიაზე ასევე იქნება ჯანსაღი კვება, დასასვენებელი სივრცეები და მარკეტი.

Yoga Festival 2026 – 5-6 სექტემბერს, ლისზე, Zion Garden-ში.

სრული პროგრამა და ინფორმაცია: yogafest.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

R