ექსკლუზიური ინტერვიუ: „მინდა სავსე, მაგრამ არა გადატვირთული ცხოვრება“ - როგორ გახდა დუა ლიპა ჩვენი დროის მთავარი It-Girl - Marao

ექსკლუზიური ინტერვიუ: „მინდა სავსე, მაგრამ არა გადატვირთული ცხოვრება“ - როგორ გახდა დუა ლიპა ჩვენი დროის მთავარი It-Girl

2026-08-24 16:33:03+04:00

რატომ გვინდა ყველას, ვიყოთ დუა ლიპასნაირები: ექსკლუზიური ინტერვიუ ჩვენი დროის მთავარ It-Girl-თან

აღიარებული პოპ-ვარსკვლავი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლებთან თანამშრომლობს, ამავდროულად არის აქტიური მკითხველი, მოგზაური და აქტივისტი. მან საკუთარი გატაცებები გლობალურ კულტურულ პლატფორმად აქცია. ქორწინებიდან ორი თვის თავზე, Vogue Italia-ს სექტემბრის ნომრის გარეკანის ვარსკვლავი გულახდილად საუბრობს სიყვარულზე, იტალიასთან განსაკუთრებულ კავშირზე, „მანიფესტაციასა“ და მთავარ ფილოსოფიაზე - როგორ იცხოვროს სავსე, მაგრამ არა გადატვირთული ცხოვრებით.

dua

თანამედროვე It-Girl-ის ახლებური გაგება

რას ნიშნავს, იყოთ It-girl დღეს? ეს ტერმინი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და ყოველთვის საკმაოდ მრავალფეროვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ეხებოდა მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს, მსახიობებსა და მოდელებს, რომლებიც ესწრებოდნენ წვეულებებს, ვახშმებსა თუ ღონისძიებებს - იყვნენ ყოველთვის სწორ დროს სწორ ადგილას, ყოველთვის ყურადღების ცენტრში, გაზეთების პირველ გვერდებზე და შეეძლოთ, ეპოქიდან ეპოქამდე ეკარნახათ გემოვნება და სტილი.

  • წლის 3 მთავარი ქორწილი: მდიდრული ფუფუნება სიცილიაში, კინემატოგრაფიული მონაკო და ჰოლივუდის ყველაზე საიდუმლო წყვილი

2014 წელს ალექსა ჩანგმა დაწერა წიგნი „It“, რომელიც სავსე იყო ფოტოებით და ვიზუალურად ხსნიდა ამ ტერმინს - აერთიანებდა უზრუნველობას, წარსულის რელევანტურ დეტალებსა და იმ დროის ესთეტიკას, რომელზეც დიდი გავლენა იქონია მაშინ პოპულარულმა ბლოგ-პლატფორმა Tumblr-მა. თუმცა, ისევე როგორც საზოგადოება და ტრენდები, It-girl-ის დეფინიციაც მუდმივად განიცდის ევოლუციას. დღეს კი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ასახიერებს ამ კონცეფციას, დუა ლიპაა.

მაქსიმიზაციის ხელოვნება, ავთენტურობა და TikTok-ის ტრენდები

TikTok-ზე ვიდეოები წარწერით: „ის coolness-ის დონე, რომლის მიღწევაც მინდა“, სადაც ფონად დუა ლიპას ფოტოები გასდევს, ვირუსულად ვრცელდება და ასობით ათას მოწონებასა თუ ნახვას აგროვებს. კომენტარები სავსეა აღფრთოვანებით: „ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია მჭირდება“; „უბრალოდ ყველაზე მაგარი ადამიანი დედამიწაზე“.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დუა ლიპა სრულყოფილად ფლობს იმას, რაც დანარჩენზე ახდენს გავლენას: ყველაფრის მაქსიმიზაციის ხელოვნებას, რაც უყვარს - თანაც სრულიად გულწრფელად. მას არ ეშინია საკუთარი იდეებისა და გემოვნების გაზიარების, ისევე როგორც საკუთარი ავთენტური პიროვნების გამოჩენის.

dua-lipa

„Training Season“ დასრულებულია: ზღაპრული ქორწილი სიცილიაში

TikTok-ზე ახალგაზრდები მუხლმოდრეკილები მღერიან მისი ჰიტის, Training Season-ის ფონზე, თითქოს ეს ლოცვა იყოს. „ფრთხილად უნდა ვიყო იმასთან, რასაც ვნატრობ - თითქმის ყოველთვის მიხდება ხოლმე“, - არაერთხელ უთქვამს მომღერალს. ამ სიმღერაში მან გამოხატა უნივერსალური სურვილი: ნამდვილი სიყვარულის პოვნა. და მან ეს შეძლო - რეკორდულ დროში.

  • ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე მსოფლიო ვარსკვლავის გვერდით: ქართველი კალათბურთელის ფოტოები დუა ლიპასთან ერთად

Training Season 2023 წელს დაიწერა და 2024 წლის დასაწყისში გამოვიდა, როგორც ალბომ Radical Optimism-ის მეორე სინგლი. იმავე წლის ივლისში დუამ ოფიციალურად დაადასტურა ურთიერთობა მსახიობ კალუმ ტერნერთან, რომელიც ზუსტად ორი წლის შემდეგ მისი ქმარი გახდა.

„ქორწინების დღე ჯადოსნური იყო“, - გვიყვება პოპ-ვარსკვლავი ღიმილით. „უამრავი რჩევა მოგვცეს, მაგრამ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ორი გაგვეთვალისწინებინა: გვეცხოვრა იმ დღეს ისე, თითქოს ჩვენც სტუმრები ვიყავით (ნაკლები ნერვიულობითა და მეტი გართობით) და ხალხში ერთმანეთი მუდმივად გვეძებნა, თვალთახედვიდან არ დაგვეკარგა. ამგვარად, მართლაც უამრავი საერთო მოგონება შევქმენით“.

ლონდონში სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ, სამდღიანი საქორწილო ზეიმისთვის წყვილმა პალერმო აირჩია.

dua

იტალია - სიმშვიდისა და ჰარმონიის ადგილი

დუა ლიპას იტალიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს: იტალიელები არიან მისი საუკეთესო მეგობრები და იტალიაშივე გადის მისი „მშვიდობის ხაზი“.

„ჩემი ასტროლოგი ასევე ექსპერტია ასტროკარტოგრაფიაში (ასტროლოგიის ტექნიკა, რომელიც დაბადების რუკის პლანეტარულ ხაზებს მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკაზე პროეცირებს). იმის გაგება, რომ იტალია არის ადგილი, სადაც სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვპოულობ, ჩემთვის დასტურივით იყო“.

მისი თაფლობის თვის ფოტოები (ამალფის სანაპიროზე, რომსა და სიცილიაში) სწორედ ამ სიმშვიდესა და რელაქსაციას ასახავს. ხოლო ფოტო, სადაც დუა ხალათში გამოწყობილი ხტება საწოლზე, შვებულების ესთეტიკის კვინტესენციაა.

როდესაც ვეკითხებით, როგორ ახერხებს Instagram-ზე 88 მილიონი გამომწერის ფონზე ასეთი გულწრფელობის შენარჩუნებას, ის გვპასუხობს: „ზუსტად ვიცი, რა გავაზიარო სოციალურ ქსელებში და რა დავიტოვო ჩემთვის. როდესაც რამდენიმე დღე არაფერს ვაქვეყნებ, ხანდახან მემართება posting anxiety. ასეთ დროს უბრალოდ ვარჩევ ფოტოებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს, ვაქვეყნებ ფიქრის გარეშე და აპლიკაციიდან გამოვდივარ“.

მან ასევე აღნიშნა იტალიური კულტურისადმი სიყვარული: „მიყვარს ნაპოლი და იტალიური სტილი. ისეთი ლეგენდარული ფიგურები, როგორებიც არიან მინა და რაფაელა კარა, უდიდეს გავლენას ახდენენ ჩემს შთაგონებაზე“. თავისი ბოლო ტურნეს დროს, მილანში, მან სწორედ რაფაელა კარას ჰიტი A far l’amore comincia tu შეასრულა.

dua-lipa

ფესვები, ოჯახი და ლონდონური ოცნება

ეს ენერგია და ცხოვრებისადმი სიყვარული დუამ მშობლებისგან ისწავლა. მისი მშობლები, კოსოვოელი ალბანელები (დედა ანესა და მამა დუკაგჯინი), 1992 წელს ლონდონში გადავიდნენ ომისგან თავის დაღწევის მიზნით. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ოჯახი პრიშტინაში დაბრუნდა.

თუმცა, მომღერლობის სურვილი დუასთვის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა:„ორენოვანი ვარ, კოსოვოში ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლონდონს - ქალაქს, სადაც დავიბადე - მეტი შესაძლებლობის მოცემა შეეძლო. ასე რომ, 15 წლის ასაკში უკან მარტო დავბრუნდი. მშობლებმა მენდნენ და ირწმუნეს ჩემი. თუ მანამდე უბრალოდ მეგობრები ვიყავით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ“.

სკოლის დასრულების შემდეგ მან ერთწლიანი პაუზა აიღო, მიმტანად მუშაობდა და პარალელურად ყველგან გზავნიდა თავისი სიმღერების დემო-ვერსიებს. იმავე პერიოდში, 2018 წელს, ლიპას ოჯახმა დააფუძნა Sunny Hill Festival - მუსიკალური ფესტივალი კოსოვოს კულტურული სცენის წარმოჩენისთვის, რამაც დუას 2025 წელს კოსოვოს საპატიო მოქალაქეობაც მოუტანა.

სტილის ხატება, ლორონცო პოსოკო და მოდური ექსპერიმენტები

17 წლის ასაკში დუამ გაიცნო სტილისტი ლორონცო პოსოკო. „ჩემთვის ის ოჯახია“, - ამბობს დუა. „ჩვენი შემოქმედებითი ენა უნიკალურია. ჩემი სტილი ხანდახან მაქსიმალისტურია და ყოველთვის ექსპერიმენტული, ლორონცოსთან ერთად კი სამოსის პრაქტიკულ მხარეზეც ვფიქრობთ, რადგან სცენაზე საათობით მიწევს ენერგიული მოძრაობა“.

მათი კოლაბორაციის ბრწყინვალე მაგალითია ბოლო ტურნეს ლუქები: Valentino-ს მაქმანებიანი კომბინეზონი, Balenciaga-ს პალტო Union Jack-ის სარჩულით და Chanel-ის კორსეტი, რომელიც 1992 წელს კრისტი ტარლინგტონის მიერ მორგებული სამოსის შთაგონებით შეიქმნა.

გარდა ამისა, მან დონატელა ვერსაჩესთან ერთად შექმნა Versace-ს კოლექცია La Vacanza, ხოლო საკუთარ ქორწილში Schiaparelli-ს, Bottega Veneta-სა და Chanel-ის სამოსი მოირგო.

მისი ვიზუალური ტრანსფორმაციებიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრაგმატული ვარ და დროის კარგვა არ მიყვარს - ბოლოს და ბოლოს, ლომი ვარ - მიყვარს თმით თამაში, თუმცა ეს ცვლილებები დიდ მოვლას მოითხოვს. ვიყავი ქერაც, წითურიც, მოკლე თმითაც, მაგრამ ამ გრძელი, მუქი თმით ყველაზე მეტად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან ჰარმონიაში“.

dua-lipa

Service95: კითხვა, წიგნის კლუბი და აქტივიზმი

დუა ლიპას ინტერესები მუსიკით არ შემოიფარგლება. კითხვისა და მოგზაურობის სიყვარულმა ის მიიყვანა გლობალური პლატფორმის - Service95-ის შექმნამდე.

„ტელეფონის ხელში აღებას ყოველთვის წიგნის გადაშლა მირჩევნია“, - აღიარებს ის. მან შექმნა პოპულარული წიგნის კლუბი და პოდკასტი, სადაც ისეთ ავტორებს მასპინძლობს, როგორებიც არიან ზადი სმიტი, ოუშენ ვუონგი, მედლინ კეში და როქსან გეი.

Service95-ზე ცალკე არხი ეთმობა აქტივიზმსაც, სადაც ის ჰუმანიტარულ კრიზისებზე, ქალთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე ამაღლებს ცნობიერებას: „მჯერა, რომ ყველა თაობას თავისი გამოწვევა აქვს, ხოლო ფემინიზმზე დისკუსია მუდმივად ვითარდება. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“.

მთავარი ფილოსოფია: „Voglio una vita full but not busy“

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ამდენი სფეროს შეთავსებას, დუა პასუხობს, რომ სამუშაოს, ჰობისა და ოჯახს შორის ბალანსის პოვნა ეხერხება: „იღბლიანი ვარ, რადგან გვერდით მყავს ადამიანი, ვისაც ჩემსავით უყვარს შრომა. ერთმანეთის გვესმის და მხარს ვუჭერთ. თავშესაფარს და სახლს ვგრძნობ ყველგან, სადაც კალუმია“.

მან ჩამოაყალიბა თავისი ცხოვრების მთავარი ფილოსოფიური მანტრა: „Voglio una vita full but not busy“ („მინდა სავსე, მაგრამ არა გადატვირთული ცხოვრება“).

„ჭეშმარიტი წარმატება უკავშირდება იმ ცხოვრებას, რომელსაც ამ წარმატების ირგვლივ ვაშენებთ“, - დასძენს ის.

თუ ადრე შთაგონებას გულგატეხილობასა და სიყვარულის ძიებაში პოულობდა, ახლა, როდესაც დაქორწინებულია, სურს აღმოაჩინოს, რა ხდება მას შემდეგ, რაც სიყვარულს იპოვი: „მინდა გავარკვიო, რა ხდება მაშინ, როდესაც სიყვარულს მართლაც იპოვი. მაინტერესებს ურთიერთობის ყოველდღიური კომპლექსურობა, მისი შედარებით მშვიდი მომენტები და პატარა დეტალები“.

მოკლედ, დუა ლიპასთვის Training Season ნამდვილად დასრულებულია.

dua-lipa

ტექსტი აერთიანებს როგორც სარედაქციო მიმოხილვას, ისე თავად დუა ლიპას ვრცელ ინტერვიუს Vogue Italia-სთვის (2026 წლის სექტემბრის ნომერი)