ზაფხულის ცხელი დღეების, რუჯის, ზღვის მარილისა და აუზის ქლორიანი წყლის შემდეგ, კანის სტრუქტურა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. აგვისტოს მიწურულს ბევრი ამჩნევს, რომ კანი გამომშრალია, ტექსტურა - უსწორმასწორო, ხოლო სახეზე შესაძლოა მზისგან გამოწვეული პიგმენტური ლაქებიც კი გაჩნდა.
შემოდგომაზე გადასვლა საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ კანს დაკარგული ტენიანობა და ელასტიკურობა დავუბრუნოთ. გთავაზობთ 3 ოქროს წესს, რომლებიც დაგეხმარებათ, ზაფხულის შემდგომი დაზიანებები სწრაფად აღადგინოთ და კანი გრილი სეზონისთვის იდეალურად მოამზადოთ.

ზაფხულის ულტრაიისფერმა სხივებმა კანის დამცავი დამცავი ბარიერი (Lipid Barrier) დააზიანა, რის გამოც უჯრედები ტენიანობას სწრაფად კარგავენ. შემოდგომის დასაწყისში მთავარი ამოცანა კანის სიღრმისეული დატენიანებაა.
რით ჩავანაცვლოთ მსუბუქი გელები: ზაფხულის თხელი ტექსტურები შეცვალეთ უფრო მდიდარი, ლიპიდებითა და კერამიდებით (Ceramides) მდიდარი კრემებით.
მთავარი ინგრედიენტები: ეძებეთ ჰიალურონის მჟავა, ნიაციინამიდი, ექტოინი და მცენარეული ზეთები (მაგალითად, ჟოჟობას ან ასკილის ზეთი).
დერმატოლოგიაში ახლა განსაკუთრებით პოპულარულია „Skin Barrier Repair“ (კანის ბარიერის აღდგენის) კონცეფცია. Rhode-ის Pepting Fluid-ი ან SVR-ის და La Roche-Posay-ს კერამიდებიანი ბალზამები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ კანს დაზიანებული დამცავი ფენა უმოკლეს ვადაში აღუდგეს.
მზის სხივები ხშირად ტოვებს პიგმენტურ ლაქებსა და კანის უსწორმასწორო ტონს. ამ დროს პირველი სურვილი ხშირად აგრესიული სკრაბების გამოყენებაა, რაც დიდი შეცდომაა.
უარი თქვით უხეშ სკრაბებზე: მექანიკურმა ნაწილაკებმა შეიძლება კანი კიდევ უფრო გააღიზიანოს.
გადადით AHA და BHA მჟავებზე: კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ ნაზი მჟავური პილინგი (მაგალითად, რძემჟავა ან გლიკოლის მჟავა). ისინი ნელ-ნელა აშორებენ მკვდარ უჯრედებს და კანს ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებენ.
C ვიტამინის ძალა: დილის რუტინაში C ვიტამინის შრატის ჩართვა დაგეხმარებათ პიგმენტაციის გაუფერულებასა და კოლაგენის გამომუშავებაში.

შემოდგომა იდეალური დროა იმისთვის, რომ რუტინაში ისეთი ძლიერმოქმედი კომპონენტები დავაბრუნოთ, რომელთაც ზაფხულში ვერიდებოდით.
დააბრუნეთ რეტინოლი: თუ ზაფხულში რეტინოლის (ვიტამინი A) გამოყენება შეაჩერეთ, სექტემბერი მისი დაბრუნების საუკეთესო პერიოდია. ის აჩქარებს უჯრედების განახლებას, ებრძვის წვრილ ნაოჭებსა და ტექსტურას. დაიწყეთ დაბალი პროცენტულობით და კვირაში 2-ჯერ გამოყენებით.
მზისგან დამცავი (SPF) არ გადადოთ: მთავარი მითია, რომ მოღრუბლულ ამინდში SPF საჭირო არ არის. UVA სხივები ღრუბლებშიც აღწევს და აჩქარებს დაბერების პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რუტინაში მჟავებსა და რეტინოლს იყენებთ.
შემოდგომის რუტინაზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ნუ დაამატებთ ყველა ახალ პროდუქტს ერთდროულად. მიეცით კანს 1-2 კვირა ადაპტაციისთვის, უსმინეთ მის საჭიროებებს და შედეგად მიიღებთ ჯანსაღ, ბზინვარე და ტენიანობით სავსე კანს, რომელიც მზად არის გრილი სეზონის გამოწვევებისთვის.