ტელეწამყვანმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა ინტერნეტსივრცეში მისი მისამართით გაჟღერებული შეურაცხყოფის გამო სასამართლოს მიმართა.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. სასამართლომ მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და მას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა:
„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“, - წერს ბეგაშვილი.

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
საღამო ლეგენდარულ Villa Balbiano-ში შედგა, რომელსაც კომოს ტბის 16-ე საუკუნის მარგალიტს უწოდებენ.

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.