ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ გადაცემა Speak Easy-ში სტუმრობისას ტელევიზიიდან წასვლის მიზეზებსა და კარიერულ კრიზისზე ღიად ისაუბრა. ტელესახის თქმით, ცვლილებების საჭიროებას დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა, რადგან საკუთარ საქმიანობაში სტაგნაციის ეტაპი ედგა.
"სანამ წამოვედი ტელევიზიიდან, პროდიუსინგი შემომთავაზეს. არ ვიცი, მგონი არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია. წამოსვლაზე ისედაც ვფიქრობდი, რადგან ძალიან დიდი პიროვნული და პროფესიული კრიზისი მქონდა, თითქოს სტაგნაციაში ვიყავი, წინ აღარ მივდიოდი და გადაწყვეტილებაც უკვე დიდი ხნის მიღებული მქონდა, რომ რაღაც მიმეტოვებინა, სიახლე ყოფილიყო და ახალი საქმე მეკეთებინა.
რაც შეეხება კადრს მიღმა გადასვლას, შემომთავაზეს, ამას ასე აღვიქვამ, არ ვიცი შეიძლება ვიღაცამ ამპარტავნულად ჩამითვალოს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ კადრს მიღმა გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მიმაჩნდა, რომ კვლავ კადრში უნდა ვყოფილიყავი და ისე მესაუბრა, როგორც საჭიროდ ვთვლიდი.
ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, რადგან ძირითად შემთხვევებში არსებული კონტენტი არ მომწონს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო YouTube-ს ვადევნებ თვალს, რადგან მაინტერესებს რა ხდება, ვინ რას აკეთებს და როგორი ტენდენციებია. დასავლური ტენდენციები ჩვენთან უფრო გვიან შემოდის, ამიტომ უცხოენოვან არხებსაც ვუყურებ.
ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ. მე მაინც მილენიალი ვარ და სულ მაქვს კარგი გადაცემების, შოუებისა თუ მუსიკალური პროექტების ყურების მოთხოვნილება. თუმცა მგონია, რომ რაც ახლა გადის, თითქოს უკვე ყველაფერი ნანახი მაქვს. მთავარი მიზეზი კი, რატომაც ვერ ვუყურებ ტელევიზორს, არის ის, რომ ყველაფერს ძალიან პროფესიული თვალით აღვიქვამ და უბრალოდ ვიღლები იმის გაანალიზებით, თუ რა ხდება კადრს მიღმა," - ამბობს გვანცა.

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა.
"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.
ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად.
"ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება. ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.
გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.