"როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი“ - ეკო ფანგანის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი“ - ეკო ფანგანის გულახდილი ინტერვიუ

2026-09-01 10:35:44+04:00

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გადაცემა „კულინარიული დუელის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ოჯახურ ურთიერთობებზე, სვანურ ფესვებსა და ტრადიციულ აღქმაზე გულახდილად ისაუბრა.

"ერთი ბებია და ბაბუა — ფანგანები — რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის პირდაპირ ცხოვრობდნენ. ჩვენი სახლის ერთ-ერთი ოთახი — დედაჩემის და მამაჩემის ოთახი — სხვათა შორის, ცნობილი მანანა ორბელიანის სალონი იყო, სადაც დიდი ქართველები იკრიბებოდნენ. საზოგადოებამ ნიკოლოზ ბარათაშვილიც პირველად სწორედ იქ გაიცნო. იმ დროინდელი იყო იქ ყველაფერი... საოცარი და ნოსტალგიური სახლი მახსენდება.

მეორე ბებია და ბაბუა ვაკეში, ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ბაბუა უნივერსიტეტის დეკანი იყო და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ამხანაგობის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა — იმავე სახლში, რუსთაველზე — და ბაბუაჩემიც აქ ცხოვრობდა, მამას სვანეთში სულ დავყავდით ყოველ ზაფხულს. ჩვენ „სვანი სვანები“ ვართ. „სვანი სვანი ვარ“ — ეს სხვა რამეს ნიშნავს; სვანი მიხვდება. მამაჩემმა, მაგალითად, ძალიან ძველი და სუფთა სვანური იცის, მეც ასე თუ ისე ვისწავლე. ვგიჟდები, მართლა ძალიან მიყვარს და ახლა ვაგრძელებ ამ ტრადიციას.

მამაჩემს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს (ბევრს თქვენც კარგად იცნობთ). იმ დროინდელ, შედარებით პატარა თბილისში, რამდენიმე უბნიდან (ვერაზე, მთაწმინდაზე და ა.შ.) ყველა ეს ხალხი სვანეთში დადიოდა. მამაჩემს დაჰყავდა ისინი და ეს სიყვარული თავის მეგობრებსაც გადასცა.

ექვსი ძმისშვილი მყავს, ოთხი — ბიჭი. როგორი მამიდა ვარ? „დედა-მამიდა“ ვარ! ეს სიტყვა ლექსიკონში შევიტანე. ზოგადად, პატრიოტი ტიპი ვარ, მით უმეტეს, სვანეთზე ვგიჟდები. ჩავდივარ იქ, ნათესავებს ვნახულობ — ვინმეს რამე ხომ არ სჭირდება... არა მხოლოდ ჩემი ძმისშვილების, გამოდის, რომ ყველას მამიდა მე ვარ.

ერთ-ერთი ჩვენი ახლო ნათესავი, მურად ფანგანი, მიყურებს და ძალიან დანანებით ამბობს: „რა ბიჭი დავკარგეთ სვანებმა!“ ანუ, მე რომ გოგო გავჩნდი... ვკითხე: „გოგო რომ გავჩნდი, რა დაგაკელით-მეთქი?“ — „მაინც ბიჭი უფრო მნიშვნელოვანიაო“. ასე გამოვიდა.

მე ვფიქრობ, რომ სვანური ხასიათის მთავარი შტრიხი სიმტკიცეა. პირველ რიგში — საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულება. ყველა ადამიანი თავისი საქციელითა და სიტყვით იზომება. პირველად იყო სიტყვა. ნამდვილად ასეა. თუ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სწორია, რასაც ვიტყვი, იმას აღარ გადავუხვევ. შესაბამისად, ეს ხასიათის სიმტკიცეა...

წუნია არ ვარ, უბრალოდ დრო არ არის! ჩემს ნაჭუჭში კარგად ვზივარ. სხვათა შორის, ძმისშვილებზე რომ მკითხეთ, როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი. მათთან ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემთვის მართლა... ვერც ავხსნი.

ყველაფერი მათთან ერთად მინდა. კახეთშიც ერთად დავდივართ ხოლმე დასასვენებლად. ექვსივესთან ერთად ყოველთვის ვერ ვახერხებ, ხან შუა სამთან ერთად მივდივარ, მაგრამ პატარებიც იზრდებიან და უკვე ექვსივესთან ერთად ვიქნები.

eko-pangani

  • ეკო ფანგანის მიმართვა: "ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს, ხომ გავერთიანდით ახლა..." 

ეკო ფანგანის კარიერა და ოჯახი 

ეკო ფანგანმა კარიერული გზა სრულიად განსხვავებული სფეროდან დაიწყო: 

"ტელევიზიისგან სრულიად განსხვავებული სფერო ავირჩიე - თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სხვათა შორის, მთელ კურსზე ყველაზე მაღალი ქულებით მე ჩავირიცხე. მშობლები არც ჩარეულან, ისე ავირჩიე ეს სპეციალობა და უნივერსიტეტშიც ისე ჩავაბარე. ისინი არასდროს მაკონტროლებდნენ, თუმცა დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა, ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. დღესაც არ ვიცი, ვისგან და როგორ იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მზრუნველი და კარგი მშობლები მყავდა, მე უფრო ბებია-ბაბუასთან ყოფნა მომწონდა, მათთან ვიზრდებოდი და ისინი განსაკუთრებით მიყვარდა.

  • რამდენი წლისაა სინამდვილეში ეკო ფანგანი? "იმედია, 54 წლისაც ასე ვიქნები და 75 წლის ასაკშიც..." 

ალბათ ამიტომ, ძალიან დამოუკიდებელი ბუნების ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა და იქ ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემი ბებია-ბაბუები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მათი ამაგი არასდროს დამავიწყდება. ჩემი ბაბუა, სერგო ფანგანი საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთი დამსახურებული, მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო იყო. 1945 წლის შემდეგ, ის ორი წლით დატოვეს ბერლინის კომენდანტად. ჩემს თვალში ნამდვილი გმირი იყო.

ძალიან დიდი ნათესაობა გვყავს, ბაბუას თავისი ახლობლები და ოჯახის წევრები აქ ჩამოჰყავდა და ასწავლიდა. მახსოვს, რომ მთელი სვანეთი სტუდენტობის წლებში ჩვენს სახლში ცხოვრობდა.ისინი ჩვენს ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ და ნათესაური კავშირები დღემდე შენარჩუნებული გვაქვს. განსაკუთრებით მიყვარდა მეორე ბაბუა - შალვა მიქაძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი იყო. თუ ვინმემ რაიმე მასწავლა, სწორედ ის იყო. მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან მიყვარს სპორტი. ჰოკეით დაწყებული, ფეხბურთის ჩათვლით, ბაბუა ყველაფერს მაყურებინებდა. სწორედ მან შემაყვარა პოეზია და ლიტერატურაც. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო და მისგან გამოყოლილი სიყვარული დღემდე გულს მითბობს!" - იხსენებს ის. 

  • VIDEO: "2003 წელს ჩვენებაზე, ქერა, მოკლე თმით..." - როგორ გამოიყურებოდა ეკო ფანგანი 22 წლის წინ 

რა გზა გაიარა მან ტელევიზიამდე, ამაზე არაერთხელ უსაუბრია:

"სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე.

მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე – ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში", - ამბობდა ეკო ფანგანი.